NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" მოგება და წაგება

AutoSharing Option
"საკრამენტოსთან" შაბათის მატჩში მოქმედ ჩემპიონს სამი კალათბურთელი აკლდა: დუეინ უეიდი, რეი ალენი და კრის ანდერსენი.

შესაძლოა, სწორედ სასურველი როტაცია არ ეყო "მაიამის" ამ მატჩში გამარჯვების მისაღწევად. ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მარიო ჩელმერსმა ზედმეტად იუხეშა დემარკუს კაზინსის წინააღმდეგ, რითაც "კინგზმა" ორი ჯარიმისა და ბურთის ფლობის უფლება მიიღო. ორი საჯარიმოს გამოყენების შემდეგ მასპინძლებმა ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს, ხოლო რუდი გეის ზუსტი საშუალო ტყორცნით კი ანგარიში გაათანაბრეს. სირენასთან ერთად, ლებრონ ჯეიმსის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

დამატებით დროში
კი მეტი ძალა "მეფეებს" აღმოაჩნდათ, რომლებმაც ლებრონს სასიამოვნო დღე გაუფუჭეს. "მეფემ" 33 ქულა დააგროვა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ერთბაშად ორ მოთამაშეს გაუსწრო - ლარი ბერდსა და გარი პეიტონს. ახლა ჯეიმსის ანგარიშზე 21 819 ქულაა და მისი მორიგი სამიზნე იქნება 28-ე ადგილზე მყოფი კლაიდ დრექსლერი.

* * *
"მაიამის" კვირასაც მოუწია თამაში - ისევ გასვლაზე, თანაც გაცილებით რთულ მეტოქესთან. "პორტლენდმა" მიმდინარე რეგულარულში არაერთი მატჩი მოიგო ბოლო წამებზე დამიენ ლილარდის ბაზერ-ბითერებით, მაგრამ ამჯერად შეხვედრის გმირი სულ სხვა კალათბურთელი იყო.

ამ მატჩში "მაიამის" დუეინ უეიდი დაუბრუნდა; სამაგიეროდ, არ თამაშობდა ლებრონი, რომელსაც საზარდული აწუხებს. "დიდი ტრიოდან" თამაში საკუთარ თავზე კრის ბოშმა აიღო, რომელიც შედეგიან თამაშსაც ახერხებდა და ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, ლამარკულ ოლდრიჯის ნეიტრალიზებასაც. მისი ბრწყინვალე გამოსვლის კულმინაცია კი "ჰიტის" ბოლო შეტევა იყო იმ დროს, როცა "პორტლენდი" 107:105-ს იგებდა.

"მაიამის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ სპოელსტას უნდოდა, რომ ბოშს მოძრაობაში მიეღო ბურთი და ფარქვეშ შესულიყო, კრისმა კი დაიჟინა, რომ ის კომბინაციით სამქულიანის სასროლად გაეყვანათ. მან თავისი გაიტანა - დუეინ უეიდმა თავის მხარეს გადაიყვანა ნიკოლა ბატუმი და ოლდრიჯი და ზუსტი პასი მისცა პერიმეტრზე ჩასაფრებულ პარტნიორს. ბოშის ზუსტმა გასროლამ სირენამდე 0,5 წამით ადრე "ჰიტი" წინ გაიყვანა. ოლდრიჯმა დარჩენილ დროში მოასწრო სროლა, მაგრამ მიზანს ააცილა.

საკრამენტო-მაიამი 108:103 (ო)
19:32, 26:23, 29:18, 15:16, 19:14
ს: კაზინსი (27+17 მოხსნა), გეი (26), ა. ტომასი (22+11 პასი).
მ: ლ. ჯეიმსი (33), ბოში (18), ჩელმერსი (11+10 პასი).

პორტლენდი-მაიამი 107:108
34:30, 28:28, 26:25, 19:25
პ: მეტიუზი (23), ოლდრიჯი (22), რ. ლოპესი (17), ლილარდი (16).
მ: ბოში (37+10 მოხსნა), უეიდი (16).

უესტბრუკი დაისვენებს, ჰორფორდმა დაამთავრა
ტრავმის გამო კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა რეგულარულ ჩემპიონატს. "ოკლაჰომა"-"სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, რასელ უესტბრუკს მარჯვენა მუხლზე ართროსკოპიული ოპერაციის გადატანა მოუწია, რის გამოც 25 წლის გამთამაშებელს მინიმუმ 27 მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს და მოედანზე მხოლოდ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" დაბრუნდება, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში, 2012-13 წლების სეზონის პლეი ოფის მეორე მატჩში უესტბრუკმა მარჯვენა მუხლის მენისკი დაიზიანა. მან მიმდინარე რეგულარულში მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, დაბრუნების შემდეგ კი "ოკლაჰომამ" 24-დან 21 მატჩში მიაღწია გამარჯვებას. წელს უესტბრუკის სტატისტიკა 21.3 ქულას, 7 პასსა და 6 მოხსნას უდრის.

"ოკლაჰომას" მცველმა შეავსო ტრავმირებული ვარსკვლავების საკმაოდ შთამბეჭდავი სია, რომელშიც რაჟონ რონდო, დერიკ როუზი და კობი ბრაიანტი შედიან.

ასევე დანაკლისია ცენტრების რიგებში. "ბრუკლინის" წევრის, ბრუკ ლოპესის შემდეგ ასევე მოუწევს სეზონის გამოტოვება "ატლანტას" ცენტრს ელ ჰორფორდს. მიზეზი მკერდის არეში კუნთის გაწყვეტაა. ეს დაზიანება მან "კლივლენდთან" შეხვედრაში მიიღო.

ჰორფორდი საკმაოდ ნაყოფიერ სეზონს ატარებდა და 29 მატჩში საშუალოდ 18.6 ქულა, 8.4 მოხსნა და 2.6 პასი მიითვალა. მის გარეშე "ატლანტას" ძალიან გაუჭირდება გათამაშების ცხრილში ამჟამინდელი ადგილის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ "ჰოქსი" მესამე ადგილზეა აღმოსავლეთში, "ინდიანასა" და "მაიამის" შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული