პეჟა ტორონტოში წავიდა

AutoSharing Option

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი მასშტაბური ტრეიდი განხორციელდა. "ნიუ ორლეანისა" და "ტორონტოს" მიერ მოწყობილ გაცვლაში ხუთი მოთამაშე იყო ჩართული. ამ გარიგების თანახმად, "ჰორნეტსის" სერბი ვეტერანი პეჟა სტოიაკოვიჩი (საშუალო 7.8 ქულა სეზონში) კანადურ კლუბში გააგრძელებს კარიერას. მასთან ერთად ტორონტოში მიემგზავრება ფორვარდი ჯერიდ ბეილისი (4.5+2.5 პასი). "ნიუ ორლეანმა" სანაცვლოდ ფორვარდები - ჯარეტ ჯეკი (10.8+4.5 პასი), მარკუს ბენქსი (2.0) და ცენტრი დევიდ ანდერსენი (5.1+3.1 მოხსნა) მიიღო.

"ნიუ ორლეანის" გენერალურმა მენეჯერმა დელ დემპსმა მადლობა გადაუხადა სტოაკოვიჩს გუნდში გარატებული წლებისთვის. სერბი 13 წელია ოკეანის გაღმა თამაშობს

და აქედან 4 სეზონი "ჰორნეტსის" შემადგენლობა გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან მხოლოდ ერთ რეგულარულში დააგროვა საშუალოდ ოცზე ნაკლები ქულა, 2003-04 წლების სეზონში კი "ყველა ვარსკვლავის მატჩზე მიიწვიეს.


* * *
"ჰიუსტონ როკეტსის" ჩინელი ცენტრის იაო მინის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. იაოს კოჭის ძვალი აქვს გაბზარული და ამის გამო ორი თვე ვერ შეძლებს თამაშს. შეგახსენებთ, რომ ჩინელმა ტრავმა 10 ნოემბერს, "ვაშინგტონთან" მატჩში მიიღო.

როგორც იცით, იაო მინმა შარშან ტერფის ოპერაცია გადაიტანა და წელს "ჰიუსტონის" სამწვრთნელო შტაბმა აზიელის სათამაშო დრო 24 წუთამდე დაიყვანა, მაგრამ "რაკეტების" ერთ-ერთი ლიდერი მაინც ვერ გადაურჩა მორიგ ტრავმას.


* * *
ნიუ იორკში გაიმართა NBA-ისა და მოთამაშეთა პროფკავშირის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა, რომელზეც ისევ განიხილეს ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დეტალები. ასოციაციის პრეს-ატაშის მაიკ ბასის თქმით, მხარეებს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერც ამჯერად მივიდნენ.

მიმდინარე ხელშეკრულებას 2011 წლის 30 ივნისს გასდის ვადა. NBA-ის ხელმძღვანელობა მოთამაშეთა საერთო სახელფასო ბიუჯეტის 700-800 მილიონ დოლარამდე შემცირებას აპირებს, რაც დღევანდელი თანხის მესამედს შეადგენს. ბუნებრივია, მოთამაშეებს ლიგის ახალი წინადადება არ აწყობთ და თუ მხარეებს შორის კომპრომისი თებერვლის "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" არ იქნა მიღწეული, ლოკაუტი რისკი იზრდება, რაც 2011-12 წლების სეზონს ჩაშლის.

ლიგისა და პროფკავშირის მორიგი შეხვედრა დეკემბერშია დანიშნული.



მესინას არ გაუშვებენ
ევროლიგაზე წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ჯერ არ აპირებს მთავარი მწვრთნელის ეტორე მესინას გაშვებას. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "სამეფო კლუბმა" სამარცხვინოდ წააგო ბელგიაში "შარლერუასთან" - 49:67.

"რეალის" შეფობა ცალსახად აცხადებს, რომ სეზონის ბოლომდე დატოვებს მესინას და გაისად ზაფხულში განიხილავს იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვარიანტს. მადრიდულმა კლუბმა სეზონის დაწყებიდან 13 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ დამარცხდა (ორჯერ ევროლიგაზე, თითოჯერ - ესპანეთის ჩემპიონატსა და ესპანეთის სუპერთასზე).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული