ნეტსი ისევ ენტონიზე ფიქრობს

AutoSharing Option

"ნიუ ჯერსი ნეტსი" "დენვერის" ლიდერის, კარმელო ენტონის ტრეიდის ვარიანტებს განიხილავს. თუმცა "ნაგეტსის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისას შექმნილი პრობლემის გარდა, თავად მოთამაშესთან ურთიერთობაშიც არის სირთულეები, რადგან მელოს "ნიუ იორკის" ვარიანტი უფრო ხიბლავს.

ფორვარდის დასარწმუნებლად "ნეტსი" "პორტლენდის" გამთამაშებლის, ანდრე მილერის გადაბირებას აპირებს, რომელთან ერთადაც ენტონი "ნაგეტსში" 2003-06 წლებში თამაშობდა. ამ კალათბურთელებს შორის მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, "ნეტსში" მიაჩნიათ, რომ მილერის გადასვლა კარმელოს "ნიუ ჯერსისთან" დაახლოებს.

"ნეტსი" იმდენად არის დაინტერესებული ენტონის გადაბირებით, რომ "პორტლენდს" მილერის სანაცვლოდ თავის ერთ-ერთ ლიდერს, დევინ ჰარისს სთავაზობს. წელს ჰარისის სტატისტიკა 16.9

ქულასა და 6.8 შედეგიან პასს უდრის, მილერი კი საშუალოდ 13.0 ქულასა და 7.3 პასს აგროვებს.

არსებობს კარმელოს გადაბირების მეორე ვარიანტი - ამ კალათბურთელში "ნეტსი" "დენვერს" მძიმე ფორვარდ დერიკ ფეივორსს, ცენტრ ტროი მერფისა და დრაფტის პირველ რაუნდში ორი სასურველი მოთამაშის არჩევის უფლებას აძლევს.


ანდრემ და ჯავალმა მართლა იჩხუბეს
გასულ კვირას გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაშინგტონ უიზარდსის" მოთამაშეებს - ანდრე ბლეტჩსა და ჯავალ მაკგის შორის ღამის ერთ-ერთ კლუბში ჩხუბი მოხდა. თავიდან კლუბის ხელმძღვანელობამ უარყო ეს ინფორმაცია და თავად მოთამაშეებაც განაცხადეს, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

მაგრამ ამ უარყოფის მიუხედავად, "ვაშინგტონის" ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლითაც ფაქტობრივად დაადასტურა მოთამაშეებს შორის ჩხუბი: "ინციდენტის დამატებით გამოძიების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ანდრე და ჯავალი ნამდვილი არაპროფესიონალებივით მოიქცნენ", - განაცხადა "უიზარდისის" პრეზიდენტმა ერნი გრენფილდმა.


კალათბურთელები კლუბის მიერ დისკვალიფიცირებულნი არიან და "სან ანტონიოსთან" შეხვედრას გამოტოვებენ. 


არტესტის ბეჭედი 500 ათასი დოლარი ღირს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანმა რონ არტესტმა თავისი საჩემპიონო ბეჭდის აუქციონზე გაყიდვით  500 ათასი დოლარი შეაგროვა. აუქციონი ლოს ანჯელესში, "ლეიკერსის" არენის გვერდით გაიმართა. ნახევარი მილიონი რთულად აღსაზრდელი მოზარდების ჯანმრთელობის რეაბილიტაციას მოხმარდება. 

არტესტი 2009 წელს გადავიდა "ლეიკერსში" და პირველივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი გახდა. 


ბრაუნმა კომენტატორობა დაიწყო
"კლივლენდ კავალიერზის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა ახალი სამსახური იშოვნა. 2009-10 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ტელეარხ ESPN-ში საკალათბურთო ანალიტიკოსად იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ბრაუნი "კლივლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ პლეი ოფში თითქმის უბრძოლველად დათმო აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალი "ბოსტონ სელტიქსთან". 


სტაუდმაი
ერი ვეტერანობას აპირებს
"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა ამარე სტაუდმაიერმა კარიერაში სამომავლო გეგმები გაუმხილა ჟურნალისტებს. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდი მიიჩნევს, რომ მისთვის ჯერ ადრეა კარიერის დასრულება. "დიდხანს თამაში მინდა... გრან ჰილი ჯერ ისევ მოედანზეა, არადა, უკვე 38 წლის არის. სწორედ მის მაგალითს მივბაძავ და 38 ან 40 წლამდე ვითამაშებ", - განაცხადა სტაუდმაიერმა. 

შეგახსენებთ, რომ ეს ამარე სტაუდმაიერის მეცხრე სეზონია კარიერაში მას შემდეგ, რაც ის "ფინიქსმა" 2002 წელს დრაფტის მეცხრე ნომრად აირჩია. 


ლებრონს აუთსაიდერები მობეზრდა
საინტერესო წინადადებით გამოვიდა "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი. მას მიაჩნია, რომ NBA-ში გუნდების რაოდენობა ნაკლები უნდა, რადგან ამ შემთხვევაში თითო გუნდში გაცილებით მეტი ვარსკვლავი ითამაშებდა და ჩემპიონატშიც უფრო მეტი ხარისხიანი და დაძაბული მატჩი იქნებოდა.

 

"წარმოიდგინეთ, შესაძლებელი რომ იყოს კევინ ლავის "მინესოტადან" რომელიმე უფრო ძლიერ კლუბში გადაყვანა. სხვა აუთსაიდერი კლუბების ლიდერებიც შეიძლებოდა გადაგვეყვანა უფრო ძლიერ გუნდებში. მაგალითად, ბრუკ ლოპესით ან დევინ ჰარისით შემადგენლობის გაძლიერება კარგი ვარიანტი იქნებოდა. ასე რომ, უფრო კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნით, ლიგის შემადგენლობა შემცირდება. ახლა არ მინდა კონკრეტულად "ნეტსა" და "მინესოტაზე" ლაპარაკი, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ რამდენიმე გუნდის გარეშე ლიგა უფრო საინტერესო გახდებოდა", - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული