გუშინ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში სულ ორი მატჩი გაიმართა, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამორჩეული გახლდათ. მაიამიში გაქცევის შემდეგ მშობლიურ კლივლენდს ლებრონ ჯეიმსი დაუბრუნდა.
"მოღალატე დაბრუნდა", - ასეთი პლაკატები დაახვედრეს ყოფილ კერპს კლივლენდელმა გულშემატკივრებმა. შემადგენლობების დასახელებისას "ჯეიმსის" გვარს გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ. დარბაზში ისეთი ხმაური იყო, რომ ლებრონს მხოლოდ მოედნიდან გაქცევა თუ უშველიდა. მაგრამ ჯეიმსმა გაძლო და სრულიად აუღელვებლადაც გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, თავისი საფირმო ნომერიც კი შეასრულა და ერთი მუჭა ტალკი ჰაერში აისროლა.
მოკლედ, თამაშის წინ ეს ყველაფერი მეტად დამაინტრიგებლად გამოიყურებოდა, რასაც
ყველაფერი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 16:0 გაქცევით გახსნეს. ამის შემდეგ მხოლოდ ის იყო გასარკვევი - საბოლოოდ რა ანგარიშით გაიმარჯვებდა "მაიამი". საფინალო სირენამ ფლორიდელთა 30-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
მატჩის გმირი სწორედ ჯეიმსი გახდა, რომლის აქტივში 38 ქულა (თამაშიდან - 15/25, სამქულიანი - 2/7, საჯარიმო - 6/9), 8 პასი, 5 მოხსნა, თითო ჩაჭრა და დაფარება იყო. ამასთან, ლებრონს არცერთხელ არ დაუკარგავს ბურთი და მხოლოდ ერთი პერსონალური მიიღო. ასეთი მონდომებითა და მობილიზებით წელს ჯეიმსს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
სხვათა შორის, ლებრონმა ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მცველ ჯეფ ჰორნაჩეკსა და ფორვარდ ლარი ნესის გაუსწრო და პირველ ასეულს მიაუხლოვდა. იქ შესასვლელად მაიამელს უახლოეს მატჩებში 66 ქულის დაგროვება სჭირდება და ამ შემთხვევაში ლეგენდარულ გერმანელ დეტლეფ შრემპფს გაასწრებს. ამჟამად ჯეიმსის ანგარიშზე 15 696 ქულა მოდის.
"თამაშამდე, თამაშის დროს და მის შემდეგაც ბევრს ვფიქრობდი, - აღიარა მატჩის დასრულების შემდეგ ლებრონმა. - კლივლენდელი გულშემატკივრების შესახებ ცუდის თქმა არ შემიძლია. არც ერთ მათგანზე. მე მათთან ერთად ვიყავი იმ დღიდან, როცა 17 წლის ასაკში NBA-ის დრაფტზე ამირჩიეს. ერთად ვიზრდებოდით, ერთად გავხდით ზედიზედ ორჯერ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი. მე მესმის მათი იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გაიგონ და მიიღონ ჩემი გადაწყვეტილება. მეც ვიყავი იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ვერ მიავაღწიეთ იმას, რაც ერთად გვქონდა ჩაფიქრებული. ყველა კლივლენდელს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".
* * *
ლებრონის დაბრუნების ფონზე ჩრდილში მოექცა ოკლენდში გამართული შეხვედრა, სადაც დევიდ ლის გამოჯანმრთელებით გამხნევებული "გოლდენ სტეიტი" შინ "ფინიქსის" დამარცხებას გეგმავდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. პირველივე მეოთხედში "ფინიქსმა" მაღალი სიჩქარე ჩართო და სტივ ნეშის მეთაურობით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, "მეომრების" დამრიგებელი კიმ სმარტი ვერ შეურიგდებოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას და უკვე პირველივე ტაიმში კორექტივები შეიტანა თავისი გუნდის მოქმედებაში. სტივ ნეშს კარგი თამაშით უპასუხა მონტა ელისმა, რომელმაც გუშინ ლებრონის მსგავსად 38 ქულით აღინიშნა. მას დევიდ ლიც წამოეხმარა და კალიფორნიელებმა შეძლეს მინიმუმამდე ანგარიშის შემცირება. მაგრამ "გოლდენ სტეიტის" დამრტყმელ დუეტს პარტნიორები ვერ წამოეხმარნენ და "ფინიქსმა" საბოლოოდ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
კლივლენდი-მაიამი 90:118
23:31, 17:28, 25:36, 25:23
კ: გიბსონი (21), სეშენსი (11+7 პასი), უილიამსი (11+6 პასი), ჯეიმისონი (11).
მ: ჯეიმსი (38+8 პასი+5 მოხსნა), უეიდი (22+9 მოხსნა+9 პასი), ჯონსი (18+6 მოხსნა), ბოში (15+5 მოხსნა).
გ. სტეიტი-ფინიქსი 101:107
20:31, 29:21, 23:23, 29:32
გ-ს: ელისი (38+7 პასი), ლი (25+8 მოხსნა+5 პასი), რაიტი (10+10 მოხსნა+7 პასი).
ფ: რიჩარდსონი (25), ჰილი (24), ნეში (13+16 პასი), ფრაი (10+10 მოხსნა).
* * *
სერიოზული ტრეიდის განხორციელებას გეგმავს "ორლანდო მეჯიქი". ზოგიერთი წყარო იტყობინება იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა "ვაშინგტონ უიზარდს" გილბერტ არენასის შეძენის თაობაზე დაუკავშირდა.
ვარაუდობენ, რომ გაცვლაში "ორლანდოს" მხრიდან ჩართული იქნებიან მცველი ვინს კარტერი, ფორვარდი რაშარდ ლუისი და ცენტრი დანიელ ორტონმა, "ვაშინგტონის" მხრიდან - მძიმე ფორვარდი ანდრეი ბლეტჩი და რა თქმა უნდა, გილბერტ არენასი.
ორივე გუნდმა მიაღწია ამ მოთამაშეებზე შეთანხმებას, მაგრამ ჯერ უცნობია რა ფაქტორები უშლის ხელს გარიგების განხორციელებას.
* * *
წლევანდელი რეგულარულის ერთ-ერთი ახალბედა, შესაძლოა, გაცვლის ობიექტი გახდეს. დემარკუს კაზინსს მუდმივი უთანხმოება აქვს "საკრამენტო კინგზის" ხელმძღვანელობასთან და ამიტომაც სამწვრთნელო შტაბი კალათბურთელის გაშვებას ფიქრობს. შესაბამისად, ბოლო დროს პრესაში აქტიურად განიხილება 2010 წლის დრაფტის მეხუთე ნომრის შესაძლო ტრეიდი.
20 წლის ცენტრზე პრეტენზიას "ჰიუსტონ როკეტსი" და "დეტროიტ პისტონზი" აცხადებენ.