"მისტერ ბოქლომი" უმცროსი გასოლი გახდა

AutoSharing Option
ამერიკის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ მეორე ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გამოავლინა.

რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სეზონის საუკეთესო დამცველი ("მისტერ ბოქლომი") გახდა "მემფის გრიზლისის" ცენტრი მარკ გასოლი.

ისევე, როგორც საუკეთესო მეექვსე მოთამაშის გამოვლენისას, ამჯერადაც ჟურნალისტები გამოიკითხნენ. გასოლმა 30 პირველი ადგილი და 212 ქულა დაიმსახურა და 63 ქულით გაუსწრო "მაიამი ჰიტის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს.

გასოლი პირველი ევროპელია, ვინც ეს პრიზი მოიპოვა. შარშან სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა ტაისონ ჩენდლერი, მანამდე კი ზედიზედ სამჯერ ლაურეატი გახდა დუაიტ ჰოვარდი.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში გასოლი საშუალოდ 1.7 დაფარებასა და
1.0 ჩაჭრას აგროვებდა. სხვათა შორის, სეზონის საუკეთესო დამცველის პრიზზე "მემფისის" კიდევ ორი კალათბურთელი აცხადებდა პრეტენზიას - ტონი ალენი და მაიკ კონლი.

სწორედ ამ სამეულისა და მათი პარტნიორების დამსახურებაა, რომ "მემფისი" ამ სეზონში ყველაზე ცოტა ქულას (88.7) უშვებდა. ალენი და კონლი გამოკითხვაში მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ, მესამეზე კი აღმოჩნდა "ოკლაჰომას" ცენტრი სერჟ იბაკა 122 ქულით.

საინტერესოა, რომ "მემფისში" თამაშისას აქვს აღებული ერთი ინდივიდუალური პრიზი მარკის უფროს ძმას, ამჟამად "ლეიკერსის" მძიმე ფორვარდს პაუ გასოლს - ის 2002 წელს სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული