ლებრონ ჯეიმსის მაისურები კარგად იყიდება

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერის ლებრონ ჯეიმსის სათამაშო მაისურები ყველაზე გაყიდვადია მთელს მსოფლიოში, - იტყობინება სააგენტო AP. ლიგის ოთხგზის MVP-ის მაისური კვლავაც ლიდერობს სეზონის შედეგების მიხედვით კომპანია "ადიდასის" გაყიდვებში.

ჯეიმსმა ამ სიაში გაუსწრო დერიკ როუზს ("ჩიკაგო"), კობი ბრაიანტს ("ლეიკერსი"), კევინ დურანტს ("ოკლაჰომა") და დუეინ უეიდს ("მაიამი"). შემდეგ მოდიან კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), დუაიტ ჰოვარდი ("ჰიუსტონი"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), და რაჟონ რონდო ("ბოსტონი").

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში მაისურების გაყიდვების რაოდენობით ჯეიმსს გაუსწრო 2010-11 წლების სეზონის MVP-მ
დერიკ როუზმა, რომელმაც გასული სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა.

დურანტის ხუთეული
"ოკლაჰომა-სიტის" მსუბუქმა ფორვარდმა კევინ დურანტმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების მისეული ვერსია დაასახელა.

"ჩემი საყვარელი გამთამაშებელია მეჯიქ ჯონსონი. მეორე ნომრის პოზიციას მაიკლ ჯორდანს მივცემდი, მესამეს - ლარი ბერდს, მძიმე ფორვარდად ავიყვანდი ჰაკიმ ოლაჟუონს, ხოლო ცენტრის პოზიცია ერგებოდა შაკილ ო’ნილს. არგუმენტებს ნუ მომთხოვთ", - ჩამოთვალა დურანტმა.

მაგრამ დურანტმა მაინც ახსნა ოლაჟუონის არჩევანი, რადგან მთელი კარიერა "ოცნება" ცენტრის პოზიციაზე მოქმედებდა. "ყველას, ვისაც ოლაჟუონის თამაში უნახავს, გაიგებს ჩემს არჩევანს. მას ძალიან ძლიერი და სწრაფი ფეხები ჰქონდა. ის გაუმკლავდებოდა ყველას, თუნდაც ყველაზე სწრაფ ფორვარდებს".

დურანტს ჰკითხეს - ვინ არის MVP ამ გუნდში? მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, მაიკლ ჯორდანი. საუკეთესო მოთამაშე, ვინც ოდესმე შეხებია მოედანს".

თვალახვეული უფრო ადვილია
დუაიტ ჰოვარდმა დაამარცხა ჯეიმს ჰარდენი - ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა პრესამ. ოღონდ ეს კალათბურთელები არა ერთი ერთზე თამაშში, არამედ საჯარიმოების სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. შეჯიბრის წინ, "ჰიუსტონის" მოთამაშეებმა ორი პირობა წამოაყენეს. პირველი - თითოეული შეასრულებდა 10 ტყორცნას საჯარიმოს ხაზიდან. მეორე - სროლისას მათ თვალები უნდა ჰქონოდათ ახვეული. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ჰოვარდმა ათიდან რვა სროლა მოათავსა კალათში!

"იქნებ მატჩების დროსაც დავხუჭო თვალები? პროცენტი კარგი იქნება", - ლოგიკური კითხვა დასვა ჰოვარდმა, რომელმაც დაამატა, რომ ძალიან უნდა რეგულარული ჩემპიონატის დროს, საშუალოდ, ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდოს.

უესტიც ჩინეთში წავიდა
მცველმა დელონტე უესტმა ვერ იპოვნა სამუშაო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და გააკეთა ის, რასაც NBA-ის ყოფილი მოთამაშეები აკეთებენ, კერძოდ, გადავიდა ჩინეთის ჩემპიონატში სათამაშოდ.

ეს სავსებით ლოგიკური სვლაა, რადგან უესტი კარგ ხელფასს მიიღებს და თუ სტატისტიკაც კარგი ექნება, შესაძლოა, ამავე სეზონში დაბრუნდეს NBA-ში. ჩინეთში სეზონი თებერვალში სრულდება და ვინ იცის, იქნებ ასოციაციაში ტიტულის რომელიმე მაძიებელს დასჭირდეს უნივერსალური მცველი კარგი შორეული ტყორცნით.

კობი ისევ სამკურნალოა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები სამედიცინო პროცედურის გასავლელად, თუმცა ეს არ უკავშირდება აქილევსის მყესის ტრავმას, რის გამოც კალათბურთელი დიდი ხანია მოედანზე არ გასულა.

კალიფორნიული კლუბი არ ავრცელებს ინფორმაციას პროცედურის სპეციფიკის შესახებ და არც იმას იტყობინებიან, რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ბრაიანტი.
კობი თავის თანაგუნდელებს მომავალ კვირას შეუერთდება.

პირველი ვარჯიში ოთხი წლის შემდეგ
"მაიამი ჰიტი" ახალმა ცენტრმა გრეგ ოდენმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად ჩაატარა პრაქტიკული მეცადინეობა. კალათბურთელმა გუნდის საწვრთნელ ბანაკში "ჰიტის" ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ოდენმა ბოლო მატჩი 2009 წლის 5 დეკემბერს ჩაატარა, როცა სერიოზული ტრავმა მიიღო და ამის გამო ოთხი წელი გამოტოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ აღნიშნა, რომ "მაიამი" არ იჩქარებს ოდენის თამაშებში დაბრუნებას.

"ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება. ის, რომ გრეგი ჩვენთანაა - დიდი ბონუსია. ვნახავთ, როგორ იგრძნობს თავს და როგორ წარიმართება აღდგენა", - განაცხადა სპოელსტრამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტი მოურჯულებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული