დალასი ირმებმა შეაჩერეს

AutoSharing Option

"მილუოკი ბაქსმა" გასულ საღამოს ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ამ სეზონში "დალას მავერიქსის" წაგება იშვიათი მოვლენაა. გუშინდელ შეხვედრამდე "კოვბოებს" ბოლო მატჩი 19 ნოემბერს ჰქონდათ წაგებული ("ჩიკაგოსთან"). მას შემდეგ "დალასმა" ზედიზედ 12 თამაში მოიგო და ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დასავლეთში მასზე წინ მხოლოდ თანაშტატელი "სან ანტონიო" იყო.

"ბაქსის" გამარჯვება მით უმეტეს დასაფასებელია, რადგან ეს გუნდი სტუმრად თამაშობდა, არადა, აქამდე "მილუოკის" მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა გასვლაზე მოგებული.

შეხვედრის დასაწყისი სენსაციას არ მოასწავებდა. მასპინძლები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას და მეორე მეოთხედისთვის 20-ქულიანი უპირატესობას მიაღწიეს. American

airlines center-ის გულშემატკივრები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ აჩქარდნენ. სტუმრებმა რეზერვისტების - დულინგის, ილიასოვას, გუდენისა და დუგლას-რობერტსის მონდომებით შეაჩერეს მეტოქის წინსვლა. ცნობისთვის, "მილუოკის" სათადარიგო კალათბურთელებმა ჯამში 54 ქულა დააგროვეს.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში გათანაბრდა - 79:79. "დალასი" მიხვდა, რომ თითქმის მოგებულ მატჩს აგებდა და ისევ მოუმატა თამაშს - მერიონმა წარმატებული გარღვევა განახორციელა, ნოვიცკიმ კი სამქულიანი დაამატა - +5 მასპინძლების სასარგებლოდ. მაგრამ "მილუოკიმ" უფრო შთამბეჭდავი სპურტით უპასუხა - 14:0. აქ უკვე "ბაქსის" სასტარტო ხუთეულის წევრებმა გამოიღეს ხელი - სალმონსი, ბოგუტი და ჯენინგსი. სხვათა შორის, "ბაქსის" ახალგაზრდა პლეიმეიკერმა მატჩის წინ ჯეისონ კიდთან ერთად ისადილა და ალბათ, სახელოვანი გამთამაშებლისგან რამდენიმე საჭირო რჩევა მიიღო.

თუმცა "დალასს" მატჩის ბოლოს გადარჩენის შანსი სწორედ ჯენინგსმა მისცა. საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე მან საშუალო ტყორცნა ააცილა და ბოლო შეტევის შანსი მისცა მასპინძლებს. "კოვბოებმა" თითქოს ზუსტად გაათამაშეს ბურთი, სასროლ პოზიციაზე ნოვიცკი გაიყვანეს, მაგრამ ამჯერად გერმანელმა ოთხი მეტრიდან ააცილა და ასე შეწყდა მისი გუნდის მოგებათა სერია.
ორი საინტერესო და უცნაური იუბილე აღნიშნა "იუტამ" "გოლდენ სტეიტთან" მატჩის წინ: ლეგენდარული ჯონ სტოქტონის რიგით 14000-ე შედეგიანი პასის ათი წლისთავი და გენიალური მცველის პიტ მარავიჩის 7-ნომრიანი მაისურის აღმართვის 25 წლისთავი. "ჯაზმენებმა" არ ჩაამწარეს გულშემატკივრებს ეს ზეიმი, თუმცა მატჩის ბედის გარკვევა ბოლო მეოთხედისთვის გადადეს, რომელიც 27:14 მოიგეს და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს.

"დალასისგან" განსხვავებით, თავისი სერია გააგრძელა "მაიამი ჰიტმა" - მან ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს "დიდი ტრიოს" სტატისტიკური მიღწევა. "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ჯამში 75 ქულა დააგროვეს. ეს მთელი გუნდის მონაგარის 78.13 პროცენტი იყო - მეორე მაჩვენებელი სეზონში. პირველი (84.2 პროცენტი) იმავე ტრიომ აჩვენა ერთი კვირის წინ "ატლანტას" წინააღმდეგ მატჩში. სხვათა შორის, ჯეიმსმა, უეიდმა და ბოშმა ამ სეზონში უკვე მერვე მატჩში დააგროვეს საერთო ქულათა მონაგარის 75 პროცენტი.

მაიამი-ნიუ ორლეანი 96:84
25:23, 28:31, 29:21, 14:9
მ: უეიდი (32+5 მოხსნა), ბოში (23+11 მოხსნა), ჯეიმსი (20+7 პასი).
ნ-ო: უესტი (26+12 მოხსნა), არიზა (13), პოლი (11+8 მოხსნა+5 პასი).

ჩიკაგო-ინდიანა 92:73
27:18, 16:23, 22:17, 27:15
ჩ: ბუზერი (22+18 მოხსნა), როუზი (17+12 პასი+6 მოხსნა), დენგი (15+9 მოხსნა), ნოა (12+5 მოხსნა).
ი: რაში (13+5 მოხსნა), დანლივი (12+8 მოხსნა).

მემფისი-პორტლენდი 86:73
23:18, 26:24, 12:22, 25:9
მ: რენდოლფი (25+20 მოხსნა), გეი (16+5 მოხსნა), მაიო (14), კონლი (11+5 მოხსნა).
პ: მეტიუზი (18), მილერი (14+9 პასი+6 მოხსნა), ოლდრიჯი (13+6 მოხსნა).

დალასი-მილუოკი 99:103
26:15, 277:28, 22:32, 25:28
დ: ნოვიცკი (30+7 მოხსნა), მერიონი (14+5 მოხსნა), ტერი (12), კიდი (11+10 პასი+7 მოხსნა), ჩენდლერი (11+9 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (23+10 პასი+5 მოხსნა), ბოგუტი (21+14 მოხსნა), დულინგი (16), დუგლას-რობერტსი (14+5 მოხსნა), ილიასოვა (12).

იუტა-გ. სტეიტი 108:95
20:23, 23:23, 31:24, 34:25
ი: უილიამსი (30+10 პასი+7 მოხსნა), მაილზი (20+6 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა), ჯეფერსონი (13+8 მოხსნა), კირილენკო (12).
გ-ს: რაიტი (20+6 მოხსნა), უილიამსი (19+6 პასი+5 მოხსნა), ლი (18+12 მოხსნა), ელისი (16+5 პასი).


ოქური შობაზე დაბრუნდება
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "იუტა ჯაზს" უბრუნდება თურქი ცენტრი მეჰმეთ ოქური. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა აპრილში, პლეი ოფის პირველ წრეში "დენვერთან" მიიღო ტრავმა. და ახლა, რვა თვის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ოქური უკვე შობისთვის შეძლებს მოედანზე გასვლას.

"ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ვიხილავთ მეჰმეთს მოედანზე. რა თქმა უნდა, ეს ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ ორი კვირაზე მეტი საჭირო არ იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა რენდი რიგბიმ.


იაოს მოედანზე არ უშვებენ
ოქურის მსგავსად, მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის "ჰიუსტონის" ცენტრი იაო მინი, თუმცა კლუბის ექიმები არ იზიარებენ ჩინელი ვარსკვლავის ოპტიმიზმს და აცხადებენ, რომ იაო ჯერ მზად არ არის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში სათამაშოდ.

"ექიმების დასტურს ველოდები, - განაცხადა მინმა. - როდის მოხდება ეს? ჯერ არ ვიცი. თუმცა დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.
არ ვაჩქარებ მწვრთნელსა და ექიმებს. მესმის, რომ მათ სურთ ბოლომდე მოვირჩინო ტრავმა. თუმცა დრო არ ითმენს და კლუბს ჩემი დახმარება სჭირდება".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული