რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, "სან ანტონიომ" 34 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი, მის შემადგენლობაში კი ერთბაშად რვა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედში მოაწყვეს გადამწყვეტი გაქცევა და მშვიდად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე.
"ოკლაჰომამ" მესამე მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც მწყობრში ჩადგა ამ გუნდის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. "თანდერი" საკუთარ მოედანზე იღებდა "კლივლენდს" და მასპინძლების მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუქსი ხუმრობდა, რომ ის უკმაყოფილო დარჩა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" კაირი ირვინგის თამაშით.
შეგახსენებთ, რომ ბრუქსი დასავლეთის მწვრთნელი იყო, ირვინგმა კი მეოთხე მეოთხედში ბრწყინვალე თამაშით აღმოსავლეთი მოგებამდე მიიყვანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.
უცნობია, მოისმინა თუ არა ირვინგმა მეტოქის მწვრთნელის სიტყვები, მაგრამ ბრუქსს ისევე გაუსწორდა, როგორც ეს "ოლ სტარზე" გააკეთა. ბოლო მეოთხედში "კლივლენდის" პლეიმეიკერმა 14 ქულა დააგროვა, სულ მატჩში კი 31 ქულა ჩააგდო და ამას 9 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაუმატა. მისი ოკლაჰომელი ვიზავი კევინ დურანტიც ბრწყინვალე იყო: 28 ქულა+10 მოხსნა+9 პასი, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოლო მეოთხედის შუაში დურანტის სამქულიანით "ოკლაჰომა" 97:95 დაწინაურდა, მაგრამ "კლივლენდის" 8:0 გაქცევამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. მოპოვებული უპირატესობა სტუმრებმა ბოლომდე აღარ გაუშვეს ხელიდან.
"ოკლაჰომამ" ვარსკვლავური უქმეების შემდეგ მესამე საშინაო მატჩი წააგო, სულ კი სამმატჩიანი წაგებათა სერია დაუგროვდა. ასე რომ, რასელ უესტბრუკმა დაბრუნების შემდეგ ჯერ ვერც ერთი მატჩი მოიგო.
* * *
"ბრუკლინისთვის" კატასტროფული აღმოჩნდა პორტლენდში მგზავრობა. საკუთარი ლიდერის, ლამარკუს ოლდრიჯის გარეშეც "ბლეიზერსმა" მთელი თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა და 44 (!) ქულით გაანადგურა მეტოქე (124:80).
"ნეტსისთვის" ეს არის მხოლოდ მეშვიდე შემთხვევა ისტორიაში, როცა მან მოწინააღმდეგესთან მინიმუმ 40 ქულა წააგო. ბოლოს ასეთი რამ 2003 წელს მოხდა, როცა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი "ნეტსის" გამთამაშებელი იყო. ხოლო აბსოლუტურ საკლუბო ანტირეკორდამდე (1978 წელს, "ჰიუსტონთან" 87:139) ბრუკლინელებს 8 ქულა არ ეყოთ.
ფილადელფია-ორლანდო 90:101
22:19, 22:21, 23:27, 23:34
ფ: ტ. იანგი (19), როუტენი (15).
ო: ვუჩევიჩი (21+13 მოხსნა), ოლადიპო (17+11 მოხსნა), ნელსონი (16+12 პასი).
ბოსტონი-ატლანტა 115:104
25:27, 33:29, 23:23, 34:25
ბ: ბეილესი (29), რონდო (22+11 პასი), ჯეფ გრინი (17), დ. უოლასი (12+10 მოხსნა).
ა: დ. ტიგი (26), კეროლი (24), კორვერი (17).
ჩიკაგო-გ. სტეიტი 103:83
21:24, 35:21, 24:14, 23:24
ჩ: გიბსონი (21), რ. ბატლერი (16), დანლივი (15), ბუზერი (15+13 მოხსნა).
გ-ს: ჯორ. კროუფორდი (16).
დალასი-ნ. ორლეანი 108:89
20:27, 29:16, 29:24, 30:22
დ: ელისი (23), ნოვიცკი (18), ვ. კარტერი (17).
ნ-ო: ე. გორდონი (19), რობერტსი (17).
მემფისი-ლეიკერსი 108:103
31:23, 34:23, 17:27, 26:30
მ: კ. ლი (18), ტ. ალენი (17), მ. გასოლი (14+12 მოხსნა).
ლ: მიქსი (19), უ. ჯონსონი (18), რ. გასოლი (17+10 მოხსნა), ფარმარი (16).
ოკლაჰომა-კლივლენდი 104:114
27:26, 25:25, 24:41, 28:42
ო: დურანტი (28+10 მოხსნა+9 პასი), უესტბრუკი (24), იბაკა (16+13 მოხსნა).
კ: ირვინგი (31), ჯეკი (21), ჰოიესი (19), ტ. ტომპსონი (11+11 მოხსნა).
სან ანტონიო-დეტროიტი 120:110
28:26, 29:27, 33:28, 30:29
ს-ა: ბელინელი (20), ჯინობილი (16), ლეონარდი (15).
დ: ჯოშ სმიტი (24), სტაკი (17), დრამონდი (16+17 მოხსნა), სინგლერი (15).
იუტა-ფინიქსი 109:86
28:25, 25:19, 25:20, 31:22
ი: რ. ჯეფერსონი (17), ჰეივორდი (17+10 მოხსნა), ფეივორსი (15), ბერქსი (15), გარეტი (15).
ფ: ჯერ. გრინი (17), გუდვინი (16).
პორტლენდი-ბრუკლინი 124:80
29:20, 29:14, 24:25, 42:21
პ: მო უილიამსი (21), ბარტონი (20+11 მოხსნა), ბატუმი (19).
ბ: დერონ უილიამსი (12).
კლიპერსი-ჰიუსტონი 101:93
26:22, 20:26, 28:25, 27:20
კ: გრიფინი (23+16 მოხსნა), დ. კოლისონი (19), ჯორდანი (13+10 მოხსნა).
ჰ: ჰოვარდი (23+11 მოხსნა), ჰარდენი (18), ჯ. ჰემილონი (16).
ბაზარი გააქტიურდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - უკვე ერთი კვირაა მორატორიუმი არსებობს ტრეიდებზე, მაგრამ არავის აუკრძალავს თავისუფალ აგენტებთან მუშაობა. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ასე იმიტომ ხდება, რომ დასასრულს უახლოვდება სეზონი ჩინეთის ლიგაში, სადაც ბევრი ძლიერი ამერიკელი თამაშობს.
მაგრამ ტიტულის პრეტენდენტებისთვის კვალიფიციური მუშახელია - კალათბურთელები, რომელთა კონტრაქტები აწ უკვე ყოფილმა კლუბებმა გამოისყიდეს. მეორენაირად რომ ვთქვათ, ისინი, რომლებმაც კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს ხელშეკრულებები.
გლენ დევისს, რომლის კონტრაქტი გამოისყიდა "ორლანდომ", 26 თებერვალს დებიუტი ჰქონდა "კლიპერსის" შემადგენლობაში და დაეხმარა მას "ჰიუსტონზე" გამარჯვებაში. დევისის შემდეგ კალიფორნიული კლუბის ახალწვეული შეიძლება გახდეს "ინდიანადან" დათხოვნილი დენი გრეინჯერი, თუმცა ეს კალათბურთელი ერთ-ერთი ყველაზე სასურველია თავისუფალი აგენტების ბაზარზე და მისი დახმარებით დაინტერესებულნი არიან - "სან ანტონიო", "ჰიუსტონი", "მაიამი" და "ჩიკაგო".
"მაიამი" მხოლოდ გრეინჯერს არ უმიზნებს. მოქმედი ჩემპიონები აკვირდებიან სიტუაციას "მილუოკიში", რომელიც აპირებს კერონ ბატლერის კონტრაქტის გამოსყიდვას. თითქმის დასრულებულია ჯიმერ ფრედეტის წასვლა "საკრამენტოდან" და მცველს ახლა "მემფისში" ელოდებიან. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 26 თებერვალს უკვე გაძლიერდა, როცა ბენო უდრიხი დაიმატა. ამ კალათბურთელმა და მეტა უორლდ პისმა ვადაზე ადრე გაწყვიტეს კონტრაქტი "ნიუ იორკთან". თავად "ნიქსი" შემადგენლობაში ადგილის გამონთავისუფლების შემდეგ ირლ კლარკისა და შენონ ბრაუნის გაფორმებას აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"