NBA. პლეი ოფი: დანებება ჯერ ადრეა

AutoSharing Option
"ბრუკლინმა" დაადასტურა, რომ "ჩიკაგოსთან" სერიაში დანებება არც უფიქრია და აპირებს გახდეს მეცხრე გუნდი NBA-ს პლეი ოფის ისტორიაში, რომელიც 1:3-დან შეძლებს სერიის მოგებას.

"ნეტსს" ამის შანსი ნამდვილად ექნება, თუ "ჩიკაგო ისე ითამაშებს, როგორც ეს გააკეთა, როცა მეტოქეს 54 ქულა დააგროვებინა სამწამიანიდან, ხოლო მეორე ტემპით "ბრუკლინის" მონაგარი 24 ქულა იყო. ეს მეორე სტატისტიკური მონაცემი მოხსნებზე მასპინძლების ბრწყინვალე თამაშის წყალობით გახდა შესაძლებელი. 17 მოხსნა შეტევაში – ეს იყო "ნეტსის" წარმატებით გადამწყვეტი ფაქტორი. აქედან თითქმის მესამედი ბრუკ ლოპესის ანგარიშზე მოდის, რომელიც, ტრადიციულად, წინ მიუძღოდა
თავისიანებს შეტევაში და 20-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში.

ასევე უნდა აღვნიშნოთ დერონ უილიამსი, რომელმაც მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა პლეი ოფში. "ნეტსის გამთამაშებელს გაუმართლა, რადგან "ჩიკაგოს" რიგებში ტრავმის გამო არ თამაშობდა კირკ ჰაინრიხი, რომელმაც წინა მატჩებში დერონს 39-დან მხოლოდ 13 ბურთი ჩააგდებინა. რაც შეეხება ინტრიგას, ის სირენამდე ოთხი წუთითა და 15 წამით ადრეც არსებობდა, როცა სტუმრების ჩამორჩენა მხოლოდ ხუთ ქულას შეადგენდა, მაგრამ ამის შემდეგ "ხარებმა" ექვსი სროლა ააცილეს და ორი შეცდომა დაუშვეს, რაც "ნეტსის" 15:1 გაქცევაში გამოიხატა.

ბრუკლინი-ჩიკაგო 110:91
26:21, 26:23, 25:29, 33:18
ბ: ლოპესი (28+10 მოხსნა), უილიამსი (23+10 პასი), ბლეტჩი (13+5 მოხსნა), უოლასი (12+3 პასი), ჯონსონი (11), უოტსონი (11).
ჩ: რობინსონი (20+8 პასი), ბატლერი (18+4 ჩაჭრა+3 პასი), დენგი (12+8 მოხსნა+3 პასი), ნოა (11), ბუზერი (10+10 მოხსნა).
სერია: 2-3

* * *
დაახლოებით ანალოგიური დასასრული ჰქონდა "ატლანტასა" და "ინდიანას" სერიის მეოთხე მატჩს. აქ ხუთქულიანი სხვაობა მასპინძლების სასარგებლოდ ფინალურ სირენამდე ოთხი წუთით ადრე დაფიქსირდა, მაგრამ უპირატესობისა და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად მასპინძლებს 36 წამის ინტერვალით ჯოშ სმიტისა და კაილ კორვერის ზუსტი სამქულიანები ეყო.

ამ წყვილმა არა მარტო ბოლოსკენ, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში კარგად ითამაშა. სმიტმა პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაა
ყარა - 29 ქულა ჩააგდო, კორვერმა კი ხუთი სამქულიანის გარდა, შესანიშნავად ითამაშა დაცვაში პოლ ჯორჯის წინააღმდეგ.

შექებას იმსახურებს "ინდიანაც", რომელიც "მინუს 19"-ის შემდეგ არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ რთულია მატჩის მოგება მაშინ, როცა სათადარიგოები მხოლოდ 19 ქულას აგროვებენ, ხოლო თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია 38 პროცენტს უდრის.

ატლანტა-ინდიანა 102:91
22:21, 35:19, 12:22, 33:29
ა: სმიტი (29+11 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (19+5 მოხსნა), ჰორფორდი (18+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტიგი (13+6 პასი).
ი: ჯორჯი (21+12 მოხსნა+4 პასი), უესტი (15+6 მოხსნა), ჰიბერტი (14+7 მოხსნა), ჰილი (12+6 პასი+3 ჩაჭრა), სტივენსონი (10+9 მოხსნა+8 პასი).
სერია: 2-2

იბაკას ტრაგედია
როცა კევინ დურანტი თამაშიდან 16-დან 12 ბურთს აგდებს, 15-დან 13 საჯარიმოს იყენებს და 38 ქულას აგროვებს, ხოლო მეტოქე გუნდის ლიდერი (ჯეიმს ჰარდენი) 10 შეცდომას უშვებს, "ოკლაჰომა", როგორც წესი, გამარჯვებული ტოვებს მოედანს.

მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა პირიქით მოხდა და ამაში დამსახურება მიუძღვით პარსონსს, აშიქს, ბევერლის, დელფინოსა და გარსიას. პარსონსს ორი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, აშიქმა ორმაგი დუბლი შეასრულა, ტყორცნების 70 პროცენტი მოათავსა კალათში და მეტოქის ფარზე რვა ბურთი მოხსნა. ბევერლიმ 37 წუთის განმავლობაში არც ერთი შეცდომა არ დაუშვა, ხოლო დელფინომ და გარსიამ 50 პროცენტის სიზუსტით ისროლეს სამქულიანები.

მაგრამ ჰიუსტონელთა ეს მონდომება შეიძლებოდა წყალში ჩაყრილიყო, რადგან ბოლოსკენ "ოკლაჰომამ" თამაშის გადარჩენის რამდენიმე შანსი მიიღო. ყველაზე რეალური ბოლო წამზე მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა იყო, როცა სერჟ იბაკა ფარქვეშ იდგა და ისე ესროდა, მაგრამ მარტივი ბურთი კალათში ვერ მოათავსა.

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 105:103
29:24, 24:36, 38:24, 14:19
ჰ: პარსონსი (27+10 მოხსნა+8 პასი), აშიქი (17+14 მოხსნა), ბევერლი (16+3 პასი), ჰარდენი (15+5 ჩაჭრა+3 პასი), დელფინო (13+3 პასი).
ო: დურანტი (38+8 მოხსნა+6 პასი), ჯექსონი (18+3 პასი), მარტინი (16), ფიშერი (12).
სერია: 1-3

სიეტლი განზე გადგება
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სპეციალურმა კომისიამ კენჭი უყარა "საკრამენტო კინგზის" ქალაქ სიეტლში გადასვლის საკითხს. კომისიის უკლებლივ ყველა წევრმა უარი უთხრა "კინგზის" სიეტლში გადაბარგებას.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კომიტეტმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და მოამზადა სპეციალური მოხსენება NBA-ს კლუბების მფლობელებისთვის. მათ, თავის მხრივ, ანალოგიურ საკითხს ასევე უნდა უყარონ კენჭი და საბოლოო შედეგები 13 მაისს გახდება ცნობილი.

ლიგის რეგლამენტის თანახმად, საჭიროა შვიდდღიანი პერიოდი ამ მოხსენების შესასაწავლად და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება ლიგის მმართველთა საბჭოს წევრების საბოლოო კენჭისყრა.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვარში მალუფების ოჯახი "საკრამენტო კინგზის" აქციათა 65 პროცენტის გაყიდვაზე მოელაპარაკა კომპანია Seattle Group-ს, რომელსაც კლუბის სიეტლში გადაყვანა სურს.

მაგრამ საქმეში ჩაერია NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი და ამჟამად საკრამენტოს მერი კევინ ჯონსონი, რომელმაც მოაგვარა ქალაქში ახალი არენის აშენების საკითხი და ახლა კიდევ ერთი ბარიერი აქვს გადასალახი - კლუბისთვის ახალი მეპატრონე უნდა იპოვოს. მაშინ საკრამენტო შეძლებს "კინგზის" შენარჩუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: "სპურსი" "მეომრებს" ელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული