სტივ ნეში - NBA-ს სტივი უანდერი

AutoSharing Option
სტივ ნეში ამ სეზონში ვერ ითამაშებს. მოხუცმა გენიოსმა ზურგი იტკინა. "ლეიკერსი" გენიალური გამთამაშებლის გარეშე დარჩა და კობი ბრაიანტს კომპანიონი დააკლდა. ნეში და კობი არ ძმაკაცობენ, მაგრამ სტივი ერთადერთია, ვინც "ლეიკერსში" ბრაიანტზე ცუდად თამაშობს გოლფს. კობის ახალი პარტნიორი ჰყავს მოსანახი...

ნეში ლეგენდაა. უკვე ლეგენდა. როდესაც მიდის საუბარი ყველა დროის საუკეთესო პირველ ნომრებზე, ძირითადად, ასახელებენ ჯადოსნურ მეჯიქ ჯონსონს, რკინის ჯონ სტოქტონს, ანტიკურ ბობი კუზის, უცხოპლანეტელ ოსკარ რობერტსონს და გამომწვევად მაგარ აიზია თომასს. ახლოს არიან ჯეისონ კიდი და ნეში - ერთი გენერაციის ორი
გენიოსი, ერთი გენერაციის ორი პროფესორი, ერთი გენერაციის დიდი ბიჭები.

ნეში "ლეიკერსში" დუაიტ ჰოვარდთან ერთად მიდის. და კობის ვერანდაზე იწყება ექსკლუზიური ინტერვიუების სერია. კობი საუბრობს მომავალზე, კობი საუბრობს წარსულზე, კობი საუბრობს შაკის ცენტნერიან უკანალზე და კობი საუბრობს ლეგენდებზე. ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბარში, კობიმ დააკავშირა სიტყვები - "ლეგენდა" და "ნეში".

სტივი ლეგენდაა. რომელიც კალიფორნიაში დეივ კოპერფილდის სტატუსით ჩადის და ფრანკენშტეინის სტატუსით ამთავრებს. ლოს ანჯელესმა სტივის ნიჭი, პიანისტის თითები მიიღო.

ნეში იწყებდა კონცერტს, ეფერებოდა ბურთს და ხორკლიან, ცელქ ტიპს თავის სითბოს აძლევდა.

ბურთიც ზუსტად იქ მიდიოდა, სადაც საჭირო იყო. ძირითადად, ან დირკ ნოვიცკისთან, ან ამარე სტაუდმაიერთან, ან შონ მერიონთან, ან შაკთან. ადრესატი არ იცვლებოდა და მისტერ ნეში კარლ მელოუნზე სანდო ფოსტალიონი იყო. ამანათი ყოველთვის დანიშნულების ადგილზე მიდიოდა. ნეშს ენდობოდნენ.

სტივ ნეში ორჯერ გახდა რეგულარულის MVP 2004/2005. პირველი სეზონი "ფინიქსში" და ნეშის 15.5 ქულა, 11.5 პასი.

2005/2006. მეორე სეზონი "ფინიქსში" და ნეშის 18.8 ქულა, 10.5 პასი.

პირველი აღიარების დროს, ნეშმა მიზერით მოუგო შაკს (1066-1032). 34 ქულით მოგებული პრიზი. და იმ რეგულარულში დიზელიც მკვლელი იყო. შაკთან ერთად "მაიამი" წამოდგა, გაშალა მხრები და ნახევარი აღმოსავლეთი მილეწა. "მაიამი" მივიდა კონფერენციის ფინალამდე და იქ (იმ მომენტში) მოქმედ ჩემპიონთან, "დეტროიტთან" 3:4 წააგო. "ფინიქსი" აგებს ტიმ დანკანთან. ნეშის მაგია დანკანის სტაბილურმა დომინაციამ გადაფარა.

მეორე ეპიზოდი. "ფინიქსი" იგებს. 54:28 და მეორე ადგილი ბრუტალურ დასავლეთში. ფლეი ოფში ნეშის ორკესტრი კონფერენციის ფინალამდე უკრავს და იქ არ ხვდება "სან ანტონიოს". "სპერსს" "დალასმა" მიხედა. და "ფინიქსი" "დალასთან" ვერ ქაჩავს. 2:4 და ნეშის ელეგანტური სეზონი დაიხურა.

MVP-ს გამოკითხვაში სტივი 924 ქულას აგროვებს. მეორეზე გადის ლებრონ ჯეიმსი (688) და პირველ ხუთეულს ავსებენ დირკ ნოვიცკი (544), კობი (483) და ჩონსი ბილაფსი (430). იმ გამოკითხვაში ელტონ ბრენდმა დანკანზე მეტი ქულა გაშანსა (50:33) და ნეში მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე. იმ სეზონში ლიგამ მიიღო ნიჭიერი ფლეიმეიქერი კრის პოლი (ღოოკიე ოფ ტჰე Yეარ), რომელიც ამ თაობის ნეშია.

სტივი იმპროვიზატორი, ნოვატორი პერსონაჟი იყო. იდეაში, არის კიდეც. მისტერ ნეში ჯერ მოქმედ მოთამაშეებში ირიცხება და ასაკს კარეს გაუშლის, ნეში ითამაშებს.

ნეში ლეტალურ ლიგაში გამორჩეული ტიპი იყო. ალბათ, ტიმ დანკანთან ერთად, სტივი ამ გენერაციის ყველაზე ბრძენი წარმომადგენელია. 2001-2009 წლებში ნეში იყო ლიგის საუკეთესო "ქვორთერბექი". იმ წლებში ნეშის გუნდები ყველაზე მაგრად, ასტრალურად ლამაზ კალათბურთს თამაშობდნენ.

"დალასი" და "ფინიქსი" რეგულარულში ბევრ ორნამენტს ტოვებდნენ და ფლეი ოფში იმ ორნამენტებს "სან ანტონიოს" ტუში კლავდა. ნეშის აკვარელი არ ჩანდა. ფერები იკარგებოდა და სტივი ახალი რეგულარულისთვის ემზადებოდა.

ნეშის გარშემო ყველა უმატებდა. ნეშთან ერთად შონ მერიონი ახალ დონეზე გავიდა. ბორის დიაო მაღალ მოთამაშეებში, მეორე ეშელონის კევინ გარნეტი გახდა. ლეანდრო ბარბოსას სპრინტი ნეშის პასმა შეავსო.

ამარე სტაუდმაიერი "ჰამერიდან" "ფერარიზე" გადაჯდა და ეს ტრანსფორმაცია ნეშმა მოიტანა. სტივი იგებდა და აგებდა. რეგულარულში ნეში იყო რაფაელი და სტივის ჯოკონდა მარიხუანაზე იჯდა, კაიფობდა. ფლეი ოფში გამოფენა იხურებოდა. ნეში შემდეგი რეგულარულისთვის ემზადებოდა.

ჯეისონ კიდი ორჯერ გავიდა ფინალში. წაგებულ და უთამაშებელ ფინალს მხოლოდ ერთჯერადად დაკმაყოფილებული ამბიცია ჰყოფს. გადიხარ ფინალში, აგებ და იქვე, მორიდებულად ისმის ზარი.

იხედები ჭუჭრუტანაში და იქ ტვიდის პიჯაკში, მოწესრიგებული მიკროინფარქტი დგას. თუ
ფინალამდე აგებ, ის, მოწესრიგებული სტუმარი შენს კართან არ მოვა.

კიდი ნეშზე უკეთესი დამცველი, უფრო სრულყოფილი მოთამაშე იყო. კიდმა კარიერა 17 529 ქულით, 12 091 პასით და 8 725 მოხსნით დახურა. ორჯერ გაიყვანა "ნიუ ჯერსი" სუპერფინალში და ის სერიები "ლეიკერსთან" (0:4) და "სან ანტონიოსთან" (2:4) წააგო. და ყოველთვის გამახსენდება კიდის 8 725 მოხსნა... გამთამაშებლისთვის! ფე-ნო-მე-ნა-ლუ-რი!

ნეშის სტატისტიკა - 17 387 ქულა, 10 335 პასი, ძალიან ცოტა მოხსნა. და ბევრისთვის, ნეში უკეთესი, უფრო სრულყოფილი პირველი ნომერი იყო. უკეთესი მოთამაშე კიდია და ალბათ, უკეთესი პირველი ნომერი - კანადელი ილუზიონისტი.

ნეში ბავშვობაში კარგი ჰოკეისტი იყო. და სტივის ფავორიტი უეინ გრეცკია.

ნეში ბავშვობაში კარგი ფეხბურთელი იყო. გულშემატკივრობს "ტოტენჰემს" და მეგობრობს ალესანდრო დელ პიეროსთან, არის "იუვენტუსის" ფან-კლუბის წევრი.

ნეში ბავშვობაში ორჯერ გახდა სკოლის ჩემპიონი სნუკერში და ნეშმა ორჯერ გაიმარჯვა მათემატიკის ოლიმპიადაში.

ეს სტივ ნეშია.

"სან ანტონიომდე" მიყვარდა "ბოსტონი". მწვანე გუნდი. ლარი ბერდის გუნდი. და რომ ვუფიქრდები, ნეშიც რაღაც ამბავში, ლარი ბერდია. აკურატული მსროლელი, რომელიც იგებდა ინტელექტით და პიანისტის თითებით. ბერდმაც ზურგის ტრავმის გამო დაამთავრა კარიერა. ნეშიც ზურგის ტრავმის გამო გამოტოვებს ამ სეზონს.

კარლ მელოუნთან ერთად, ნეში არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ორჯერ გახდა MVP და ვერც ერთხელ - ჩემპიონი. ჩემთვის სტივ ნეში პირველია. გამთამაშებლებში პირველი. ალბათ, ჯეისონ კიდი უკეთესი მოთამაშე იყო. ალბათ, ჯონ სტოქტონმა მეტი მოასწრო. მაგრამ სტივ ნეში უფრო თავისუფლად თამაშობდა.

და ნეში იგებდა. ხანდახან, აგებდა და სტივი ყოველთვის დადებით, თბილ ტალღებს ტოვებდა. იმ ტალღებზე ჩაგეძინებოდა და სიზმარშიც სტივის ჯადოსნურ პასებს ხედავდი.

სტივ ნეში ამ სეზონს ზურგის ტრავმის გამო გამოტოვებს. ნეში ლეგენდაა. უკვე ლეგენდა. გაჩეჩილი თმით ფინიქსში და მოწესრიგებული ვიზუალით ლოს ანჯელესში. და ყველგან ის, ვინც ყოველთვის იყო - ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც კალათბურთი სიგიჟემდე უყვარდა.
შემდეგი სეზონიდან ტიმ დანკანი წავა. ალბათ, ნეშიც.

კალათბურთმა უკვე მოიწყინა.

ზურაბ თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო ზურა...მაგარი სტატიაა
mamuka1313
13:24 10-11-2014
0
დღეს დელ პიეროს დაბადების დღეა და იქნებ დაგეწერათ სტატია ამ გენიალურ ფეხბურთელზე?!!
del piero 10
22:20 09-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული