იაომ დაამთავრა?

AutoSharing Option

როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა "ჰიუსტონ როკეტსის" ჩინელი ცენტრის იაო მინის კარიერა. 30 წლის აზიელი ფეხის ტრავმის გამო 10 ნოემბრიდან თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება და ამ დღეებში აპირებდა რეგულარულ ჩემპიონატში თამაშის განახლებას, მაგრამ 226 სანტიმეტრი სიმაღლის იაოს ახალი მოტეხილობა აღმოუჩინეს - ამჯერად მარცხენა ფეხზე.

ექიმები ჩინელის დაბრუნების მიახლოებით თარიღსაც ვერ ასახელებენ და როგორც ჩანს, ეს არასასიამოვნო ამბავი ხაზს უსვამს ამ კალათბურთელის კარიერას. თუმცა თავად მინი ოპტიმისტურად არის განწყობილი: "მე არ მოვმკვდარვარ! მშვიდად მივირთმევ ლუდს და ქათმის ხორცს. გეგონათ, საკუთარი დასაფლავებისთვის ვემზადებოდი? გაოცებული

ვარ, რომ ექიმებმა დაზიანება აღმომიჩინეს, რადგან ტკივილს ვერ ვგრძნობდი. თუმცა ყოველთვის ცუდისთვის ვემზადებოდი. ამჯერად ახალ გამოკვლევას უნდა დაველოდო და გავიგო, რა არის საჭირო მკურნალობისთვის. თუ საჭიროა, ოპერაციასაც გავიკეთებ. ძველებურად იმედი მაქვს, რომ კალათბურთში დაბრუნებას შევძლებ".

წელს იაო მინმა მხოლოდ 5 მატჩში მოასწრო მოედანზე გამოსვლა და საშუალოდ 10.2 ქულა და 5.4 მოხსნა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ჩინელმა მძიმე ტრავმის გამო მთლიანად გააცდინა შარშანდელი სეზონი.


* * *
სერიოზული დანაკლისი განიცადა "ბოსტონ სელტიქსმაც". მას რამდენიმე კვირით გამოაკლდა რაჟონ რონდო - ლიგის ლიდერი შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. ეს ინფორმაცია სააგენტო AP-ს კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დენი ეინჯმა მიაწოდა.

რონდომ მარცხენა ფეხის ტრავმა "ნიუ იორკ ნიქსთან" მატჩში მიიღო. ინციდენტი მეოთხე მეოთხედის სტარტზე მოხდა, მაგრამ მცველმა თამაში გააგრძელა და მომდევნო დღეს "ატლანტას" წინააღმდეგ თამაშიც დაგეგმა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, გამთამაშებელს დასვენება ესაჭიროება.

წელს რონდო საშუალოდ 11,2 ქულასა და 13,8 შედეგიან გადაცემას (საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში) აგროვებს. ამ სეზონში მან უკვე გამოტოვა ოთხი შეხვედრა ბარძაყისა და ტერფის ტრავმის გამო.


* * *
არ გაუმართლა NBA-ის კიდევ ერთ ჩინელ ლეგიონერს იი იანლიანს. "ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" მატჩში მარჯვენა მუხლის დაზიანება მიიღო და ექიმების ვარაუდით დაახლოებით 2-4 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

მიმდინარე რეგულარულში იანლიანის სტატისტიკა 6,7 ქულასა და 3,6 მოხსნას შეადგენს.


ნიუ ჯერსი-ვაშინგტონი 97:89
32:17, 23:21, 19:29, 23:22
ნ-ჯ: ჰარისი (29+9 პასი), ლოპესი (18+5 მოხსნა), აუთლო (13+6 მოხსნა), ჰემფრიზი (12+17 მოხსნა).
ვ: იანგი (22), არენასი (19+9 პასი), ტორნტონი (18), ბუკერი (11+9 მოხსნა), ჰაინრიხი (10+6 პასი+4 ჩაჭრა).

ბოსტონი-ატლანტა 102:90
22:20, 22:23, 31:26, 27:21
ბ: ალენი (18+6 პასი), დევისი (18+10 მოხსნა), გარნეტი (17+14 მოხსნა), პირსი (15+5 მოხსნა+10 პასი), რობინსონი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ერდენი (10).
ა: უილიამსი (26+5 მოხსნა), ტიგი (18+3 ჩაჭრა), ბიბი (11+8 პასი), ფაჩულია (10).

დენვერი-სან ანტონიო 112:113
37:28, 23:29, 24:28, 28:28
დ: ენტონი (31+9 მოხსნა), აფლალო (20+5 მოხსნა), ნენე (19+5 მოხსნა), ლოუსონი (15+7 პასი), ჰარინგტონი (12), სმიტი (12).
ს-ა: დანკანი (28+16 მოხსნა+4 დაფარება), პარკერი (24+9 პასი), ჯინობილი (16), ჯეფერსონი (13), ბონერი (10).



საინტერესო ჭორები

ტელეკომპანია ESPN-ის ერთ-ერთი მიმომხილველის ინფორმაციით, "პორტლენდის" ლიდერი ბრენდონ როი რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ დაახლოებით შემდეგი განუცხადა: "მე და ანდრე მილერს არ შეგვიძლია ერთ გუნდში თამაში. სასწრაფოდ გაცვალეთ ამ ის ან მე".
აი ასეთი ამბები ხდება "ბლეიზერსში". თუ გავითვალისწინებთ როის ტრავმირებულ მუხლებსა და მის ხუთწლიან და 82-მილიონიან კონტრაქტს, უფრო მოსალოდნელი მილერის გაცვლაა, თუმცა ჟურნალისტებს ის აქვთ გასარკვევი, რამდენად მართებულია ეს ინფორმაცია. არც "პორტლენდის" გენერალურ მენეჯერს რიკ ჩოსა და არც კალათბურთელის აგენტ ბობ მაიერს არ დაუდასტურებიათ ეს ჭორი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრენდონმა პრესაში ღიად განაცხადა, რომ მილერს სწრაფად თამაში არ შეუძლია და აფერხებს გუნდის მოქმედებას.


* * *
მეორე ჭორი "შარლოტ ბობკეტსა" და მის მფლობელ მაიკლ ჯორდანს უკავშირდება. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კალათბურთის ლეგენდა დარწმუნდა, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო და მზად არის ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას სიტუაციის გამოსასწორებლად.
ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში კლუბი ტრანსფერზე დააყენებს თავის ლიდერებს - სტივენ ჯექსონსა და ჯერალდ უოლასს. "ბობკეტსის" მთავარ მწვრთნელს ლარი ბრაუნს უკვე დიდი ხანია კითხვები გაუჩნდა ამ კალათბურთელების მიმართ - გამოცდილი სპეციალისტი უკმაყოფილოა მათი მონდომებით. "ბოლო მატჩში დიდი შესვენების დროს მათთვის თხოვნა მომიწია, რომ ეთამაშათ და ბოლომდე დახარჯულიყვნენ მოედანზე, - ამბობს ბრაუნი. - ეს ჩემი სამუშაო არ არის. აღმაშფოთებელია, როცა მოთამაშეები დაცვაში არ ბრუნდებიან და მთელს ენერგიას არბიტრებთან კამათზე ხარჯავენ".


* * *
სამი კვირაა, რაც კალათბურთის გულშემატკივრები ტრადიციული გამოკითხვით "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო ხუთეულებს ირჩევენ. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა "ლეიკერსის" ლიდერ კობი ბრაიანტს აქვს მიღებული - მას უკვე 722 682 ადამიანმა დაუჭირა მხარი.

დასავლეთ კონფერენციაში ბრაიანტის შემდეგ "ოკლაჰომას" ფორვარდი კევინ დურანტი მოდის (470 881 ხმა). სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელ კრის პოლს (386 649) და "ლეიკერსის" ფორვარდ პაუ გასოლს (390 808). ცენტრებში ჩინელი იაო მინი (430 984) ლიდერობს, მაგრამ ტრავმის გამო "ოლ სტარზე" მისი თამაში გამორიცხულია.

სავარაუდოდ, აღმოსავლეთში სასტარტო ხუთეულს შემდეგი კალათბურთელები დააკომპლექტებენ: ცენტრი - დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო", 611 561 ხმა), ფორვარდები - ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი", 607 994), კევინ გარნეტი ("ბოსტონი", 456 111), მცველები - დუეინ უეიდი ("მაიამი", 570 489) და რაჟონ რონდო ("ბოსტონი", 497 141).


"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 2011 წლის 20 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული