კობის დამხმარე, ამარეს შემცვლელი და მოგზაური

AutoSharing Option
სტივ ბლეიკის "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლა, ჰაკიმ უორიკის ოთხწლიანი კონტრაქტი "ფინიქსთან" და გუდენისა და "მილუოიკის" ხუთწლიანი ხელშეკრულება - ამ გარიგებებით დაიწყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ციებცხელება.
NBA-ის თავისუფალი აგენტების ბაზარზე უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება დაიდო. რა თქმა უნდა, მთელი საკალათბურთო სამყარო ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდის, კრის ბოშისა და სხვა ვარსკვლავების საბოლოო გადაწყვეტილებებს ელოდება, თუმცა ნაკლები კალიბრის კალათბურთელებიც არ სხედან გულხელდაკრეფილნი და აქტიურად ზრუნავენ საკუთარ მომავალზე. ამჯერად იმ სამ კალათბურთელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებმაც უკვე იპოვნეს ახალი სამუშაო ადგილი.

სტივ ბლეიკი
(ლეიკერსი)
მცველი. 191 სმ.
შარშან: კლიპერსი/პორტლენდი, 7.3 ქულა, 4.8 პასი, 2.3 მოხსნა
ახალი კონტრაქტი: ოთხი წელი, 16 მილიონი

გასულმა პლეი ოფმა მოქმედი ჩემპიონის რიგებში რამდენიმე პრობლემა აღმოაჩინა, რომლის მოგვარებაზე ზრუნვა კალიფორნიული კლუბის შეფობამ თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნისთანავე დაიწყო. უფრო ადრეც კი - დრაფტზე დევინ ებენქსისა და დერიკ კერაკტერის აყვანით, "ლეიკერსმა" თავი დაიზღვია ამ ზაფხულს რეზერვისტების - ჯოშ პაუელისა და დი ჯეი ბენგას სავარაუდო წასვლის გამო. რჩებოდა "პირველი" ნომრის პოზიციის შევსება, რომელთან დაკავშირებითაც გუნდის თაყვანისმცემლებსა და სპეციალისტებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ. ჯორდან ფარმარმა და შენონ ბრაუნმა "ლეიკერსში" ოსტატობა აიმაღლეს და სხვა კლუბების საძებნელად გაეშურნენ, ვეტერანი დერეკ ფიშერი კი ჯერ ვერ მოელაპარა კლუბს ახალი ხელშეკრულების თაობაზე. ამიტომაც გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა ბაზარზე მოთამაშეთა იმ მცირე ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც "ლეიკერსის" სტილს მოერგებოდნენ.

ბევერლი ჰილზში გადაბარგების პოტენციურ კანდიტატებს შორის იყვნენ საშუალო დონის ლუკ რიდნური, ირლ უოტსონი და სტივ ბლეიკი. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა, არადა რიდნური გასულ სეზონში უკეთ გამოიყურებოდა და მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი "მილუოკის" პროგრესს. როგორც ჩანს, კალიფორნიელები მას ხელფასზე ვერ მოურიგდნენ. საბოლოო ჯამში, "ლეიკერსში" ბლეიკი ითამაშებს.

გასულ სეზონში სტივმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს სწორედ "ლეიკერსის" წინააღმდეგ მატჩში მოხდა. მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტს არ მოუტანია 30 წლის კალათბურთელისთვის სოლიდური კონტრაქტი. შესაძლოა, "ლეიკერსმა" ოდნავ მეტი გადაუხადა ბლეიკს, მაგრამ კლუბის მენეჯმენტს შესანიშნავად ესმის: ყველაფერი უნდა გაკეთდეს მოკლევადიან პერსპექტივაში შემადგენლობის გასაძლიერებლად. თუ ფიშერი გუნდში დარჩება, ბლეიკი შესანიშნავი სათადარიგო იქნება. "კლიპერსისა" და "პორტლენდის" ექს-კალათბურთელი კარგად ერგება სამკუთხა თავდასხმას, შესანიშნავი შორეული ტყორცნა აქვს და არ ეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. კობი ბრაიანტს ასეთი პარტნიორი ჰაერივით სჭირდება.

ჰაკიმ უორიკი (ფინიქსი)
ფორვარდი. 206 სმ.
შარშან: ჩიკაგო/მილუოკი. 9.6 ქულა, 4.1 მოხსნა
ახალი კონტრაქტი: ოთხი წელი, 18 მილიონი

უორიკის შეძენა ამარე სტაუდმაიერის წასვლია არის გამოწვეული. ვარსკვლავური მძიმე ფორვარდი "ნიუ იორკში" წავიდა და "სანზის" ხელმძღვანელობამ მაშინვე იზრუნა მის შემცვლელზე და თან სახელფასო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა გამოანთავისუფლა.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ უორიკი სტაუდმაიერის საიმედო ალტერნატივაა, მაგრამ წელიწადში 4 მილიონი და არაგარანტირებული ბოლო სეზონი სავსებით მისაღები ვარიანტი ჩანს. უორიკი ისეთი ძალით ვერ გამოირჩება, როგორც სტაუდმაიერი, სამაგიეროდ კონტრშეტევებში კარგად გარბის, მოძრავია, მშვენიერი ნახტომი აქვს... მისი ჩატენვების სტრომაილ სვიფტსა და კენიონ მარტინსაც კი შეშურდებათ. სავარაუდოდ, ჰაკიმი და სტივ ნეში კარგად გაუგებენ ერთმანეთს და უორიკი კანადელი გამთამაშებლისგან ფარქვეშ ხშირად მიიღებს გადაცემებს. გარდა ამისა, "ფინიქსის" ახალწვეულს ხუთი-ექვსი მეტრიდან შეტევაც შეუძლია.

რაც შეეხება ნაკლს, მოხსნებში, ძალისმიერ თამაშში და მეტოქის ერთიერთზე მოტყუებაში უორიკი ამარესთან ახლოსაც ვერ მივა. თუმცა "სანზი" მხოლოდ ჰაკიმის შეძენით არ შემოიფარგლება. უახლოეს ხანში კლუბთან მინიმალურ კონტრაქტს გააფორმებს გამოცდილი კურტ ტომასი, ხოლო პოტენციურ ახალწვეულთა სიაში შედიან ტაირუს ტომასი და ელ ჰარინგტონი.

დრიუ გუდენი (მილუოკი)
ფორვარდი. 208 სმ.
შარშან: კლიპერსი/დალასი. 10.9 ქულა, 7.7 მოხსნა
ახალი კონტრაქტი: ხუთი წელი, 32 მილიონი

გუდენი მოგზაური კალათბურთელების რიცხს განეკუთვნება - ბოლო წელიწადნახევარში მან ხუთ კლუბში მოასწრო თამაში. კანზასის უნივერსიტეტის გუნდში მისი ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორი ასე ახასიათებდა დრიუს: "უფრო ქარიზმატული ადამიანის პოვნა რთულია. ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა". ბუნებრივია, NBA-ში მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი კონტრაქტი მიღება მხოლოდ კარგი ხასიათით შეუძლებელია. საჭიროა ნიჭი, შრომისმოყვარეობა და კარგი აგენტი. ეს ყველაფერი გუდენს აქვს.

"მილუოკის" ძალიან სჭირდებოდა იაფი და პროდუქტიული მაღალი მოთამაშე. 2009-10 წლების პლეი ოფში "მილოუკის" წინა ხაზი "ატლანტა ჰოქსის" აგრესიულმა კალათბურთელებმა გადათელეს. ამიტომაც, "ბაქსის" ხელმძღვანელობამ პირველ რიგში, ამ ნაკლის გამოსასწორებლად იზრუნა. 32 მილიონად გუდენის შეძენა კარგ გარიგებად უნდა ჩაითვალოს. დაუმატეთ ამას ცენტრი ენდრიუ ბოგუტი, ერსან ილიასოვა და 2010 წლის დრაფტზე მე-15 ნომრად არჩეული ლარი სანდერსი. საკმაოდ კარგი კომბინაცია გამოდის, რომელიც ფარქვეშ ბრძოლაში დიდ პრობლემებს შეუქმნის "მილუოკის" მეტოქეებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია,პორტლენდში მილერის სათამაშო დრო გაიზრდება :ს მომწონს
giorgi buachidze
12:48 08-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული