NBA. პლეი ოფი: I რაუნდი "ხარებმა" დახურეს

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდი ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგან რვიდან ექვს სერიაში საქმე მეექვსე მატჩამდე მივიდა, აქედან კი ერთი დაპირისპირება ("ჩიკაგოსა" და "ბრუკლინს" შორის) შვიდ თამაშამდე გაიწელა.

"ბულზს" შეეძლო, აქამდე საქმე არ მიეყვანა, რადგან 3:1-ს იგებდა სერიას, მაგრამ ჯერ სტუმრად 19 ქულა წააგო, შემდეგ კი შინ დამარცხდა და საკუთარი მოედნის უპირატესობა მისცა მეტოქეს. შესაბამისად, "ნეტსს" ყველა შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ მეორე რაუნდში გაეგრძელებინა ბრძოლა. მით უმეტეს, "ჩიკაგოს" დერიკ როუზის გარდა, ისევ ვერ ეხმარებოდნენ ლუოლ დენგი და კირკ ჰაინრიხი.

სხვათა შორის,
მეშვიდე მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როუზი წლევანდელ პლეი ოფში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ამ ტრიოს არყოფნაში "ხარების" ლიდერობა თავის თავზე ჟოაკიმ ნოამ აიღო. იგივეს ითხოვდნენ მისგან წინა მატჩებში, მაგრამ ფრანგს ყოველთვის რაღაც აკლდებოდა ამ როლის შესასრულებლად. მაგრამ ნოამ ყველაზე საჭირო მომენტში შეძლო ფენომენალური მატჩის ჩატარება. 10 ქულა და 5 მოხსნა შეტევაში - ასეთი იყო მისი მონაგარი პირველ მეოთხედში. ის მეორე 12-წუთეულშიც აქტიურად ეხმარებოდა თავისიანებს და ეს მეოთხედი "ჩიკაგომ" 32:19 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 17 ქულას იგებდა.

მაგრამ ეს იყო სერიის მეშვიდე მატჩი და ამხელა უპირატესობა "ხარებს" არაფრის გარანტიას არ აძლევდა. მეორე ტაიმში "ბრუკლინი" ჩამორჩენის გაბათილებაზე ზრუნვას შეუდგა და მეტოქის გადათელვა სცადა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ჯერალდ უოლასი ბურთს გაეკიდა და შემთხვევით დააბიჯა თავზე ფეხი წაქცეულ ნეიტ რობინსონს. "ჩიკაგოს" ტანმორჩილი გამთამაშებელი არათუ გადაურჩა მძიმე ტრავმას, არამედ თამაში გააგრძელა და უოლასს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ მასთან ორთაბრძოლაში ბურთიც ჩააგდო და მეურვეს პერსონალური მიაღებინა.

მოკლედ, რამდენიც არ ეცადა "ნეტსი" ჩამორჩენის გაბათილებას, მეტოქე ყოველთვის პოულობდა პასუხს - ბელინელის, რობინსონისა და იმავე ნოას წყალობით. ამ უკანასკნელმა არა მხოლოდ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა, არამედ პლეი ოფის მატჩებში პირადი რეკორდი დაამყარა დაფარებების რაოდენობით.

"ჩიკაგო" პლეი ოფში "მაიამიზე"გავიდა და პრაქტიკულად, დასვენების გარეშე მოუწევს ჩემპიონის წინააღმდეგ პირველი მატჩის ჩატარება. რაც შეეხება "ბრუკლინს", ის ახალი მწვრთნელის ძიებას იწყებს, რადგან ამ სერიის შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს პი ჯეი კარლესიმო.

ბრუკლინი-ჩიკაგო 93:99
25:29, 19:32, 31:21, 18:17
ბ: უილიამსი (24+7 პასი+6 მოხსნა), ლოპესი (21+9 მოხსნა), უოლასი (19+5 პასი), ევანსი (2+13 მოხსნა).
ჩ: ნოა (24+14 მოხსნა+6 დაფარება), ბელინელი (24+6 მოხსნა), ბუზერი (17+7 მოხსნა), რობინსონი (12+4 პასი).
სერია: 3-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: ინტრიგა ცოცხალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული