NBA: სპურსი სტუმრად არ აგებს

AutoSharing Option
სულ უფრო უიმედო ხდება "ნიუ იორკ ნიქსის" მდგომარეობა. გუნდს ვერ შველის ამარე სტაუდმაიერის დამაჯერებელი თამაში, რომელიც მარტო ცდილობს "ნიქსის" კრიზისიდან გამოყვანას. მაიკ დ'ანტონის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი შინ "ჰიუსტონთან" წააგო, რომელიც სასტარტო კრიზისის შემდეგ თანდათან გონს მოდის. პირველ ნახევარში მასპინძლები დიდი მონდომების ხარჯზე აჩერებდნენ მეტოქეს, მაგრამ მესამე მეოთხედში მათი თამაში საბოლოოდ მოიშალა. რაიმოდ ფელტონის სამქულიანის შემდეგ "ნიქსი" დიდხნიანი პაუზის შემდეგ წინ გავიდა - 71:70 და სწორედ აქედან დაიწყო "ჰიუსტონის" ხანგრძლივი სპურტი, რომელიც 26:6 დასრულდა. გამარჯვებულის საკითხიც მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან.

"ასეთ კალათბურთს მიჩვეული არ ვარ. გასაკვირია, რატომ არ ინდომებს გუნდი და რატომ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის მატჩის საბოლოო შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საკუთარ თავს ვარწმუნებ იმაში, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის ნაცვლად, ზედიზედ ზედიზედ ხუთი შეხვედრა გვაქვს წაგებული", - განკვირვებას ვერ მალავდა სტაუდმაიერი.

ოკლაჰომაში გაგრძელდა ერთი სერია. არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ (ერთი მოგება და ერთი წაგება), "სან ანტონიომ" ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო, თანაც "სპურსს" ჯერ გასვლითი შეხვედრა არ წაუგია. "თანდერთან" მატჩში "სან ანტონიო" ახლო იყო დამარცხებასთან, მაგრამ სტუმრები მეტ ბონერმა გადაარჩინა - მატჩის ბედი მისმა სნაიპერულმა თვისებებმა გადაწყვიტა. ბონერმა შვიდიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და სწორედ ის იყო მეოთხე მეოთხედში 18:8 გაქცევის ინიციატორი. დურანტი და კომპანია პირველი სამი მეოთხედი ღირსეულად ებრძოდნენ პარკერისა და ჯინობილის დუეტს, მაგრამ ბოლოს "სპურსის" რეზერვისტს ვერაფერი მოუხერხეს. ამას დაემატა ჯეფერსონისა და ჰილის ბრწყინვალე დაცვა და მასპინძლებს უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეეძლოთ. "სან ანტონიომ" ზედიზედ მეოთხედ მოუგო "ოკლაჰომას", რომელიც ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს საკუთარ მოედანზე.

ცენტრალური მატჩი გაიმართა დასავლეთი კონფერენციის შარშანდელ ფინალისტებს შორის. "ლეიკერსმა" სეზონში პირველი მარცხის შემდეგ სიტუაციის გამოსწორება და საშინაო მოგებათა სერიის გაგრძელება სცადა, მაგრამ საბრძოლო განწყობა არც "ფინიქსს" აკლდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში სწრაფ ტემპში და შედეგიანად მიდიოდა და ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობით წინ გასვლას. "ლეიკერსი" კარგად იყენებდა "ფინიქსის" სუსტ წერტილს, დომინირებდა მეტოქის ფარქვეშ და თითქმის ყველა მოხსნას იღებდა. მაგრამ "სანზი" მზად იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის და ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. რიჩარდსონმა და "ფინიქსის" სხვა სნაიპერებმა სამქულიანებზე გადაიტანეს აქცენტი.

სტუმრებმა მეორე მეოთხედში ჩაუყარეს საფუძველი მომავალ გამარჯვებას. მარტო პირველ ნახევარში "ფინიქსმა" 12 სამქულიანი ჩააგდო და შორეული ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი უფრო მაღალი ჰქონდა, ვიდრე საშუალო დისტანციიდან. აქ "ლეიკერსმა" აშკარა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა - მან თავის საფირმო დაცვაზე უარი თქვა და ასევე სამქულიანებზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ მასპინძლების სიზუსტე ახლოსაც ვერ მივიდოდა სტუმრებისაზე. რიჩარდსონმა ათიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო, ფრაიმ - ცხრიდან ხუთი, დრაგიჩმა - ხუთიდან სამი, ნეშმა - სამიდან ორი და თურქოგლუმ - შვიდიდან ხუთი. სწორედ ამ ხუთეულმა დაამყარა საკლუბო რეკორდი და აჩვენა მეორე შედეგი ლიგის ისტორიაში - 22 ზუსტი სამქულიანი. NBA-ის რეკორდი "ორლანდოს" ეკუთვნის - 23 შორეული ტყორცნა.

მოქმედი ჩემპიონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო "ფინიქსის" დაწევა და საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა. მაგრამ მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი ნეშმა, რომელმაც მარტომ გაიფორმა 8:2 გაქცევა და ამას თურქოგლუს საკონტროლო სამქულიანი მოჰყვა - 30 წამით ადრე. ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჯარიმების ტაქტიკამ და ბრაიანტის გიჟურმა შორეულმა ტყორცნებმა სიტუაციას ვერ უშველა.


ატლანტა-მინესოტა 111:105
30:27, 30:25, 23:20, 28:33
ა: ჰორფორდი (28+9 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (23+10 მოხსნა), ჯონსონი (17+5 პასი), კროუფორდი (11).
მ: ბიზლი (25), ლავი (22+17 მოხსნა), ტელფეირი (18+8 პასი), ტოლივერი (13), ბრიუერი (11), ჯონსონი (10).

საკრამენტო-დეტროიტი 94:100
19:22, 26:28, 27:25, 22:25
ს: ევანსი (20), ლენდრი (19+8 მოხსნა), ჰედი (13), ტომპსონი (10+5 მოხსნა).
დ: სტაკი (17+7 პასი), გორდონი (16), პრინსი (14), ჰემილტონი (13), ვილანუევა (11), უოლასი (4+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-სან ანტონიო 104:117
35:30, 31:31, 14:21, 24:35
ო: დურანტი (23+7 მოხსნა), უესტბრუკი (19+8 პასი), ჰარდენი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), იბაკა (13+5 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (12), მეინორი (12+5 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (24+5 მოხსნა), ჯინოილი (21), ბონერი (21), ჯეფერსონი (18), ბლეირი (9+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ჰიუსტონი 96:104
27:26, 25:32, 23:26, 21:20
ნ-ი: სტაუდმაიერი (25+8 მოხსნა), ჩენდლერი (17+7 მოხსნა+3 დაფარება), ფელტონი (15+5 პასი), გალინარი (14), ფილდსი (12+6 მოხსნა).
ჰ: მარტინი (28+5 მოხსნა), სკოლა (24+8 მოხსნა+5 პასი), ლი (12).

ლეიკერსი-ფინიქსი 116:121
25:23, 28:33, 31:36, 32:29
ლ: გასოლი (28+17 მოხსნა), ბრაიანტი (25+9 მოხსნა+14 პასი), ოდომი (22+11 მოხსნა), არტესტი (13), ბრაუნი (12).
ფ: რიჩარდსონი (35+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნეში (21+13 პასი), ფრაი (20+6 მოხსნა), თურქოგლუ (17+5 პასი).


***
ნეში ცოლს ეყრება
"ფინიქსის კანადელი გამთამაშებელი სტივ ნეში მეუღლე ალეხანდრას ეყრება, რომელმაც გასულ პარასკევს ვაჟიშვილი მატეო ჯოელი გააჩინა. როგორც ESPN წერს, განქორწინების პროცესი უკვე დაწყებულია. ამ წყვილს ტყუპი გოგონები ჰყავთ - ლოლა და ბელა. სტივმა და ალეხანდრამ 2005 წლის ივნისში იქორწინეს.

"ალეხანდრას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მე ახლა იმაზე ვფიქრობ, ჩემი შვიდი წლის შვილები როგორ აღიქვამენ ამ ახალ ამბავს და როგორ შეეგუებიან ცვლილებებს. მათ იციან, რომ ორივე მშობელს ისინი ძალიან უყვარს. დაკიდევ, ყველას ვთხოვ, რომ პატივი სცეს ჩვენს პირად ცხოვრებას. აღარ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი", - ამბობს ნეში.


***
გოლდენ სტეიტი გაიყიდა
უახლოეს მომავალში "გოლდენ სტეიტი" მფლობელს შეიცვლის. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მმართველმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი კლუბის გაყიდვას ინვესტორთა ჯგუფისთვის, რომელსაც სათავეში ჯო ლეიკობი და პიტერ გუბერი უდგანან. მათ ეს გარიგება 450 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.


***
სუპერმენი ერთი პირობით დარჩება
"ორლანდო მეჯიქის" ლიდერმა დუაიტ ჰოვარდმა, შესაძლოა, არ გააგრძელოს კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან. "სუპერმენის" ხელშეკრულებას 2011-12 წლების ბოლოს ეწურება ვადა და მომავალ ზაფხულს მისი გაგრძელება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "მეჯიქი" შემადგენლობის გასაძლიერებლად რომელიმე ვარსკვლავს შეიძენს, რომელიც კლუბს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარება. ასეთია დუაიტის პირობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული