სატრანსფერო უიქენდი

AutoSharing Option
გასულ უიქენდზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა.
მაგალითად, ორ კალათბურთელს მოელაპარაკა "ჩიკაგო ბულზი". "ხარებთან" სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს კაილ კორვერი. გარიგების თანახმად კალათბურთელი ჯამში 15 მილიონ დოლარს გამოიმუშვებს. გასულ სეზონში კორვერმა "იუტას" შემადგენლობაში ითამაშა და საშუალოდ 7.2 ქულა და 2.1 მოხსნა მოიპოვა.

გარდა ამისა, სავარაუდოდ "ჩიკაგოში" გააგრძელებს კარიერას მცველი ჯეი ჯეი რედიკი, რომელმაც შარშან "ორლანდოში" თამაშობდა. ამ შემთხვევაშიც კონტრაქტი სამწლიანი იქნება, ოღონდ რედიკი კორვერზე ოთხი მილიონით მეტს მიიღებს. გასულ სეზონში ამ კალათბურთელის შედეგიანობა 9.6 ქულას უდრიდა.
შეგახსენებთ, რომ
გასულ კვირას "ჩიკაგომ" ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა - "იუტას" ყოფილი ფორვარდი კარლოს ბუზერი გაიფორმა.

გამთამაშებელი რაიმონდ ფელტონი შემდეგი სეზონიდან "ნიუ იორკ ნიქსის" შემადგენლობაში ითამაშებს. კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ მოთამაშის წლიური ხელფასი 7 მილიონი დოლარის ტოლი იქნება.
შარშან "შარლოტში" ფელტონის საშუალო სტატისტიკური მონაცემები 12.1 ქულას და 5.6 შედეგიან პასს უდრიდა. სხვათა შორის, ფელტონი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე უძლიერეს გამთამაშებლად მიიჩნეოდა.
გარდა ამისა, "ნიქსის" ახალწვეული გახდება რუსი ტიმოფეი მოზგოვი. "ხიმკის" ცენტრი ნიუიორკულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"მაიამი ჰიტის" პრეზიდენტი პატ რაილი დღეს მოლაპარაკებებს გამართავს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გამთამაშებელ დერეკ ფიშერთან. ვეტერანს კალიფორნიულ კლუბთან სურს ახალი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ პარალელურად სატრანსფერო ბაზრის შესაძლებლობებს განიხილავს. ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" ფიშერს ერთწლიან და 2.5-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს.
"მაიამის" გარდა, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონით "ჩიკაგო" და "ნიუ ჯერსი" გამოხატავენ დაინტერესებას.

"ლეიკერსი" იმედი გამოთქვამს, რომ შეძლებს ფიშერის შენარჩუნებას. "მათ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააბრუნონ დერეკი, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასად დაუჯდებათ ეს. მან ჩვენ გუნდში უნდა ითამაშოს, რადგან "ლეიკერსში" ფიშერის როლი შეუფასებელია", - განაცხადა "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

ამ ზაფხულს უკვე მეორე კალათბურთელი გაიფორმა "ნიუ ჯერსი ნეტსმა". ამ გუნდმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფრანგ ცენტრ იოჰან პეტროსთან. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს უდრის.

24 წლის კალათბურთელი "ნეტსში" ძირითადი ცენტრის - ბრუკ ლოპესის შემცვლელის როლს შეასრულებს. პეტრომ გასული სეზონი "დენვერში" ჩაატარა და საშუალოდ 3.4 ქულა და 3.6 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე "ნიუ ჯერსიმ" ხუთი წლით თავისუფალი აგენტი ტრევის აუთლო გაიფორმა.
დაბოლოს, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ტიაგო სპლიტერი "სან ანტონიო სპურსში" გადადის სათამაშოდ. "კახა ლაბორალის" 25 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "სპურსის" ხელმძღვანელობასთან. ხელშეკრულება ამ კვირას გაფორმდება.
წელს ტიაგო სპლიტერი ესპანეთის ჩემპიონი და სეზონის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული