კათოლიკური შობის დღეს გამართული ხუთივე შეხვედრა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებულად გამორჩეული მაინც ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრა გახლდათ, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი" "მაიამი ჰიტს" მასპინძლობდა. კალიფორნიელებს ბოლო დროს ძალიან უჭირთ და ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი კიხთვაზე: რამდენად ღრმაა ფილ ჯექსონის გუნდის კრიზისი. გარდა ამისა, საშობაო მატჩს მაიამელების რეალური ძალაც უნდა ენახებინა. "ბოსტონთან" და "დალასთან" ორ-ორმა წაგებამ სკეპტიკოსებს ათქმევინა, რომ "მაიამი" ჯერ არ განეკუთვნება ელიტას. ასე რომ, თუნდაც ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად ღირდა ლოს ანჯელესში გამარჯვება.
თუმცა "ჰიტს" უბრალოდ არ მოუგია
"ლეიკერსის" ლიდერებმა კი მთლიანად ჩააგდეს თამაში. კობი ბრაიანტი, რომელიც წინა წლებში "მაიამის" ნამდვილი რისხვა იყო (ლოს ანჯელესში ამ გუნდების ბოლო ხუთი მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა), ამჯერად უმწეოდ გამოიყურებოდა. 40 წუთის განმავლობაში მან მხოლოდ ექვსი ბურთი (16-დან) ჩააგდო და მსაჯთან კამათი თამაშზე უკეთ გამოსდიოდა. კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა პაუ გასოლი. თავიანთ ვარსკვლავებს მიბაძეს და თამაში ჩააგდეს კალიფორნიელთა რეზერვისტებმა, "მაიამის" სათადარიგოთა სკამი კი პირიქით, ძალიან სასარგებლო იყო.
ასე იწვნია სეზონში ყველაზე მტკივნეული მარცხი "ლეიკერსმა", რითაც დაამტკიცა, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები აშკარა კრიზისის შედეგია. სტუმრებმა კი შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს საკუთარ თავს - ეს მათი მე-14 გამარჯვება იყო ბოლო 15 მატჩში.
* * *
"ბოსტონ სელტიქსი" 14-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა "ორლანდოსთან" მატჩს. მართალია, გუნდს ლიგის საუკეთესო გამთამაშებელი (სტატისტიკის მიხედვით) რაჟონ რონდო აკლია, მაგრამ "სელტიქსი" ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც შემადგენლობაში ოთხი ისეთი მოთამაშე ჰყავს, ვისი კარიერული მონაგარი საშუალო 20 ქულას აღემატება - კევინ გარნეტი, პოლ პირსი, რეი ალენი და შაკილ ო'ნილი.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მატჩის 45-მა წუთმა სტუმრების უპირატესობით ჩაიარა, რასაც მეტოქე კალათბურთელებმაც შეუწყვეს ხელი. დუიატ ჰოვარდს მესამე მეოთხედის სტარტისთვის ოთხი პერსონალური ჰქონდა ("ორლანდოს" ცენტრმა მესამე ფოლი კომიკურ სიტუაციაში მიიღო - ჯარიმის შესასრულებლად განკუვნილ 10 წამში ვერ ჩაეტია, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენს არ დაეთანხმა და ტექნიკური პერსონალური დაიმსახურა), ბოლო მეოთხედის წინ ნელსონის, არენასისა და რიჩარდსონის ტრიოს თამაშიდან მხოლოდ ხუთი ბურთი (24-დან) ჰქონდათ ჩაგდებული, ჰოვარდს კი არც ერთი.
ამ პირობებში "ბოსტონი" ვალდებული იყო ადრე გაენაღდებინა გამარჯვება. ბოლო სამი წუთი სტუმრებმა 5-ქულიანი უპირატესობით დაიწყეს და თითქოს მათ კრახს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მატჩის დარჩენილ დროში "ორლანდომ" 14:1 მოიგო. "მეჯიქს" ბურთი აღარ აუცილებია, ხოლო ამ მონაკვეთის გმირი ნელსონი გახდა, ვინც 10 ქულა დააგროვა.
* * *
თანაბარი ძალის მეტოქეები შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" და ბოლო მეოთხედს თუ არ ჩავთვლით, თამაში მართლაც თანაბარი იყო, ბოლო მეოთხედში კი "ხარები" საკუთარ თავს არ გავდნენ და კინაღამ დიდი ანგარიშით წააგეს მატჩი.
ბოლო ცხრა წუთში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა მასპინძლების სიზუსტე შორეული ტყორცნებისას - "ნიქსმა" უფრო მეტი სამქულიანი ჩააგდო, ვიდრე მისმა მეტოქემ საჯარიმო (12 11-ის წინააღმდეგ). მასპინძლებმა შორეული ტყორცნების 54.5 პროცენტი მოათავსეს კალათში და ასეთი სიზუსტით მათ წაგების უფლება არ ჰქონდათ.
"დენვერმა" მეორე მატჩი ჩაატარა კარმელო ენტონის გარეშე და მხოლოდ პირველი მეოთხედი გაუძლო კევინ დურანტის შეტევებს. "ოკლაჰომას" ლიდერი იმ დღეს შეუჩერებელი იყო - NBA-ის საუკეთესო სნაიპერმა 41 წუთის განმავლობაში 20-დან 14 ტყორცნა ჩააგდო და 15-დან 12 საჯარიმო გამოიყენა, რითაც სეზონში პირველად გადალახა 40-ქულიანი ზღვარი. ბოლო მეოთხედში "დენვერმა" 22 წლის ფორვარდს სამმაგი მეურვეობა მიუჩინა და კარიერის პირადი რეკორდი - 47 ქულა არ გაამეორებინა. დურანტი თავისუფალ პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, ასე რომ, ჯორჯ კარლის ტაქტიკამ არ გაამართლა.
ლებრონისა და დურანტის გარდა, დღის გმირად "გოლდენ სტეიტის" მცველი მონტა ელისი უნდა მივიჩნიოთ. "პორტლენდთან" მატჩში მან 46 წუთში 39 ქულა (თამაშიდან - 13/26, საჯარიმო - 10/11) დააგროვა, რითაც სეზონში მესამე გადალახა 35-ქულიანი ზღვარი.
თუმცა ელისის შედეგიანი თამაში კარგა ხანი ვერ შველოდა "გოლდენ სტეიტს". საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე "პორტლენდი" წინ იყო - 97:91 და სწორედ აქედან დაიწყო მასპინძლების საბოლოო შტურმი. ელისს მხარი აუბეს დორელ რაიტმა და რეჯი უილიამსმა და "მეომრებმა" 11 უპასუხო ქულა ჩააგდეს - 102:97. თავის მხრივ, "ბლეიზერსმა" ბოლო ხუთ წუთში თამაშიდან მხოლოდ ერთხელ იხეირა, ისიც იმ მომენტში, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
ნიუ იორკი-ჩიკაგო 103:95
21:20, 31:34, 33:29, 18:12
ნ-ი: სტაუდმაიერი (20+10 მოხსნა+6 დაფარება), ფელტონი (20+12 პასი+5 ჩაჭრა), გალინარი (15), ჩენდლერი (15+10 მოხსნა), ფილდსი (14+11 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (26+19 მოხსნა), როუზი (25+7 მოხსნა+8 პასი+6 ჩაჭრა), დენგი (15+6 მოხსნა).
ორლანდო-ბოსტონი 86:78
19:20, 17:26, 21:17, 29:15
ო: ბასი (21+9 მოხსნა), თურქოგლუ (16), ნელსონი (12), რედიკი (11), ანდერსონი (10+9 მოხსნა).
ბ: გარნეტი (22+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), პირსი (18+8 მოხსნა+5 პასი), დევისი (16+8 მოხსნა).
ლეიკერსი-მაიამი 80:96
14:20, 24:27, 26:28, 16:21
ლ: გასოლი (17+8 მოხსნა), ბრაიანტი (17+7 პასი+6 მოხსნა), ოდომი (14+9 მოხსნა), ბრაუნი (10+5 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (27+11 მოხსნა+10 პასი), ბოში (24+13 მოხსნა), უეიდი (18+6 პასი+5 მოხსნა), ჩელმერსი (13).
ოკლაჰომა-დენვერი 114:106
26:34, 30:24, 32:27, 26:21
ო: დურანტი (44+7 მოხსნა), ჰარდენი (21), უესტბრუკი (19), გრინი (12+6 პასი).
დ: ბილაპსი (30), ნენე (21+12 მოხსნა), ლოუსონი (19), მარტინი (10).
გ. სტეიტი-პორტლენდი 109:102
25:28, 31:29, 22:23, 31:22
გ-ს: ელისი (39+7 პასი), ლი (21+7 მოხსნა+5 პასი), რაიტი (16+8 მოხსნა), კარი (4+11 პასი).
პ: მეტიუზი (25), ბატუმი (18+10 მოხსნა), ოლდრიჯი (15+8 მოხსნა), მილერი (12+7 მოხსნა+15 პასი), კემბი (7+13 მოხსნა).