NBA-ს ყველა ვარსკვლავის უქმეები: უოლმა შაკლემორს მოუგო

AutoSharing Option
ნიუ ორლეანში "ოლ სტარის" უქმეები, ტრადიციულად, ახალბედებისა და "მეორეწლიანების" მატჩით დაიწყო. გუნდების შემადგენლობები, ერთგვარი დრაფტით, NBA-ს ლეგენდებმა - გრანტ ჰილმა და კრის უებერმა დააკომპლექტეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის სასტარტოში ბევრი მაღალი კალათბურთელი იყო (ჰილის გუნდში - ვალანჩუნასი და დრამონდი, უებერის გუნდში - სალინჯერი, ოლინიკი და დევისი), ფარქვეშ იმ დღეს მხოლოდ ერთი მოთამაშე დომინირებდა - "დეტროიტის" ცენტრი ანდრე დრამონდი. მან ახალბედების მატჩის ახალი რეკორდი დაამყარა, როცა 25 მოხსნით (აქედან 14 - მეტოქის ფარზე) დაასრულა შეხვედრა. შედარებისთვის, მეტოქის ყველა კალათბურთელმა ერთად
მხოლოდ სამი მოხსნით მეტი აიღო.

სიმბოლურია, რომ მატჩის ბედიც, ძირითადად, დრამონდის მოხსნით გადაწყდა. მეორე ტაიმის დასრულებამდე 33 წამით ადრე უებერის გუნდი ორი ქულით აგებდა და რატომღაც ბრედლი ბილზე ჯარიმის აღება გადაწყვიტა. "ვაშინგტონის" მცველმა პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა. დრამონდმა შეტევაში მოხსნა ბურთი და მეტოქეს მასზე ჯარიმის აღება მოუწია. დეტროიტელმა ორივე ბურთი ჩააგდო. თეთრმაისურიანებმა სწრაფი ორი ქულითა და ჯარიმებით სცადეს სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ბარნსსა და ბილს საჯარიმოებისას ხელი არ აუკანკალდათ და უებერის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.

მატჩში იყო საინტერესო 10-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც უეიტერსისა და ჰარდუეი-უმცროსის პირად დაპირისპირებად გადაიქცა. მათ, შესაბამისად, 23 და 22 ქულა დააგროვეს, ძირითადად, შორეული ტყორცნებით.

უებერი-ჰილი 136:142
66:67, 70:75
უ: ჰარდუეი (36), პლამლი (20+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), კარტერ-უილიამსი (17+9 პასი+6 მოხსნა), დევისი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), სალინჯერი (13), ოლადიპო (13).
ჰ: უეიტერსი (31+7 პასი+3 ჩაჭრა), დრამონდი (30+25 მოხსნა), ბილი (21+5 მოხსნა), ბარნსი (16), ჯონსი (14+6 მოხსნა), ლილარდი (13+5 მოხსნა+5 პასი).

ოსტატობის კონკურსი
აქ გამარჯვებული გახდა დანიელ ლილარდისა და ტრეი ბერკის დუეტი, რომელმაც ყველაზე სწრაფად გაიარა დისტანცია და ყველა პირობა შეასრულა - 45.2 წამი. დასავლეთსა და აღმოსავლეთის მცველებს შორის ბრძოლაში ლილარდმა და ბერკმა დებიუტანტებს - მაიკლ კარტერ-უილიამსისა და ვიქტორ ოლადიპოს მხოლოდ 0.1 წამით აჯობეს. ასე რომ, ლილარდმა დაიცვა შარშან მოპოვებული ყველაზე ოსტატური მცველის ტიტული.

გორან დრაგიჩმა და რეჯი ჯექსონმა, აგრეთვე, იანის ადეტოკუნბოსა და დემარ დეროზანის დუეტმა წააგეს ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლები.

სნაიპერების კონკურსი
მაიამელი კრის ბოშის გუნდმა მოიგო სნაიპერების შეჯიბრება. მის გუნდში იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქალების NBA-ს სამგზის ჩემპიონი სუინ კეში და ლეგენდარული დომინიკ უილკინსი. ბოშმა ფინალში ყველა სამქულიანი ააცილა, სამაგიეროდ, ცენტრიდან ორი ბურთი ჩააგდო და მოაგებინა ფინალში აღმოსავლეთს. დასავლეთის ღირსებას ფინალში კევინ დურანტის გუნდი იცავდა.

სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსი დაიწყო დასავლეთის წარმომადგენელმა კევინ ლავმა. მას იმედგაცრუება ელოდა: ჯერ ერთი, დროში ვერ ჩაეტია. გარდა ამისა, "პრემიალური" ხუთი ბურთიდან ოთხი ააცილა მიზანს. 16 ქულა - არასაკმარისი იყო ფინალში გასასვლელად. თუმცა დამიენ ლილარდმა მხოლოდ ორი ქულით გაუსწრო ლავს, მარკო ბელინელიმ კი ამ შედეგს ერთი ქულა დაუმატა.

დადგა სტივენ კარის ჯერი და აქ პუბლიკას იმედგაცრუება ელოდა: "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა მოულოდნელად გაიმეორა ლავის შედეგი. დასავლეთიდან ფინალში გავიდა ბელინელი, რასაც არავინ ელოდა.

მაგრამ ყველაზე უარესი იმ დღეს ჯო ჯონსონი იყო. მან ხუთივე სროლა ააცილა იმ წერტილიდან, რომელიც თავად მიიჩნია საკუთარი თავისთვის ყველაზე მოხერხებულად, ბოლო კალათიდან კი მხოლოდ ერთი ჩააგდო. მას გაუსწრეს არონ აფლალომ, კაირი ირვინგმა და ბრედლი ბილმა. სწორედ ეს ვაშინგტონელი გავიდა აღმოსავლეთიდან ფინალში, შარშანდელმა გამარჯვებულმა ირვინგმა კი დათმო ტიტული.

ფინალი ბელინელიმ დაიწყო და 19 ქულა დააგროვა, რაც მოგებისთვის სავსებით მისაღები შედეგი იყო, მაგრამ ბილი არ დანებდა. ბოლო ხუთი სროლის წინ ის უიმედოდ აგებდა, მაგრამ დარჩენილი ყველა ბურთი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. მოუწიათ ფინალისტებისთვის დამატებითი ცდის მიცემა და უფრო გამოცდილმა იტალიელმა მოუგო ახალგაზრდა კოლეგას. ბელინელიმ ფანტასტიკური 24 ქულა აიღო, ბილი კი 18 ქულით შემოიფარგლა.

ჩატენვების კონკურსი
ჯერი დადგა ყველაზე საინტერესოზე - ჩატენვების კონკურსზე. აქაც - აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ. პირველი რაუნდი გახურებას დაეთმო. კალათბურთელები უფრო ერთობოდნენ, ვიდრე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

კონკურსის მეორე ნაწილი უფრო საინტერესო გამოვიდა. აქ სამი პირადი დუელი ვიხილეთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებს შორის. თავდაპირველად, ტერენს როსმა დაამარცხა დამიენ ლილარდი და განამტკიცა აღმოსავლეთის უპირატესობა. შემდეგ მსაჯებმა (დომინიკ უილკინსი, მეჯიქ ჯონსონი და ჯულიუს ირვინგი) ჰარისონ ბარნსს მიანიჭეს უპირატესობა პოლ ჯორჯთან შერკინებაში.

ყველაზე საინტერესო კი მესამე დუელის დროს მოხდა, რადგან საქმეში ჩაერთო NBA-ს მთავარი "მასხარა" შაკილ ო'ნილი. მან მეფედ "აკურთხა" "საკრამენტო კინგზის" მცველი ბენ მაკლემორი, მის გუნდს სახელი გადაარქვა და "შაკრამენტო" უწოდა, თავად ბენს კი მიანიჭა გვარი - "შაკლემორი".

ბოლოს კი მოედანზე გამოიტანეს მეფის სავარძელი, რომელშიც თავად შაკი ჩაჯდა. მაკლემორი თავზე გადაახტა ლეგენდას და ისე ჩატენა ბურთი.

მაგრამ მაკლემორსა და დასავლეთს არ ეწერა იმ დღეს გამარჯვება. ჯონ უოლმა აღფრთოვანებაში მოიყვანა ნიუ ორლეანის დარბაზი: "ვაშინგტონის" მცველმა წინ დაიყენა საკუთარი კლუბის თილისმა, რომელსაც მაღლა ჰქონდა აღმართული ბურთი. უოლი გამოიქცა, ნახტომში წაართვა ბურთი თილისმას, თავზე გადაახტა მას და ჰაერში ფართან ზურგშექცევით მყოფმა ორი ხელით ჩატენა.

ყველაფერი ცხადი იყო - აღმოსავლეთმა მოიგო, ხოლო 2014 წლის საუკეთესო დანკერად უოლი გამოცხადდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული