გაიტანეთ არასტაბილური ჩემპიონი

AutoSharing Option

უცნაური ამბები ემართება "ლოს ანჯელეს ლეიკერსს". NBA-ის მოქმედი ჩემპიონი ხან ზედიზედ აგებს რამდენიმე მატჩს, ხან კი ისევ პოულობს საკუთარ თამაშს, თუმცა სტაბილურობამდე კალიფორნიელებს ჯერ ძალიან ბევრი უკლიათ. გუშინაც, ფილ ჯექსონის შეგირდები საკუთარ "სტეიპლს ცენტრში" განადგურდნენ არც ისე ძლიერ "მემფისთან" მატჩში.

იმ საღამოს მასპინძლების მხოლოდ ორი მოთამაშე არ იმსახურებდა კრიტიკას. ესენი არიან კობი ბრაიანტი და ენდრიუ ბინუმი. "შავმა მამბამ" 31 წუთში 28 ქულა (თამაშიდან - 10/22) დააგროვა, აქედან 21 - მეორე ტაიმში, ბინუმმა კი 9 ქულასა და 11 მოხსნას 5 დაფარებაც

დაუმატა. დანარჩენმა კალიფორნიელებმა კი უბრალოდ ჩააგდეს შეხვედრა. კვლავ შორს არის ოპტიმალური სპორტული ფორმისგან პაუ გასოლი, ლამარ ოდომსა და შენონ ბრაუნს სროლა არ წაუვიდათ, რონ არტესტის ცნობა კი საერთოდ შეუძლებელი იყო და მან შეხვედრა ნული ქულითა და სამი შეცდომით დაასრულა.

"მემფისმა" იგრძნო მეტოქის სისუსტე, ასი პროცენტით დაიხარჯა და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. სტუმრებმა "ლეიკერსს" 20 შეცდომა დააშვებინეს და ბოლო მეოთხედის მსვლელობისას 26 ქულითაც იყვნენ წინ. ტრიუმფატორთა რიგებში ყველაზე შედეგიანი რუდი გეი და ზაკ რენდოლფი აღმოჩდნენ - მათ ჯამში 48 ქულა დააგროვეს.

იუბილე ჩაუვარდა NBA-ის ვეტერან ფორვარდს, 38 წლის გრანტ ჰილს. ის რეგულარულ ჩემპიონატში მე-900 შეხვედრას ატარებდა და მისმა "ფინიქსმა" სეზონის უსუსტეს გუნდთან "საკრამენტოსთან" წააგო. არადა, ასეთ ფიასკოს არავინ მოელოდა, რადგან საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 50 წამით ადრე "სანზი" 12 ქულით იყო წინ. როგორც ჩანს, სტუმრები ნაადრევად მოეშვნენ და "საკრამენტომ" გამოცდილ მეტოქეს ეს შეცდომა არ აპატია - "მეფეებმა" 19:2 გაქცევით დაასრულეს შეხვედრა. თუმცა ამ მოგებით მათ მაინც ვერ დააღწიეს თავი დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ბოლო ადგილს, "ფინიქსი" კი მყარად დამკვიდრდა არასახარბიელო მე-11 პოზიციაზე.

რაც შეეხება გრანტ ჰილს, ლიგაში მე-900 მატჩი მისთვის უდიდესი მიღწევაა, რადგან შვიდი წლის წინ ფეხის ქრონიკული ტრავმების გამო ის ნაადრევად გაუშვეს პენსიაში. მაშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალი "ორლანდოში" თამაშობდა. პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ჰილი დაბრუნდა და თითქმის ძველებურად ათამაშდა. ამ სეზონში ის ყველა მატჩში თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და საშუალოდ 14.8 ქულა, 4.9 მოხსნა დ 2.5 პასი დააგროვა.


ნიუ იორკი-ინდიანა 98:92
30:32, 25:23, 24:22, 19:15
ნ-ი: სტაუდმაიერი (26+8 მოხსნა), გალინარი (19+5 მოხსნა), ფელტონი (14), დუგლასი (12+7 პასი), ჩენდლერი (10+6 მოხსნა), ფილდსი (10+5 მოხსნა), ტურიაფი (2+10 მოხსნა+6 დაფარება).
ი: გრეინჯერი (25+17 მოხსნა), კოლისონი (22+6 პასი+5 მოხსნა), რაში (12+7 მოხსნა), ჰიბერტი (10).

კლიპერსი-ატლანტა 98:107
31:18, 22:24, 21:28, 24:37
კ: გრიფინი (31+15 მოხსნა), დევისი (15+5 პასი), გორდონი (10+6 პასი), ბლედსოუ (10), გომესი (10), ჯორდანი (6+12 მოხსნა+6 დაფარება).
ა: ჯონსონი (29), კროუფორდი (24), სმიტი (22+10 მოხსნა), ჰორფორდი (8+10 მოხსნა).

ტორონტო-ბოსტონი 79:93
23:24, 19:19, 20:28, 17:22
ტ: დეროზანი (27+6 მოხსნა), დორსი (13+13 მოხსნა), ჯონსონი (10+10 მოხსნა), კალდერონი (6+10 პასი).
ბ: პირსი (30+7 მოხსნა), ალენი (23), დევისი (15+11 მოხსნა+8 პასი).

კლივლენდი-დალასი 95:104
25:27, 22:28, 22:24, 26:25
კ: ჯეიმისონი (35+10 მოხსნა), სეშენსი (19+12 პასი+7 მოხსნა).
დ: მერიონი (22+5 მოხსნა), სტივენსონი (21), ტერი (18), ჩენდლერი (14+14 მოხსნა), კიდი (10+8 პასი).

პორტლენდი-ჰიუსტონი 100:85
27:25, 27:23, 25:14, 21:23
პ: ოლდრიჯი (25+11 მოხსნა), ბატუმი (21), მილსი (14+5 პასი+5 ჩაჭრა), მეტიუზი (14), კანინგემი (10), ფერნანდესი (10).
ჰ: მარტინი (15+6 მოხსნა), ლი (10+5 მოხსნა), ბადინგერი (10), ბრუქსი (10), სკოლა (10), პატერსონი (5+10 მოხსნა).

საკრამენტო-ფინიქსი 94:89
17:27, 22:21, 26:25, 29:16
ს: კაზინსი (28+8 მოხსნა+6 პასი), გარსია (20+11 მოხსნა), კასპი (14+10 მოხსნა), ლენდრი (11+12 მოხსნა), ტომპსონი (11+6 მოხსნა).
ფ: ნეში (20+12 პასი), კარტერი (17), გორტატი (16+6 მოხსნა), ჰილი (13+6 მოხსნა).

ლეიკერსი-მემფისი 85:104
18:23, 21:25, 23:31, 23:25
ლ: ბრაიანტი (28), ბრაუნი (11), პ. გასოლი (10+8 მოხსნა).
მ: გეი (27+5 მოხსნა), რენდოლფი (21+8 მოხსნა), მაიო (15+5 პასი), კონლი (12+6 პასი+5 მოხსნა), ალენი (10+5 მოხსნა). 


ბატლერმა სეზონი დაამთავრა?
იაო მინისა და ბრენდონ როის შემდეგ, მიმდინარე რეგულარულს, შესაძლოა, კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდეს. ორი დღის წინ "მილუოკისთან" მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო "დალას მავერიქსის" ფორვარდმა კერონ ბატლერმა. დღეს სამედიცინო შემოწმებამ უნდა გაარკვიოს მუხლის მყესი ნაწილობრივ არის გაწყვეტილი თუ მთლიანად. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველ შემთხვევაში ბატლერს ორი თვის გამოტოვება მოუწევს, თუ არა, მაშინ წლევანდელ სეზონს უნდა გამოეთხოვოს. შეგახსენებთ, რომ "დალასს" ტრავმების გამო დირკ ნოვიცკი და შონ მერიონიც აკლია. 

წელს ბატლერი საშუალოდ 29 წუთს თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 15.0 ქულას, 4.1 მოხსნასა და 1.6 შედეგიან პასს აგროვებს. წლევანდელ ზაფხულში ეს ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდება და აღნიშნულმა ტრავმამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს მის მომავალ კარიერაზე. 


ენტონიმ შარლოტს უარი უთხრა
როგორც უკვე ვწერდით, "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა უკმაყოფილება გამოხატა თავისი გუნდის თამაშით და სიტუაციის გასაუმჯობესებლად კარდინალური ცვლილებები წამოიწყო. პირველი ნაბიჯი მთავარი მწვრთნელის, ლარი ბრაუნის განთავისუფლება იყო. ამის შემდეგ კი "შარლოტის" ხელმძღვანელობამ "დენვერ ნაგეტსის" ლიდერის კარმელო ენტონის გადაბირება განიზრახა. "ბობკეტსი" "ნაგეტს" კარმელოში ორ კალათბურთელს - ჯერალდ უოლასსა და ბორის დიაოს უთმობდა, მაგრამ თავად ენტონიმ არ მოისურვა ჯორდანის გუნდში გადასვლა და კატეგორიული უარი განაცხადა კონტრაქტის გაფორმებაზე. 


"კლივლენდ კავალიერზი" ანდრეა ბლეტჩს ეპატიჟება
შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს "კლივლენდ კავალიერზი". ლებრონ ჯეიმსის ყოფილი გუნდი თავის რიგებში "ვაშინგტონ უიზარდსის" მძიმე ფორვარდ ანდრეა ბლეტჩს ეპატიჟება.

 

ამ კალათბურთელს დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს, უფრო ადრე კი "ვაშინგტონმა" მისი ტრეიდში ჩართვა გადაწყვიტა. ამიტომაც დიდია იმის შანსი, რომ ბლეტჩი გაცვლის შედეგად "კლივლენდში" აღმოჩნდეს, რომელიც 8 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთი კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული