ნეში 15 ნოემბერს წავა?

AutoSharing Option
სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი Phoenix New Times: "ფინიქს სანზის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა, შესაძლოა, 15 ნოემბერს დაასრულოს აქტიური კარიერა. არიზონული კლუბის ვეტერანი ვარსკვლავი კანადაში პოლიტიკური კარიერის მოსაწყობად აპირებს კლუბიდან წასვლას.

როგორც ირკვევა, 36 წლის კალათბურთელი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიას მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ეს ინფორმაცია ოფიციალურაად არავის დაუდასტურებია, თუმცა გაზეთი უკვე დაუკავშირდა "სანზის" ყოფილ პრეზიდენტს ჯერი კოლანჯელოს.

"ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. მას თავისუფლად შეეძლო ამერიკაშიც გამხდარიყო პოლიტიკოსი. სტივი პირველი კალათბუთელი არ არის, რომელიც პოლიტიკაში ცდის ძალებს. ავიღოთ მაგალითად
კევინ ჯონსონი, რომელიც ქალაქ საკრამენტოს მერია. ჩარლზ ბარკლიც იმუქრება, რომ მალე მთავრობაში ვიხილავთ, მაგრამ რისი შეცვლა შეუძლია მას? დღემდე გოლფში ბურთის წესიერად დარტყმაც ვერ ისწავლა.

ნეში კი ბრწყინვალე ადამიანია, რომელსაც შეუძლია ეს სამყარო უკეთესი გახადოს. მას ადამიანის გონებასა და გულზე დადებითი ზემოქმედების უდიდესი ნიჭი გააჩნია. სამწუხაროა, რომ ის ამერიკელი არ არის", - განაცხადა კოლანჯელომ.

P. S. მოგვიანებით ეს სენსაციური ცნობმა თავად კანადელმა კალათბურთელმა უარყო: "ახლახანს შევიტყვე ამის შესახებ. არც კი ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, თავის დროზე აუცილებლად გავხდები პრემიერმინისტრი, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია. ამ საქმეს კარიერის დასრულების შემდეგ მივხედავ".
ამასობაში, "ფინიქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნა, სადაც უარყო ჭორი კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.

"გამოცემამ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ნეში კარიერის დასრულებასა და კანადაში პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას აპირებს. მინდა დავამშვიდო გულშემატკივრები - ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. საბედნიეროდ, სტივი ჩვენი გუნდის წევრად რჩება", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.


* * *
"ბოსტონ სელტიქსის" ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი, შესაძლოა, ორი კვირით გამოეთხოვოს რეგულარულ ჩემპიონატს. ამის მიზეზი "მილუოკი ბაქსთან" მატჩში მიღებული ტრავმაა. "სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი შაკისთვის ზედმეტი დატვირთვების თავიდან აცილებას აპირებს.

"ჯერ არ ვიცი გაყვება თუ არა შაკი გუნდს გასვლით ტურნეში. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. დავაკვირდები მის აღდგენით პროცესს, თუმცა ბოლო ვარჯიშზე შაკილი ძალიან არ მომეწონა. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ", - განაცხადა რივერსმა.

"ბოსტონი" დღეს ჩაატარებს საშინაო შეხვედრას "ჩიკაგოს" წინააღმდეგ, რის შემდეგაც დაიწყება დასავლური ტურნე. "კელტებს" "ოკლაჰომასთან", "დალასთან", "მაიამისთან" და "მემფისთან" მოუწევთ შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული