NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" დასავლეთის პირველია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში ორი სერია შეწყდა. "დენვერ ნაგეტსმა" ზედიზედ შვიდი მოგების შემდეგ "კლივლენდთან" სტუმრად წააგო - 88:98. დენვერელები აშკარად დაღლილები ჩანდნენ, რაც არ არის გასაკვირი გუნდის მჭიდრო გრაფიკისა და ხანგრძლივი აღმოსავლური ტურნეს გამო.

პორტლენდში დამარცხდა "ოკლაჰომა", რომელმაც ზედიზედ რვა მატჩია, არ იცოდა წაგება. ამ შეხვედრაში წყდებოდა პირველი ადგილის ბედი დასავლეთ კონფერენციაში და ყველაფერი მეოთხე მეოთხედის ბოლოს გაირკვა (მანამდე "პორტლენდი" დიდი შესვენებისთვის ორნიშნა სხვაობით აგებდა).

სირენამდე წუთნახევრით ადრე რასელ უესტბრუკმა სტუმრების ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 104:105. "თანდერს" ორ შეტევაში ჰქონდა
წინ გასვლის შანსი, მაგრამ ჯერ სამქულიანის შესრულებისას შეცდა კევინ დურანტი, მეორე იერიშისას კი სერჟ იბაკამ აიღო შეტევაში ჯარიმა.

სტუმრებს ქულაც აღარ აუღიათ, ხოლო ისინი ნოკაუტში ნიკოლა ბატუმის სამქულიანმა ჩააგდო. "ბლეიზერსმა" 16 მოგებითა და სამი წაგებით მოულოდნელი ლიდერობა მოიპოვა დასავლეთში.

* * *
"პორტლენდის" მსგავსად, ბრწყინვალე სვლა აქვს აღებული "ინდიანას". "პეისერსმა" იოლად გადაიტანა "ბლეიზერსისგან" წაგება და 4 დეკემბერს მორიგი გამარჯვება მოიპოვა. საინტერესოა, რომ ინდიანაპოლისელებმა 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგეს მატჩი სოლტ-ლეიკ-სიტიში.

ასე თუ ისე, თანაბარი თამაში მიდიოდა პირველ ტაიმში, მაგრამ მეორეში სტუმრებმა ბრწყინვალე დაცვა დააყენეს და დარჩენილ ორ მეოთხედში მეტოქეს თამაშიდან მხოლოდ 13 (!) ბურთი ჩააგდებინეს. შესაბამისად, "იუტას" შეტევების სიზუსტემ მხოლოდ 38 პროცენტი შეადგინა.

* * *
ზედიზედ 89-ე მატჩში ჩააგდო სამქულიანი "ატლანტას" მცველმა კაილ კორვერმა, რითაც NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა. თავად "ჰოქსმა" კი სწორედ სამქულიანების ტაქტიკის წყალობით შინ დაამარცხა "კლიპერსი", რომელსაც ძალიან უჭირს თავისი სნაიპერის, ჯეი ჯეი რედიკის გარეშე.

კალიფორნიელებმა 12 შორეული ტყორცნა შეასრულეს და მხოლოდ ერთი მოათავსეს კალათში. თუმცა "კლიპერსის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მარცხის მიზეზი არა შეტევაში, არამედ დაცვაში ცუდი თამაში იყო.

* * *
ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგი ჰიუსტონში დაფიქსირდა, სადაც შეწყდა "როკეტსის" შვიდმატჩიანი საშინაო მოგებათა სერია. მასპინძლებს არც უნდა ჰქონოდათ მოგების დიდი იმედი "ფინიქსის" წინააღმდეგ, რადგან თამაშიდან 38 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, 23 შეცდომა დაუშვეს და განაცხადში არ ჰყავდათ ჯერემი ლინი, ომერ აშიქი და ჩენდლერ პარსონსი.

კლივლენდი-დენვერი 98:88
31:24, 25:28, 23:21, 19:15
კ: ირვინგი (23), ვარეჟაო (18+13 მოხსნა), ტ. ტომპსონი (17+21 მოხსნა).
დ: ფოიე (16), ჰიქსონი (15+11 მოხსნა).

ატლანტა-კლიპერსი 107:97
29:21, 26:23, 24:26, 28:27
ა: მილსეპი (25), კორვერი (23), ჰორფორდი (21).
კ: გრიფინი (24), პოლი (19+11 პასი).

