ლებრონ ჯეიმსის გადაწყვეტილებამ საკალათბურთო სამყარო ორ ნაწილად გახლიჩა. ერთნი მხარს უჭერენ "მეფეს" და ამბობენ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მეორენი კი პირფერობის გამო აკრიტიკებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო შეფასების დრო არ დამდგარა, ამიტომაც ამ ეტაპზე უბრალოდ მომხდარის გააზრებაა შესაძლებელი. გთავაზობთ ბოლო ორი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო თამაშის ინტერვიუს ტელეარხ ESPN-თან, რომელშიც ლებრონი საჩემპიონო გეგმებსა და მომავალი კარიერის კონტურებზე ლაპარაკობს.
- რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ არჩევანის გაკეთება?
- ეს ყველაფერი უჩვეულოდ მძიმე იყო, რადგან ვიცოდი, რომ მილიონობით ადამიანის ყურადღება ჩემსკენ იყო მიპყრობილი. განსაკუთრებით
- რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ "კლივლენდმა" თავის ზღვარს მიაღწია. კერძოდ, რა არ ჰყოფნის ამ გუნდს?
- "კლივლენდისთვის" არასრულფასოვნება არ შემინიშნავს. როგორც უკვე ვთქვი, პატივს ვცემ ამ გუნდს, აგრეთვე ყველაფერ იმას, რაც მათ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის გააკეთეს. შვიდი წლის განმავლობაში ვცდილობდი გუნდისთვის და ქალაქისთვის მადლიერების გამოხატვას - მოედანზე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაჩვენებდი. რაც შეეხება "მაიამიში" გადასვლას, ეს ახალი გამოწვევაა როგორც ადამიანისთვის, ასევე მოთამაშისთვის.
- მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ მთელ საკალათბურთო საზოგადოებასთან. და ახლა, პირველად გიწევთ თქვენი მისამართით ნეგატიური განცხადებების მოსმენა. რა გრძნობა შეუფლებათ ასეთი სიტუაციის გამო?
- ვიცი, რომ "კლივლენდის" ფანები ვერ გამიგებენ, რადგან მათი რეაქცია ემოციებზეა დაყრდნობილი. და მაინც, მინდა შევახსენო, რომ მათ საკუთარი ცხოვრების, ნიჭისა და ენერგიის შვიდი წელი შევწირე. შევეცადე "კლივლენდი" აქამდე არარსებულ ტრიუმფამდე მიმეყვანა, ამ გუნდთან ერთად გავიზარდე და კალათბურთელად ჩამოვყალიბდი, ამიტომაც არ მსიამოვნებს მათ მიერ მონიჭებული მოღალატის იარლიყი.
- ვილაპარაკოთ სხვა გუნდებზე, სადაც კარიერის გაგრძელების შანსი გქონდათ. სერიოზულად განიხილავდით თუ არა "ნიქსის" წინადადებას და რამდენად გხიბლავდათ ნიუ იორკში ცხოვრების პერსპექტივა?
- მომწონს არამარტო ნიუ იორკი, არამედ ბევრი სხვა ქალაქი, ამიტომაც ექვს გუნდს შორის გავაკეთე არჩევანი. თანაბრად სიმპატიურია ლოს ანჯელესი, ნიუ ჯერსი, მაიამი, ნიუ იორკი, ჩიკაგო და კლივლენდი. ბოლო მომენტამდე ვერცერთ გუნდს ვერ ვანიჭებდი უპირატესობას და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს პროცესი ასეთი მძიმე გამოვიდა. საბოლოოდ, მთავარი ფაქტორი გახდა ჩემპიონობის მოგების პერსპექტივა, კრისთან და დუეინთან მეგობრული ურთიერთობა, აგრეთვე ჩემი ოჯახისთვის კარგი პირობები.
- საიდუმლო არ არის, რომ "ჩიკაგოში" დერიკ როუზისა და ჟოაკიმ ნოას სათამაშო სტილი მოგწონთ. წარმოიდგენდით თქვენს თავს მათთან ერთ გუნდში?
- ორივენი ძალიან ნიჭიერები არიან. დერიკი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში, არადა, ის მხოლოდ 21 წლისაა! რაც შეეხება ნოას, ასეთი მოთამაშის შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ ახლა ჩემი გუნდი "მაიამია", ამიტომაც ამ ბიჭებთან ერთად მოედნის საპირისპირო მხარეს თუ ვიქნები.
- "ჰიტის" გენერალური მენეჯერი პატ რაილი - ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფიგურაა თანამედროვე სპორტში. მოგვიყევით მასთან შეხვედრის შესახებ.
- ის ბრწყინვალე ადამიანია. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი "მაიამის" მთელი ორგანიზაციას - მიკი და ნიკ არისონებს, ერიკ სპოელსტრასა და რაილის გაწეული მასპინძლობისთვის. რაც შეეხება რაილის, ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ტიტულებს იგებდა. მას გამარჯვებულის დნმ აქვს და მასზე უკეთ არავის შეუძლია საჩემპიონო გუნდების შექმნა. ამიტომაც ერთზე მეტი ტიტულის მოგების იმედი მაქვს.
- საქმის კურსში იქნებით იმის შესახებ, რომ თქვენს ახალ გუნდს, შესაძლოა, შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ "ჰიტმა" უკვე ამ სეზონში განაცხადოს პრეტენზია ჩემპიონობაზე?
- ეს კითხვა გენერალურ მენეჯერ რაილის, მთავარ მწვრთნელ სპოელსტრასა და მფლობელ მიკი არისონს უნდა დაუსვათ. მაგრამ თუ გავიხსენებთ "ბოსტონში" დიდი სამეულის" გაერთიანებას, შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც მსგავსი სიტუაცია იყო. პოლ პირსის, რეი ალენისა და კევინ გარნეტის გარდა, "კელტებში" არ იყვნენ მაღალი კლასის მოთამაშეები. მაშინ რაჟონ რონდოსა და კენდრიკ პერკინსზე ფსონს არავინ ჩადიოდა. ამიერიდან, ჩემი, კრისისა და დუეინის მოვალეობებში არა მხოლოდ ქულების დაგროვება, არამედ ჩვენს გარშემო დანარჩენი გუნდის გაერთიანება შედის.
- დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა განაცხადეს, რომ ფინანსურად ნაკლებად მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება მოუწიათ - მათ ეს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს. ხომ არ შეგიძლიათ თქვენი ახალი კონტრაქტის ზოგიერთი დეტალი გაგვანდოთ?
- ჯერ ბოლომდე არაფერია შეთანხმებული. ვფიქრობ, ჩემი აგენტი ლეონ როუზი იზრუნებს ამაზე. მაგრამ ახლა ცხადია, რომ ყველა ჩვენთაგანს მოუწევს ფინანსურ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ ერთ გუნდში თამაშის საშუალება მოგვეცეს. იმედი გვაქვს, ხელმძღვანელობა შეაფასებს ამას და გამონთავისუფლებულ თანხას კვალიფიციური მოთამაშეების შეძენას მოახმარს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან.
- გასაგებია, რომ ჩემპიონობას უმიზნებთ, მაგრამ თავად თქვით, რომ ამის მიღწევა რთული ინება. პირადად თქვენ რას ელით მომავალი სეზონისგან?
- ჩემი აზრით არაფერი შეცვლილა და მიმაჩნია, რომ დუეინი და კრისიც დამეთანხმებიან: მიზანი იგივეა, რაც გასულ წელს - ტიტულის მოგება. რას ველოდები? მოკლე პასუხს მოგცემთ: გამარჯვებასა და პროგრესს.
- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიას კარგად იცნობთ, მასში კი ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ დიდებას ტიტულის გარეშე ვერ მიაღწევ. როგორ იმოქმედა ამან თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ 80-90-იან წლებს გადავხედავთ, დავაკვირდებით "ლეიკერსს", "დეტროიტს", "ჩიკაგოს", "ბოსტონს", ცხადი გახდება, რომ შეუძლებელია ტიტულის მოგება მხოლოდ ერთი ვარსკვლავით. მეჯიქს ქარიმი ჰყავდა, ბერდს - პერიში, ჯონსონი და მაკჰეილი. ცალსახად ჯორდანი დიადი მოთამაშეა, მაგრამ მის გვერდით პიპენი, კუკოჩი და როდმანი იყვნენ. გვარების ჩამოთვლა უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ მარტივად ვიტყვი - შენ შეიძლება სუპერვარსკვლავი იყო, მაგრამ ჩემპიონობას მაინც გუნდი იგებს.
- ლებრონ, ჩვენ გვაქვს ვიდეო, რომელშიც "კლივლენდის" ფანები თქვენს მაისურებს წვავენ. ამაზე რას ფიქრობთ?
- ჩემთვის რთულია ასეთი საქციელის ახსნა. ყველანაირად ავირიდე თავიდან ემოციური გადაწყვეტილების მიღებას. ცივი გონებით ავირჩიე ის, რაც ლებრონ ჯეიმსისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედოთ: მეც არ მომწონდა "კლივლენდის" ხელმძღვანელობის ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგრამ არ გავქცეულვარ და კლუბის ოფისი არ გადამიწვევს. ეს ბიზნესია და იმის მიუხედავად, გამიგებენ თუ არა "კლივლენდის" ფანები, მე ჩემი გზის გაგრძელებას ვაპირებ.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ მეექვსე ნომერი, რომელიც ახალ კლუბში აირჩიეთ, მარიო ჩელმერსს ეკუთვნის?
- მარიოს დავურეკავ და რამეს მოვიფიქრებთ.
- დუეინ უეიდთან ერთ გუნდში ითამაშებთ. ეგოისტი მოთამაშეები არ ხართ, ორივენი ლიგის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის შედიხართ... მთავარი კითხვა: რამდენად შეიცვლება თქვენი თამაში? ვიხილავთ თუ არა იგივე უეიდსა და ჯეიმსს, რომლებსაც მიეჩვია მაყურებელი?
- ერთადერთი რაც შეიცვლება - ეს არის დაგროვილი ქულების რაოდენობა. და, ალბათ, მოედანზე გატარებული დროის რაოდენობა. მაგრამ ამით ჩვენი თამაშის სტილი არ დაზარალდება. უბრალოდ ერთ გუნდში ვითამაშებთ და თვითმიზანი არ იქნება თითოეულ მატჩში 30 ქულის დაგროვება. ეს არამარტო მე და დუეინს, არამედ კრის ბოშსაც ეხება. არც მისი თამაში შეიცვლება კარდინალურად.
- მატჩის დასრულებამდე შვიდი წამია დარჩენილი, ანგარიში თანაბარია. ვინ შეასრულებს გადამწყვეტ ტყორცნას?
- ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. ერიკ სპოელსტრა - კარგი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, საჭირო მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვინც არ უნდა შეასრულოს ეს ტყორცნა, ჩააგდებს თუ ააცილებს ბურთს - სხვები მას მხარს დაუჭერენ. თუ გადამწყვეტ შეტევაში ჩემი პარტნიორი უკეთეს სიტუაციაში იქნება, აუცილებლად გადავაწოდებ ბურთს - იქნება ეს დუეინ უეიდი, კრის ბოში, მარიო ჩალმერსი თუ ჯოელ ენტონი.