გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი დიდი ტრეიდი განხორციელდა და ორივეში მონაწილეობა მიიღო "ორლანდო მეჯიქმა". კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დღევანდელი კადრებით რთული იყო აღმოსავლეთის ფავორიტებთან - "ბოსტონთან" და "მაიამისთან" - ჭიდილი და კარდინალურად გადაახალისა შემადგენლობა.
"მეჯიქს" ერთი გაცვლა "ფინიქსთან" ჰქონდა. მცველი ვინს კარტერი, ცენტრი მარსინ გორტატი და ფორვარდი მიკაელ პიეტრუსი "სანზში" გაუშვა, სანაცვლოდ კი მცველი ჯეისონ რიჩარდსონი, ფორვარდი ჰედო თურქოგლუ და ცენტრი ირლ კლარკი მიიღო. გარდა ამისა, "ორლანდოს" "ფინიქსისთვის" 2011 წლის დრაფტზე არჩევნის უფლების დათმობა და 3 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.
ასე რომ, "ორლანდომ" პრაქტიკულად მთლიანად იცვალა სახე. მნიშვნელოვანია ამ გუნდში თურქოგლუს დაბრუნება, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "მეჯიქში" გაატარა. საინტერესო დუეტი უნდა შექმნან არენასმა და რიჩარდსონმა - მათ თავის დროზე "გოლდენ სტეიტში" ერთად უთამაშიათ. დუაიტ ჰოვარდის დუბლიორი კი კლარკი იქნება, რომელიც მეორე სეზონს ატარებს ლიგაში.
* * *
ამასობაში, საინტერესო გაცვლას ამზადებენ "ფილადელფია" და "პორტლენდი". ESPN-ისთვის ცნობილი გახდა მომავალი ტრეიდის დეტალები. კერძოდ, "ბლეიზერსი" მიიღებს ანდრე იგუოდალას, ხოლო ფილადელფიაში გაემგზავრებიან ნიკოლა ბატუმი და ჯოელ პრჟიბილა.
ამ ტრეიდის განხორციელების შემთხვევაში, "პორტლენდი" შეძლებს თავისი ლიდერის, ბრენდონ როის გუნდიდან გაშვებას. ბოლო განცხადებების მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ როის და არა ანდრე მილერის გასხვისება სურს.
ასოციაციის რვა გუნდმა უკვე გამოთქვა როის გადაბირების სურვილი.
იაოსთვის ეს სეზონი აღარ არის
გაირკვა "ჰიუსტონ როკეტსის" ტრავმირებული ცენტრის - იაო მინის ბედი, რომელსაც სამი დღის წინ ექიმებმა ფეხის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინელ კალათბურთელს ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
შესაბამისად, იაო მთლიანად გამოტოვებს მიმდინარე სეზონს და ჯერ ისიც არ არის გარკვეული, საერთოდ შეძლებს თუ არა ის კარიერის განახლებას.