ჰიუსტონი-ფინიქსი 88:97
20:25, 20:26, 21:22, 27:24
ჰ: ბრუქსი (17), ჰოვარდი (15+18 მოხსნა).
ფ: ბლედსოუ (20), დრაგიჩი (19), ტაკერი (18).

მილუოკი-დეტროიტი 98:105
19:26, 31:19, 17:35, 31:25
მ: ილიასოვა (22+10 მოხსნა).
დ: დრამონდი (24+19 მოხსნა), მონრო (18+17 მოხსნა), ჯენინგსი (17+11 პასი), ჯოშ სმიტი (17), სინგლერი (15).

ნიუ ორლეანი-დალასი 97:100
24:27, 29:25, 24:23, 20:25
ნ-ო: ჰოლიდეი (26), რ. ანდერსონი (18+14 მოხსნა), ამინუ (16+20 მოხსნა), ე. გორდონი (15).
დ: ნოვიცკი (21), ვ. კარტერი (15), ელისი (14+10 მოხსნა).

იუტა-ინდიანა 86:95
23:17, 25:30, 19:21, 19:27
იუტ: ფეივორსი (22+13 მოხსნა), კანტერი (20+10 მოხსნა).
ინდ: ჯორჯი (19), სტივენსონი (15).

პორტლენდი-ოკლაჰომა 111:104
25:27, 23:32, 35:21, 28:24
პ: ოლდრიჯი (38+13 მოხსნა), ლოპესი (12+10 მოხსნა).
ო: დურანტი (33), უესტბრუკი (21), იბაკა (13+10 მოხსნა).

მეხიკოში კვამლმა თამაში გადადო
დასავლეთ კონფერენციის ახალ ლიდერს - "პორტლენდს" შეიძლებოდა 4 დეკემბერს "სან ანტონიო" გათანაბრებოდა ცხრილში, თუ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დაამარცხებდა "მინესოტას".

მაგრამ ტექსასელებს ამის გაკეთებაში ხელი შეუშალა... კვამლმა, რომელმაც მოიცვა მეხიკოს არენა, სადაც "საგამოფენო" მატჩის ჩატარება იგეგმებოდა. ინდიცენტი მატჩის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მოხდა.

კვამლის გავრცელების მიზეზი გახდა 2012 წელს აშენებული თანამედროვე დარბაზის მეოთხე სართულზე ტრანსმფორმატორის აფეთქება. მატჩის ორგანიზატორებმა ოპერატიულად სცადეს პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და წინასამატჩო მოთელვიდან ნახევარი საათის შემდეგ გუნდებმა არენა დატოვეს.

ახლა ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება მინეაპოლისში, თარიღის შესახებ კი მოგვიანებით გამოცხადდება. მექსიკამ კი დაკარგა შანსი, თავის ისტორიაში მეორედ ეხილა "ცოცხლად" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩი: ადრე, შორეულ 1997 წელს, აქ ითამაშეს "ჰიუსტონმა" და "დალასმა".

პროხოროვი მიდის და არც მიდის
"ბრუკლინ ნეტსის" მფლობელი, რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი აპირებს "მოიშოროს" კლუბის აქციები იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერის იურისტები ამუშავებენ "ნეტსის" საკონტროლო აქციათა პაკეტის გადაცემის სქემას ერთ-ერთი რუსული კომპანიისთვის, რომელსაც თავად პროხოროვი ფლობს.

უცხოური აქტივების ფლობა ძირითადი წინააღმდეგობაა პროხოროვისთვის არჩევნებში მონაწილეობაში. ამ აქტივებში შედის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი "ბრუკლინ ნეტსი", რომელიც მილიარდერმა 2009 წელს შეიძინა. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვერ შეძლო პროხოროვმა მოსკოვის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენება.

"ბრუკლინის" "ახალი მფლობელი" შეიძლება გახდეს კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდი, რომლის დამფუძნებელია პროხოროვი.

რუსი მილიარდერის გარემოცვაში ჟურნალისტებს აუხსნეს, რომ "ბრუკლინ ნეტსი" არ იყიდება და ამ თემაზე არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. კლუბს კვლავაც "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი გააკონტროლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტი ამერიკული პრესის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული