აიზია ტომასი: ლეგენდარული მოთამაშე! უიღბლო მწვრთნელი?

AutoSharing Option

ESPN-ის ანალიტიკოს იენ ო’კონორთან ინტერვიუში ლეგენდარულმა აიზია ტომასმა წინა წლების შეცდომებსა და სამომავალო გეგმებზე ისაუბრა.

აიზია ტომასი - თავდაჯერებული ადამიანი და გამოუსწორებელი ოპტიმისტია. ამის დამამტკიცებელი უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, ტომასი დარწმუნებულია - “ნიუ იორკის” სათავეში რომ დარჩენილიყო, ახლა ლებრონ ჯეიმსი (და იქნებ დუეინ უეიდიც) ამ გუნდის სასტარტო ხუთეულში ითამაშებდა. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ 2014 წელს ამ წყვილს მაინც მოიყვანს “მედისონ სკვერ გარდენში”. დაბოლოს, ტომასი ამტკიცებს, რომ ლებრონის ან მის გარეშე აუცილებლად მიიყვანს “ნიქსს” ჩემპიონობამდე, რომელიც პირველი იქნება 1973 წლის

შემდეგ. ცნობისთვის, აიზია ამჟამად უნივერსიტეტის გუნდ “ფლორიდა ინტერნეიშენელს” ავარჯიშებს.

ტომასმა “ნიქსში” სამუშაო 2008 წელს დაკარგა, მაგრამ ორი თანამდებობიდან დათხოვნაზე უფრო დიდი იმედგაცრუება გახდა მარცხი სასამართლოში, სადაც მას სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებდა კლუბის ერთ-ერთი მენეჯერი ანუშ ბრაუნი სანდერსი. აიზია იმდენად იმედგაცრუებული იყო ამ უსამართლობით, რომ დეპრესიაში ჩავარდა და კინაღამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. 2008 წლის 24 ოქტომბერს, თავისი ქალიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ (მიზეზი არ დასახულებულა), საძილე აბების დიდი დოზა მიიღო და თავის მოკვლა სცადა. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.
აიზიასთვის ეს არ ყოფილა პირველი მძიმე გამოცდა ცხოვრებაში. მომავალი სუპერვარსკვლავის ბავშვობა ძალიან რთულად წარიმართა. მამამ ოჯახი მიატოვა, დედა კი იარაღით ხელში იცავდა სახლსა და თავის შვილებს ქუჩის ბანდებისგან, თუმცა ბოლომდე ამის გაკეთება ვერ შეძლო. ტომასის ერთი ძმა ნარკოტიკებს იღებდა და შიდსისგან მოკვდა, მეორე - გალოთდა და მანაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

ოჯახში ცხრა შვილიდან უმცროსი – აიზია ნახევრად მშიერი ქუჩაში ეძებდა საჭმლის ნარჩენებს. “სიღარიბის უკიდურეს ზღვარზე დაბლა ვიდექით. გეფიცებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ 20 წლამდე ვერ ვიცოცხლდებდი”, - ამბობს აიზია.
20 წლამდე ერთი თვე აკლდა, როცა “ინდიანას” უნივერსიტეტის შემადგენლობაში NCAA-ის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ამას მოჰყვა NBA-ის ორგზის ჩემპიონობა “დეტროიტთან” ერთად და ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელში გარანტირებული ადგილი. მისი, როგორც მოთამაშის ავტორიტეტი ურყევია. ახლა აიზიას სურს აღადგინოს მწვრთნელისა და მენეჯერის შელახული რეპუტაცია.


ლებრონზე
“ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოსვლის პირველივე დღიდან, ამ ბიჭის “ნიქსის” მომავალ კალათბურთელად აღვიქვამდი, რომელიც ჩვენ ჩემპიონობას მოგვიტანდა. ამიტომაც მისი გადაბირება მთავარ მიზნად დავისახე”. ტომასს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სახელოვანი გუნდის გადარჩენის ზუსტი გეგმა არ გააჩნდა. სინამდვილეში ეს არ არის მართალი - როგორც ვხედავთ, მას ასეთი გეგმა ჰქონდა. ჯერ კიდევ 2004 წელს აიზიას გონებაში უტრიალებდა 2010 წლის ზაფხული და იმედი ჰქონდა, რომ ლებრონის გადაბირებას შეძლებდა. დღეს მოდურია იმაზე ლაპარაკი, რამდენად წარუმატებელი აღმოჩნდა ტომასისა და “ნიქსის” კავშირი, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რა მემკვიდრეობა დაუტოვა მას წინა პრეზიდენტმა სკოტ ლეიდენმა. საშინელი შემადგენლობა და სახელფასო ბიუჯეტის ზღვარს გადაცილებული 45 მილიონი დოლარი. ყველას უკვირდა, რატომ დათანხმდა აიზია ამ კლუბის გაძღოლას. ტომასი ყვება: “ჩაკ დეილი ("დეტროიტისა" და 1992 წლის "დრიმ თიმის" ლეგენდარული მწვრთნელი)  მეხვეწებოდა არ დავთანხმებულიყავი ამ სამუშაოს: “შენ ვერ შეძლებ საქმის გამოსწორებას, ეს არარეალურია. საუკეთესო შემთხვევაში - წარმატება მას ექნება, ვინც შენს მერე მივა გუნდში”. საბოლოოდ, ტომასმა გადაწყვიტა ცხოვრებაში გაეტარებინა თითქმის უტოპიური გეგმა: თანდათან გაენთავისუფლებინა სახელფასო ბიუჯეტი, მიეღწია 2010 წლის ზაფხულამდე და ხელში ჩაეგდო ლებრონი. გზად ის მორჩილად იტანდა კრიტიკას. მაგრამ სასამართლო გარჩევებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ხაზი გადაუსვა მის იმედებს. ცნობისთვის, ამ ზაფხულს ტომასი “ნიქსის” მფლობელ ჯიმ დოლანის დავალებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯეიმსის წარმომადგენლებთან, მაგრამ მატარებელი უკვე გასული იყო - "მეფეს” გადაწყვეტილი ჰქონდა ფლორიდაში გადასვლა. ოცნების დასასრული? არა. ტომასი დარწმუნებულია: 2014 წელს ლებრონი “ნიქსის” შემადგენლობაში ჩაირიცხება, თავად კი კლუბის პრეზიდენტი გახდება.


ლარი ბრაუნზე
ტომასს არასოდეს უნდოდა ამ მწვრთნელის დანიშვნა. “ნიქსის” დამრიგებლად მას თავისი ძველი მეგობარი და თანაგუნდელი - ბილ ლემბირი წარმოედგინა, რომელმაც ქალთა NBA-ში ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერა აიწყო. “ბრაუნი მიჩვეულია საჩემპიონო კალიბრის მოთამაშეებთან მუშაობას. ჩვენ კი მაშინ მზად არ ვიყავით ასეთი დიდი მწვრთნელის მოსაწვევად, - ამბობს აიზია. - მაგრამ დოლანს ყოველთვის საუკეთესო უნდოდა, ამიტომაც მითხრა: “შენ მეუბნები, რომ არჩევანი გვაქვს ლარი ბრაუნს, პი ჯეი კარლესიმოსა და ბილ ლემბირს შორის? ბოდიში, მაგრამ მე ბრაუნი მირჩევნია”.
საბოლოოდ, ავტორიტეტულმა სპეციალისტმა 50-მილიონიანი კონტრაქტი მიიღო და პირველივე სეზონში 59 მატჩი წააგო. ღირს თუ არა იმაზე ლაპარაკი, რომ ის სეზონი ბოლო გახდა მისთვის “ნიუ იორკში”.


სასამართლოზე
ტომასი ამბობს, რომ ანუშ სანდერსთან სიტუაციის გარკვევა სურს: “თუ ამ ქალს დავუჯერებთ, მაშინ ეს ამბები მის ოთახში სამუშაო საათებში ხდებოდა ხდებოდა. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ მეცოდება, რადგან ნამდვილი მსხვერპლი ყოფილა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მე იქ არ ვყოფილვარ. ჩვენი გზები არ იკვეთებოდა. მე უესტჩესტრეში ვმუშაობდი, ის - მანჰეტენში. ჩემთან ერთხელაც არ მოსულა, ერთმანეთს მხოლოდ მატჩების დროს ვესალმებოდით”.
ბუნებრივია, თავად სანდერსი სხვა ისტორიას ყვება. მან განაცხადა, რომ “ნიქსის” შეფი არამარტო ავიწროებდა მას, არამედ ამას მეტად უხეში ფორმით აკეთებდა და უწმაწურ ლექსიკას იყენებდა. სასამართლომ ქალს დაუჯერა.
“სიტყვებით რთულია იმის გამოხატვა, რაც მე იმ დღეებში გადავიტანე. ჩემი მეუღლე და შვილები შოკირებული იყვნენ და საშინელი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამავდროულად, დედაჩემი კვდებოდა, მე კი ისე მონდომებით მსვრიდნენ ლაფში, რომ სპორტის ისტორიაში ანალოგიური ისტორია არ მახსენდება. ეჭვგარეშეა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე უარესი პერიოდი. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ”, - იხსენებს ტომასი.


აღიარება
ვინ ბეიკერის, ჯერომ ჯეიმსისა და ჯარედ ჯეფრიზის კონტრაქტები - ამას გამართლება არ ჰქონდა და ეს აიზიამაც იცის. მაგრამ ტომასს თავის გასასამართლებელი საბუთიც აქვს: “შარშან, “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მონაწილე 24 მოთამაშიდან სამი ჩემს დროს "ნიქსის" ღირსებას იცავდა - დევიდ ლი, ზაკ რენდოლფი და ჯამალ კროუფორდი, რომელიც სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე გახდა". ტომასი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან 2007 წელს პლეი ოფში ვერ გაიყვანა გუნდი (იმ წელს აიზიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრაუნი შეცვალა) - ტრავმების ეპიდემია იყო. “იმ წელს არავინ აცხადებდა, რომ “ნიქსი” სანაგვეა. პირიქით, ამბობდნენ: “უფრთხილდით “ნიქსს”, - იხსენებს ტომასი. სტეფონ მარბერის ტრეიდი? აიზია დარწმუნებულია, რომ ეს მიწვევა აუცილებელი იყო გუნდის გამოსაცოცხლებლად. სტივ ფრენსისის ტრანსფერისას გარიგებაში ტრევორ არიზას ჩართვა? ეს ლარი ბრაუნის გადაწყვეტილება იყო. ედი კარის ტრეიდის გამო გაცემული დრაფტის ორი არჩევანი, რომელიც მოგვიანებით ლამარკუს ოლდრიჯისა და ჟოაკიმ ნოას დაკარგვად დაუჯდათ? მაგრამ გარკვეული პერიოდი კარი ტომასის ხელში შესანიშნავად თამაშობდა და მოგვიანებით გახდა “ნიუ იორკის” წარუმატებლობების სიმბოლო. ამასთან, ეს ცენტრი კლუბს ლებრონის მომავალი ტრეიდისთვის სჭირდებოდა.


რჩევები კარმელოს
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ “დენვერ ნაგეტსის” დღევანდელი ლიდერი კარმელო ენტონი ტომასს რჩევას ეკითხებოდა თავისი მომავალი კარიერის შესახებ. 2011 წლის ზაფხულში ენტონის კონტრაქტი უმთავრდება “ნაგეტსთან” და ექსპერტთა უმრავლესობა მელოს სწორედ “ნიუ იორკში” ტრანსფერს უწინასწარმეტყველებს.
ტომასი გვიჩვენებს ტელეფონში ერთ-ერთი გამთამაშებლის შეტყობინებას. ეს კალათბურთელი აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდის ძირითადი პირველი ნომერია და ისიც რჩევას ეკითხება აიზიას. “კარმელოს გარდა, ბევრი კალათბურთელი მიკავშირდება რჩევისთვის. გარდა ამისა, NBA-ის ექვსი-შვიდი კლუბის კონსულტანტად ვითვლები, თანაც ამაში ფულს არ მიხდიან”, - ამბობს ტომასი. სხვათა შორის, ძველი მეგობარი ჯიმ დოლანი “ნიქსის” ოფიციალური კონსულტანის თანამდებობას სთავაზობდა, მაგრამ აიზიამ არ მოისურვა თავისი ამჟამინდელი სამუშაოს მიტოვება.


დონი უოლშის სავარაუდო შეცვლა
“ნიქსის” გენერალური მენეჯერი დონი უოლში ამ სეზონში თავისი კონტრაქტის ბოლო წელს ასრულებს და ჯერ თავად არ იცის შეძლებს თუ არა კარიერის გაგრძელებას - საქმეში ჩაერია ასაკი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, ტომასი სიამოვნებით დაიკავებს მის ადგილს. ის ამას ასრულებულ ოცნებას უწოდებს: “არ მგონია, რომ ასე მოხდეს, ამიტომაც ეს ოცნების ასრულებასავით იქნება. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია “ნიქსის” წარმატებამდე მიყვანა”.
აიზიას დამაჯერებლობა არასოდეს აკლდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლარი ბერდმა ის “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა, ტომასმა პირდაპირ უთხრა თავის ძველ მეტოქეს: “უდიდეს შეცდომას უშვებ - აგდებ მწვრთნელს, რომელსაც შეუძლია “პეისერსი” ჩემპიონობამდე მიიყვანოს. თუ ჩვენს კავშირს შეინარჩუნებ, თავისუფალი აგენტების ბაზარზე ნებისმიერი კალათბურთელის აყვანას შევძლებთ”. ბერდმა არ დაუჯერა, დედამისის საყვარელი მოთამაშე გაანთავისუფლა და მას მშვიდი რიკ კარლაილი ამჯობინა. “არც “ტორონტოში”, არც “ინდიანასა” და არც “ნიუ იორკში” საკალათბურთო მიზეზების გამო არ გავუნთავისუფლებივარ”, - ხაზს უსვამს ტომასი.


მომავალი
“ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მე და ლებრონი ახლა მაიამიში ვართ, იმის ნაცვლად, რომ ნიუ იორკში ვიყოთ”. ტომასის ამ სიტყვებს უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ლებრონი დიდი დინასტიის ზღურბლზე დგას, თავად აიზია კი საშუალო დონის სტუდენტურ გუნდს ავარჯიშებს. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს - ამაში ტომასი დარწმუნებულია: “კვირაში რვა დღე ვფიქრობ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს “ნიქსის” პრეზიდენტი გავხდები. ისიც ვიცი, რას მეტყოდა ამის შესახებ ჩაკ დეილი. დარწმუნებული ვარ, ის ახლა სამოთხეშია და იქედან მიყვირის: “არა”!


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული