უოლს დებიუტი გაუფუჭეს

AutoSharing Option
წინა ორი ტურისგან განსხვავებით, რეგულარული ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღემ უინტერესოდ ჩაიარა. ასე მაგალითად, რთული შესაფასებელი გახდა დრაფტის პირველი ნომრის ჯონ უოლის დებიუტი, რადგან მისმა გუნდმა ფაქტობრივად პირველ მეოთხედში წააგო შეხვედრა. ახალგაზრდა მცველი უბრალოდ დაიკარგა ორლანდოელი ვარსკვლავების ფონზე.

"ორლანდომ" ძალიან მალე გადაწყვიტა "ვაშინგტონთან" მატჩის ბედი და მეორე ტაიმი ფორმალობად აქცია. არც ერთ ფლორიდელს ამ მატჩში ნახევარ საათზე მეტი არ გაუტარებია მოედანზე - ამის საჭიროება არ არსებობდა. რაც შეეხება უოლს, ასეთ თამაშში მისთვის ძალიან რთული იყო საჭირო რითმის დაჭერა, მაგრამ ტყორცნების რეალიზაციის
საშინელი პროცენტის მიუხედავად, ჯონმა მაინც დააგროვა 14 ქულა და ამას ცხრა შედეგიანი პასიც დაუმატა. ამ შეხვედრით ცხადი გახდა, რომ "ორლანდო" და "ვაშინგტონი" სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოთამაშეები არიან.

წესით, დღის მეორე მატჩი უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. დენვერში განადგურების შემდეგ, "იუტამ" საკუთარ მოედანზე "ფინიქსის" წინააღმდეგ სცადა პირველი გამარჯვების მოპოვებ, მაგრამ მცდელობაზე შორს საქმე არ წასულა. ჯერჯერობით რთულია სეზონის სტარტზე "ჯაზმენების" სუსტი თამაშის ახსნა, არადა, გუნდმა ყველა წინასასეზონო მატჩი მოიგო. უკვე პირველი წუთებიდან გამოიხატა სტივ ნეშისა და კომპანიის უპირატესობა. ამარე სტაუდმაიერის გარეშეც "სანზი" ჩვეულ სტილში უტევდა და მეტოქისგან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უგრძვნია.

"იუტას" საერთოდ არ გამოსდიოდა თამაში. პირველ რიგში, ეს დაცვას ეხება. პირველი ტაიმის შემდეგ "ჯაზმენები" მაყურებლის გამაყრუებელი სტვენის ფონზე ტოვებდნენ მოედანს. ეს გუნდი კარგა ხანია საკუთარ არენაზე ასე არ შერცხვენილა.

ორლანდო-ვაშინგტონი 112:83
29:15, 29:19, 32:25, 22:24
ო: ჰოვარდი (23+10 მოხსნა), კარტერი (18+5 მოხსნა), ნელსონი (16+6 პასი), ლუისი (13+7 მოხსნა).
ვ: მარტინი (17), უოლი (14+9 პასი), ჰაინრიხი (12).

იუტა-ფინიქსი 94:110
22:27, 20:31, 30:26, 22:26
ი: ჯეფერსონი (20+9 მოხსნა), მილსეპი (19+13 მოხსნა), კირილენკო (19), უილიამსი (13+6 პასი).
ფ: უორიკი (18+11 მოხსნა), ნეში (18+5 პასი), ფრაი (14), თურქოგლუ (13), დრაგიჩი (11+6 პასი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული