NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჯეიმს ჰარდენი ისევ ბრწყინავს

AutoSharing Option
"საკრამენტომ", რომელსაც მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა პლეი ოფში მოსახვედრად, ვერაფერი მოუხერხა "ჩიკაგოს". "ბულზმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ეს შესაძლებელი გახდა "ხარების" ტრიოს - პაუ გასოლის, ტონი სნელისა და დერიკ როუზის ფენომენალური თამაშის წყალობით.

ამ სამეულმა თამაშიდან 70 პროცენტის სიზუსტით ისროლა და ჯამში 73 ქულა დააგროვა. ესპანელმა ზედიზედ მე-13 ორმაგი დუბლი შეასრულა, სულ კი სეზონში 34 ასეთი მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია. რაც შეეხება სნელს, მან 24 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედის სტარტზე
გადაწყდა, როცა "ხარებმა" 23:8 გაქცევა მოაწყვეს. "საკრამენტომ" ბოლო 14 მატჩში მეთორმეტედ წააგო და ახლა, ამ გუნდის მთავარი საზრუნავი ახალი მწვრთნელის პოვნაა.

ჩიკაგო-საკრამენტო 104:86
30:26, 27:23, 27:15, 20:22
ჩ: გასოლი (26+16 მოხსნა), სნელი (24), როუზი (23+7 პასი).
ს: გეი (24+7 მოხსნა+5 პასი), კაზინსი (15+8 მოხსნა+8 პასი), მაკლემორი (11), მაკალუმი (11).

* * *
"ბრუკლინი" აგრძელებს სუსტ გამოსვლას. "მემფისთან" გასვლით შეხვედრაში სტუმრებმა პრაქტიკულად პირველ მეოთხედში წააგეს, როცა ტყორცნების მხოლოდ 33 პროცენტი გამოიყენეს და მეტოქეს 19 ქულით დაწინაურების საშუალება მისცეს. რენდოლფმა და კომპანიამ ამ 12-წუთეულში 15 ტყორცნა მოათავსა კალათში. მართალია, მეორე მეოთხედის ბოლოსკენ "ბრუკლინმა" ოდნავ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ორნიშნა ჩამორჩენას მხოლოდ მეოთხე მეოთხედში დააღწია თავი. ეს იყო და ეს. მასპინძლები კარგად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და თამაშის გარდატეხის შანსი არ მისცეს "ნეტსს".

"მემფისმა" ბოლო 16 მატჩიდან 14 მოიგო, "ბრუკლინი" კი ბოლო 10 მატჩში მეშვიდად დამარცხდა.

მემფისი-ბრუკლინი 95:86
32:15, 20:25, 23:22, 20:24
მ: რენდოლფი (19+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლი (15), გასოლი (14+11 მოხსნა), უდრიხი (13), ალენი (12), გრინი (11), კუფოსი (8+10 მოხსნა).
ბ: პლამლი (15+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ანდერსონი (15), ჯეკი (12), ლოპესი (12), ჯონსონი (11+8 მოხსნა), უილიამსი (10).

* * *
"დეტროიტი" ცდილობს პლეი ოფის ზონაში შესვლას და ამაში მას გრეგ მონრო ეხმარება, რომელმაც 2015 წელს უკვე 14 ორმაგი დუბლი შეასრულა. "პისტონზმა" "შარლოტს" ზედიზედ მესამე მარცხი აგემა, არადა, პირველ ტაიმში" ჰორნეტსის" სნაიპერებმა 11-დან რვა სამქულიანი გამოიყენეს. მასპინძლებს ჩავარდნა მესამე მეოთხედში ჰქონდათ, როცა გააქტიურდა მონრო, აგრეთვე ვან განდის გუნდმა, როგორც იქნა, გადაკეტა პერიმეტრი. დიდი შესვენების შემდეგ "შარლოტმა" 13-დან მხოლოდ ერთი შორეული ტყორცნა გამოიყენა, სტუმრები კი უკვე 23 ქულით იყვნენ წინ.

შარლოტი-დეტროიტი 78:106
27:26, 19:28, 14:29, 18:23
შ: ჰენდერსონი (17+5 პასი), ჰეირსტონი (16), ჯეფერსონი (13+10 მოხსნა+4 დაფარება), ტეილორი (12).
დ: მონრო (23+12 მოხსნა), მიქსი (18+3 ჩაჭრა), ოგასტინი (18+5 პასი), ტოლივერი (16), დრამონდი (14+9 მოხსნა).

* * *
"ფინიქსმა" უარი თქვა ჰარდენისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ დაცვაზე და ამის გამო დაისაჯა. თუ 15 გამოყენებული სამქულიანი "როკეტსისგან" გასაკვირი არ არის, 58 ქულა სამწამიანიდან დუაიტ ჰოვარდის გარეშე - ეს არის სრული კატასტროფაა დაცვაში. "რაკეტები" მეტოქის ფართან აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ. მათ მეორე ტემპით 26 ქულის აღება მოახერხეს.

"ფინიქსი" კარგი დაცვით მხოლოდ მესამე მეოთხედში გამოირჩა, როცა მასპინძლებმა შეძლეს 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება. "როკეტსმა" ამ დროს მხოლოდ 29-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა, თუმცა მეოთხე მეოთხედში ჰარდენმა ისევ გაასწორა მიზანი, თან პარტნიორებიც დაეხმარნენ. მაგალითად, ბოლო 12-წუთეულში ცხრა ქულა ჩააგდო კორი ბრიუერმა. ჰარდენმა კი დროის ამ მონაკვეთში 20 ქულა დააგროვა, თან ყველანაირი სროლა გამოსდიოდა - საქულიანები, ფარქვეშ შესვლები, ჯარიმები...

მასპინძელი გუნდი ცუდად არ ისროდა - 57 პროცენტი, მაგრამ ეს არაფერია მეტოქის 75-პროცენტიან სიზუსტესთან. ჰორნაჩეკის გუნდმა ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ წააგო და თუ ასე გააგრძელა, მალე ცხრილში მერვე ადგილს "ოკლაჰომას" გადაულოცავს. "ჰიუსტონმა" კი ბოლო ცხრა მატჩში შვიდი მოიგო.

ფინიქსი-ჰიუსტონი 118:127
23:41, 38:29, 28:18, 29:39
ფ: ბლედსოუ (32), დრაგიჩი (20), ტაკერი (17+7 მოხსნა), მარკიფ მორისი (16+6 მოხსნა), ტომასი (14+6 პასი).
ჰ: ჰარდენი (40+12 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (20+6 მოხსნა), ბევერლი (15+6 მოხსნა+6 პასი), ბრიუერი (14+7 მოხსნა), მოტეიუნასი (12), არიზა (10+5 პასი).

ლეიკერსი-დენვერი 96:106
29:24, 19:21, 23:26, 25:35
ლ: ბუზერი (21+10 მოხსნა), ელინგტონი (18), ჯონსონი (12), ნ. იანგი (12).
დ: ლოუსონი (32+16 პასი), არტური (15), ჰიქსონი (13+7 მოხსნა), ჩენდლერი (13+6 მოხსნა), ფოიე (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული