რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერი" აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსმა" ვერ შეძლო ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩატარებულ მეოთხე მატჩში "ოკლაჰომას" დამარცხება, მით უმეტეს, რომ მასპინძლები კარმელო ენტონის გარეშე თამაშობდნენ. "თანდერი", რომელმაც ბოლო შვიდი გასვლითი მატჩიდან ხუთი წააგო, 2010 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ჩავიდა ნიუ იორკში სათამაშოდ.

მელოს არყოფნა იგრძნობოდა, მაგრამ პირველ სამ მეოთხედში მას წარმატებით ცვლიდა ჯეი არ სმიტი, რომელმაც, საბოლოოდ, 36 ქულა დააგროვა. მისი სახით, "ნიუ იორკის" უკანა ხაზი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ წინა ხაზზე "ნიქსს" გაუჭირდა, რადგან ფარქვეშ ბატონობდა სერჟ იბაკა. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა, რომ
ამარე სტაუდმაიერმა
თითქმის მთლიანად ჩააგდო მატჩი - თამაშიდან 16-დან მხოლოდ ხუთი ტყორცნა გამოიყენა.

რაც შეეხება "ოკლაჰომას" დამრტყმელ დუეტს, უესტბრუკმა კარგად დაიწყო მატჩი, მაგრამ შემდეგ სამ მეოთხედში ძალიან ცუდად ისროდა, სამაგიეროდ, სნაიპერული თვისებები გამოავლინა კევინ დურანტმა, რომელმაც მარტო მეოთხე მეოთხედში 12 ქულა დააგროვა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის 12 შეცდომა, რომელიც "თანდერის" ლიდერებმა დაუშვეს.

რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, ბოლო წამებამდე ბრძოლა იყო. მატჩის ბოლო 10 წუთი არც ერთ გუნდს არ ჰქონია ორ ქულაზე დიდი უპირატესობა და საბოლოოდ, ჯეი არ სმიტს შეეძლო გამარჯვება მოეტანა თავისი გუნდისთვის, მაგრამ მეტად რთული საშუალო ტყორცნა ააცილა. ამ მომენტში "ნიქსს" ყველაზე მეტად დააკლდა კარმელო, რომელიც ასეთი სიტუაციების სპეციალისტი გახლავთ.

* * *
ბრწყინვალე ტემპი აქვს აკრეფილი "დენვერს", რომელიც არ იმჩნევს მასთან სტუმრად ჩასული გუნდების წინააღმდეგობას. "ნაგეტსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, შინ გამარჯვებათა სერია კი უკვე 12 მატჩს აღწევს.

ჯორჯ კარლის გუნდის მორიგი მსხვერპლი გახდა "კლიპერსი", რომელსაც ამ მატჩში აკლდა ჯამალ კროუფორდი. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მას მოეხერხებინა მესამე მეოთხედში "დენვერის" ფანტასტიკური სპურტის (20:4) შეჩერება, რომლის შემდეგაც, შეხვედრას ფაქტობრივად აზრი დაეკარგა.

"კლიპერსმა" მაინც სცადა მატჩის ბედის შემოტრიალება, მაგრამ ტაი ლოუსონი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ფანტასტიკური თამაში აჩვენა. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს "ნაგეტსის" რეზერვისტებმა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იგუოდალამ. მან აქტიური მეურვეობით გააწამა "კლიპერსის" ლიდერი კრის პოლი, რომელიც ჩვეულად ვეღარ უძღვებოდა თავისიანების თამაშს.

კოლორადოელებმა 33 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს და 10 დაფარებაც მიითვალეს, ამასთან, 47-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს სამქულიანები. 2013 წელს, "დენვერმა" მხოლოდ ორი შეხვედრა წააგო შინ ("ვაშინგტონთან" და "მინესოტასთან"), "კლიპერსის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია კი დასასრულს მიუახლოვდა.

ნიუ იორკი-ოკლაჰომა 94:95
26:35, 30:24, 25:16, 13:20
ნ-ი: სმიტი (36+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (16+8 მოხსნა), ფელტონი (16), ჩენდლერი (9+10 მოხსნა), კიდი (0+10 მოხსნა).
ო: დურანტი (34+8 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (21+6 მოხსნა+5 პასი), მარტინი (16), იბაკა (12+9 მოხსნა+5 დაფარება).

დენვერი-კლიპერსი 107:92
27:25, 22:24, 36:26, 22:17
დ: ლოუსონი (21+6 მოხსნა+11 პასი), გალინარი (20+6 მოხსნა+6 პასი), იგუოდალა (14+7 პასი), ჩენდლერი (12+5 პასი), მილერი (12), ფარიდი (11+10 მოხსნა+4 დაფარება), ბრიუერი (11).
კ: ბარნსი (19), გრიფინი (17), პოლი (16+10 პასი), ოდომი (8+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეგულარული ჩემპიონატი: ამბები "ლეიკერსიდან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული