კობი თუ ლებრონი?

AutoSharing Option
ვინ გაიმარჯვებს თანამედროვე NBA-ის ორი მონსტრის - კობი ბრაიანტისა და ლებრონ ჯეიმსის პირად დაპირისპირებაში? ამის გასაკვევად ESPN-ის ანალიტიკოსმა რიკ რაილიმ იზრუნა.

თავად ბრაიანტმა აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ასეთი რამ განაცხადა: "ვფიქრობ, ჩვენს შორის ერთი ერთზე მატჩი რომ ჩატარდეს, გამარჯვებული მე დავრჩები. მსგავსი მატჩების სპეციალისტი ვარ. სწორედ ასე ვისწავლე კალათბურთის თამაში. უფრო მეტსაც გეტყვით - ძალიან იოლად გავიმარჯვებ. ლებრონი სულ სხვა ყაიდის მოთამაშეა, დაახლოებით მეჯიქ ჯონსონის ტიპის. შესანიშნავ პასებს არიგებს, უფრო გუნდური სტილისკენ იხრება, თამაშის ყველა კომპონენტში ასწრებს თავის
გამოჩენას. მაგრამ ჩემი დამარცხება ერთი ერთზე - არ გამოუვა. ეს ჩემი სტიქიაა, ამას სიზმარშიც კი გავაკეთებ".

საკმაოდ დამაჯერებელი ნათქვამია. ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე კალათბურთის სამყაროს ცნობილი ადამიანები.

მარკ ქიუბარი, "დალას მავერიქსის" მფლობელი:

- ეს იქნება ჩვეულებრივი ქუჩური თამაში - მსაჯების გარეშე. თითოეული თავად დააფიქსირებს და გამოაცხადებს მასზე ჯარიმას.
- მაშინ ლებრონს ავირჩევ. ის უფრო დიდი და ძლიერია (ექვსი სანტიმეტრით მაღალი და 15 კილოგრამით მძიმეა ბრაიანტზე). მსაჯებით რომ ეთამაშათ, კობიზე ჩავიდოდი ფსონს. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ისინი თავად "დაუსტვენენ" ჯარიმებს, ეს პუბლიკის მხრიდან კიდევ მეტ ინტერესს გამოიწვევს.
- რამდენს გადაიხიდით ასეთი მატჩის საყურებლად?
- ძალიან ბევრს.

აი რა აზრის აქვს ამასთან დაკავშირებით "დენვერის" გამთამაშებელ ჩონსი ბილაპსს:
"რა თქმა უნდა, ერთი ერთზე მოტყუებისას კობი უფრო ძლიერია. ის ამ მხრივ უბადლო ოსტატი გახლავთ. მაგრამ ერთია ჩვეულებრივი საკალათბურთო მატჩი და მეორე - ერთ-ერთზე თამაში პარტნიორების გარეშე. აქ გავლენას იქონიებს ლებრონის უპირატესობა სიმაღლესა და წონაში. წესით, სწორედ მან უნდა მოიგოს".

ბილაპსის თანაგუნდელმა კარმელო ენტონიმ, რომელიც აღნაგობით ჰგავს ჯეიმსს, პროგნოზისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება.
NBA-ის ლეგენდა რიკ ბერი ბრაიანტის მხარესაა:

- ბრაიანტი მოუგებს ჯეიმსს. კობის შეტევითი მოქმედების უფრო ფართო არსენალი და უკეთ დაყენებული სროლა აქვს. ლებრონი იმ შემთხვევაში შეძლებს გამარჯვებას, თუ ცალკეულ მატჩში ტყორცნა წაუვა. საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა სამი წამის წესი?
- ამას თავად მოთამაშეები გადაწყვეტენ, თუმცა ერთი ერთზე თამაშში, ჩვეულებრივ, ამ წესს არ ითვალისწინებენ.
- მაშინ კობის პრობლემები შეექმნება.
- მართალია, რომ თავად ითამაშეთ მსგავსი მატჩი ჯორჯ გერვინის წინააღმდეგ?
- დიახ და მაშინ გერვინმა მომიგო. თუმცა ავად ვიყავი. კიდევ მახსოვს ქარიმ აბდულ-ჯაბარი ჯულიუს ირვინგის წინააღმდეგ. ქარიმმა დამაჯერებლად მოიგო, რადგან დოქტორ ჯეის შორეული ტყორცნები არ წაუვიდა.

