საკრამენტო
გასულმა სეზონმა "მეფეებს", როგორც იქნა, ნათელი მომავლის იმედი ჩაუსახა. დრაფტის მეოთხე ნომერმა ტაირიკ ევანსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და კალიფორნიელთა მრავალი წლის იმედი გახდა. მეორეს მხრივ, გუნდმა მხოლოდ 25 მატჩი მოიგო, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგალითისთვის, სამი წლის წინ "ოკლაჰომამ" (მაშინ ჯერ კიდევ "სიეტლმა") კევინ დურანტისა და ჯეფ გრინის სადებიუტო სეზონში მხოლოდ 20 გამარჯვებას მიაღწია.
ზაფხულში
"კინგზის" ძლიერი მხარეა - წინა ხაზი. ლენდრი, ტომპსონი, დალემბერი, კაზინსი - ასეთი შეტევა ლიგაში ბევრს არ ჰყავს, ამიტომაც სამწვრთნელო შტაბი უახლოეს მომავალში აქცენტს "მაღლებზე" გადაიტანს, რომლებსაც უკნიდან ევანსი დაეხმარება.
"საკრამენტოსთვის" ჯერ ნაადრევია პლეი ოფზე ფიქრი. გუნდი კვლავაც მშენებლობის პროცესშია და თუ ის კონფერენციის ათეულში შესვლას მოახერხებს, ესეც დიდ წარმატებად ჩაითვლება.
გოლდენ სტეიტი
გასულ სეზონში "მეომრებს" წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონიათ და ამაში დამნაშავე სხვადასხვა ფაქტორი იყო: მწვრთნელისა და სტივენ ჯექსონის კონფლიქტი, ენტონი რენდოლფის, კელენა აზუბუიკესა და ანდრის ბიედრინშის ტრავმები... ოკლენდელი გულშემატკივრებისთვის ერთადერთი სასიამოვნო მომენტი იყო ახალბედა სტივენ კარის პროგრესი.
ზაფხული კალიფორნიელებმა იმით დაიწყეს, რომ მფლობელი შეიცვალეს, ამას კი მთავარი მწვრთნელის დონ ნელსონის შეცვლა მოჰყვა. რაც შეეხება შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებს, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ტრეიდი დევიდ ლის მონაწილეობით. "ნიქსის" ყოფილმა ცენტრმა შარშან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და "გოლდენ სტეიტს" ძალიან გამოადგება. საინტერესო იქნება ჯერემი ლინზე დაკვირვება. ეს კალათბურთელი დრაფტზე არ აურჩევიათ, მაგრამ სკაუტებმა მასში პერსპექტივა დაინახეს. სხვათა შორის, საზაფხულო ლიგაში ლინი თვით დრაფტის პირველ ნომერ ჯონ უოლს ამარცხებდა.
ამჟამად "მეომრებს" ნელსონის ასისტენტი კიტ სმარტი ავარჯიშებს, ამიტომაც თამაშის სურათის შეცვლას არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც, არ არის მოსალოდნელი შესამჩნევი პროგრესი პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში.
კლიპერსი
"კლიპერსმა" არ დაარღვია ტრადიცია და ვერც შარშან მოხვდა პლეი ოფში - ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეაღწია საპლეიოფო ზონაში. "კლიპერსის" პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სეზონის წინ მთელი წლით დაშავდა დარფტის პირველი ნომერი ბლეიკ გრიფინი.
ახლა ეს კალათბურთელი მწყობრშია და მისი წყალობით, "კლიპერსი", ალბათ, აღარ იქნება ყველასთვის მიერ დასაცინი ობიექტი. თანაც გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ვინი დელ ნეგრო. მართალია, მას "ჩიკაგოში" ბევრი არაფერი გამოუვიდა, მაგრამ კადრებიც არ ჰყავდა ისეთი, რომ დიდი წარმატებისთვის მიეღწია.
სატრანსფერო ბაზარზე გუნდი არც ისე აქტიური იყო. ახალწვეულები - რენდი ფოიე და რაიან გომესი ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ თავისი საქმის ღირსეულად კეთება შეუძლიათ. თუმცა წასულების სიაც არ არის მაინც და მაინც მასშტაბური, ასე რომ, ჯერ უცნობია გაძლიერდა თუ დასუსტდა გუნდი.
ასე თუ ისე, "კლიპერსს" პლეი ოფში ჯერ არაფერი ესაქმება. ამ სიტუაციაში ყველაფერი ახალი მწვრთნელის მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ დელ ნეგრო გახდეს ის ადამიანი, ვინც გუნდს იმ ჯადოს ახსნის, რომელიც დაარსების დღიდან ადევს კალიფორნიულ კლუბს.
ფინიქსი
შარშან მთავარ მწვრთნელად ელვინ ჯენტრის მიწვევამ ასი პროცენტით გაამართლა. გარდა იმისა, რომ "სანზმა" რეგულარული ჩემპიონატი სენსაციურად პირველ სამეულში დაასრულა, პლეი ოფში მძიმე დარტყმა მიაყენა "სან ანტონიოს" და კინაღამ ფინალური სერიის მონაწილე გახდა.
მაგრამ ახალი სეზონის წინ "ფინიქსი" ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი გახდა, რომელმაც უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა. როგორც არ უნდა ეცადოს კლუბის ხელმძღვანელობა, მაინც ვერ შეძლებს ამარე სტაუდმაიერის სრულფასოვნად შეცვლას. ახლა "სანზში" აღარ დარჩა კალათბურთელი, რომელიც სტაბილურად შეუტევს სამწამიანი ზონიდან. ასევე მტკივნეული იყო ლუ ამუნდსონის დაკარგვა, რომელიც შესანიშნავად ასრულებდა სათადარიგო ცენტრის ფუნქციებს. წავიდა ბოლო წლებში "სანზის" უცვლელი "მეექვსე ნომერი" - ლეანდრო ბარბოზა.
რაც შეეხება შევსებას, აქ პირველ რიგში ჰედო თურქოგლუს ფიგურაა გამოსაყოფი. ორი წლის წინ თურქი შეუდარებელი იყო "ორლანდოში", სამაგიეროდ, შარშან "ტორონტოს" წარუმატებლობების მთავარ მიზეზად გამოაცხადეს. ამიტომაც საინტერესო იქნება "ფინიქსში" მისი თამაშის ხილვა. წესით, ჰედომ უნდა გაანთავისუფლოს სტივ ნეში "შავი" სამუშაოსგან. სტაუდმაიერის შემცლელად ჰაკიმ უორიკი მიიწვიეს, თუმცა ექს-მემფისელი არ არის ის კალათბურთელი, რომელიც დამატებით ელფერს შესძენს გუნდის შეტევას. იგივე ითქმის ჯოშ ჩილდრესზე. შესაძლოა, ის "ოლიმპიაკოსში" ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ აქ რაიმე განსაკუთრებული როლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება ეპოქა, როცა "ფინიქსის" თამაში ყველას სიამოვნებას ანიჭებდა. ამჯერად ამ გუნდს პლეი ოფში მოხვედრასაც წარმატებად ჩაუთვლიან.
ლეიკერსი
ზაფხულში მოქმედმა ჩემპიონმა უახლოესი რეზერვის განახლება გადაწყვიტა. სამკუთხა შეტევისთვის გამოუსადეგარ ფარმარს "ლეიკერსმა" სისტემისთვის საჭირო სტივ ბლეიკი ამჯობინა. ასევე აღსანიშნავია მინიმალურ თანხად მეტ ბარნსის ხელში ჩაგდება, რომელიც რონ არტესტთან ერთად პერსოეალური დაცვის კარგ დუეტს შექმნის. გარდა ამისა, კალიფორნიელებმა ვეტერანი ტეო რატლიფი გადაიბირეს, რომლის სათამაშო დროს პირდაპირ იქნება დამოკიდებული ენდრიუ ბინუმის ჯანმრთელობაზე.
ყურადღებას იპყრობს დრაფტზე გაწეული სამუშაო. დევინ იბენქსში ბევრი ახალ ტრევორ არიზას ხედავს. იბენქსის მონაცემები პრაქტიკულად იდენტურია იმასთან, რომლითაც არიზა "ლეიკერსში" გადავიდა. მაღალი დერიკ კერეკტერი საზაფხულო ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა, ამიტომაც ეჭვი არ გვეპარება, რომ ფილ ჯექსონი მას აუცილებლად მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.
ჯექსონს ტიტულის ზედიზედ სამჯერ მოგება სჩვევია - ასე იყო "ჩიკაგოში" (ორჯერ) და "ლეიკერსში" (ერთხელ), თანაც მწვრთნელს სწორედ მესამე ტიტულის მოპოვება უჭირდა ყველაზე მეტად. ამჯერადაც ასე იქნება და მიზეზი ლიდერთა ჯანმრთელობა, ახალბედების შეუთამაშებლობა და მეტოქეთა ძალა გახლავთ.
ოპერაციის შემდეგ ბრაიანტის ცუდი ფორმისა და ბინუმის არყოფნის გათვალისწინებით, "ლეიკერსს", შესაძლოა, გაუჭირდეს სეზონში შესვლა და თავისი ნამდვილი ძალა მხოლოდ ახალი წლისთვის გვიჩვენოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"