მაიკ დანლივი ("კლიპერსის" ყოფილი მწვრთნელი):
"კობის ვანიჭებ უპირატესობას. ის უკეთ ისვრის, დაცვა შეუძლია, ფეხებით კარგად მუშაობს. სათანადო სივრცის პირობებში ლებრონი ძალიან ძლიერია და შეუძლებელია მისი შეჩერება, მაგრამ ბრაიანტი არ მისცემს ასეთ სივრცეს და შორიდან სროლას აიძულებს".
ჯალენ როუზი (NBA-ის ყოფილი ვარსკვლავი):

"მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანტი - კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშეა, მაინც მგონია, რომ ლებრონი გაიმარჯვებს. შეუძლებელია მუხლზე გადატანილი ოპერაციისა და NBA-ში გატარებული 15 სეზონის შემდეგ კობიმ ასეთი მონსტრი დაამარცხოს".

ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ტიმ გროვერი, რომელიც მაიკლ ჯორდანთან, ბრაიანტთან და ჯეიმსთან მუშაობდა:
- ძალიან რთული საკითხია. კობის შეუძლია ლებრონის შეჩერება. ფიზიკურად საკმარისად ძლიერია ამისთვის. მაგრამ მაინც მიჭირს არჩევანის გაკეთება.

- ამ ორ კალათბურთელს ჯორდანის წინააღმდეგ წარმატების შანსი ექნებოდა?
- ამ შემთხვევაში იოლია პასუხის გაცემა - რა თქმა უნდა, ჯორდანი მოიგებდა. ის კვლავაც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.

ჯეფ ვან განდი ("ნიუ იორკის" ყოფილი მწვრთნელი):
"წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოიგებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორედ ასეთი შოუები არ ჰყოფნის "ყველა ვარსკვლავის უქმეებს". დაივიწყეთ ჩატენვებისა თუ სამქულიანების კონკურსი. "კობი ლებრონის წინააღმდეგ" - აი ეს იქნება ნამდვილი ზეიმი, რომელიც დიდ ფულს შეკრიბავს ქველმოქმედებისთვის".
გამოკითხულთა დიდი ნაწილი მზად არის ასეთ სანახაობაში დიდი ფული გადაიხადოს. სწორედ ამაზეა გაკეთებული მთელი გათვლა. ხომ გახსოვთ, როგორ გაყიდა ლებრონ ჯეიმსმა ახალი კლუბის გამოცხადებისთვის განკუთვნილი ტრანსლიაციის უფლება 2 მილიონ დოლარად? ახლა წარმოიდგინეთ რამდენი ამერიკელი არ დაიშურებს კობისა და ლებრონის დუელის სანახავად 50 დოლარის გადახდას. ძალიან დიდი თანხა გამოვა.

P.S. ჯეიმსს "მაიამის" ფორმით ჯერ არ უთამაშია კობის "ლეიკერსის" წინააღმდეგ, "კლივლენდში" თამაშისას კი ლებრონი 13-ჯერ დაუპირისპირდა ბრაიანტის გუნდს და უპირატესობა აშკარად ჯეიმსის მხარესაა: მან რვა თამაშში უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე კობიმ და მისმა გუნდმა რვაჯერ გამარჯვებას მიაღწია.

ბრაიანტი 32 წლისაა, ჯეიმსი კი მასზე 7 წლით ახალგაზრდაა. ივლისში კობიმ მუხლზე ართროსკოპიული ოპერაცია გაიკეთა.

ეს შეხვედრა შემდეგი წესებით უნდა გაიმართოს: გამარჯვებული გამოვლინდება ხუთმატჩიანი სერიით. თითოში გამარჯვების მოსაპოვებლად 35 ქულის მოგროვება იქნება საჭირო, თუმცა ანგარიშში სხვაობა მინიმუმ ორი ქულა უნდა იყოს. ბურთის პირველი ფლობის უფლება მონეტით განისაზღვრება, მომდევნო მატჩს კი წინა შეხვედრაში დამარცხებული დაიწყებს. ზუსტი ტყორცნის ავტორს ბურთი შეუნარჩუნდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული