კობი ბომბარდირთა ათეულში შევიდა

AutoSharing Option

სეზონში მეხუთე თამაში წააგო რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა "სან ანტონიომ". "სპურსი" ნიუ იორკში არასწორად არჩეული ტაქტიკის გამო დამარცხდა. ცნობილია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდს ბრწყინვალე გუნდური დაცვა შეუძლია, მაგრამ ამჯერად, რატომღაც სწრაფ თამაშში აჰყვა "ნიქსს", რითაც ფაქტობრივად შეხვედრის დაწყებისთანავე განწირულნი აღმოჩდა.

სტუმრებისთვის მთავარი საფრთხე ჩენდლერის, სტაუდმაიერისა და ფელტონის ტრიოსგან მოდიოდა. სწორედ ეს კალათბურთელები განსაზღვრავდნენ შეტევაში "ნიქსის" თამაშს. "სან ანტონიო" ტონი პარკერის მეთაურობით სამი მეოთხედი ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, მაგრამ ბოლოსკენ უფრო ახალგაზრდა და დასვენებულმა მასპინძლებმა იძალეს და ლიდერთან საპატიო გამარჯვებას მიაღწიეს.

 

აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ"

ბოლოს 128 ქულა 1993 (!) წელს გაუშვა. ეს "ბოსტონთან" მატჩში მოხდა და მაშინ "სპურსის" რიგებში თამაშობდნენ დევიდ რობინსონი, ეივერი ჯონსონი და ვინი დელ ნეგრო. ბოლო ორი დღეს "ნიუ ჯერსისა" და კლიპერსს" ავარჯიშებს. ასე რომ, "ნიუ იორკმა" შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

აგრძელებს კალათბურთის მოყვარულთა გაოცებას "მემფისი". სტუმრად "ლეიკერსის" დამარცხების შემდეგ "დათვებმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხეს დასავლეთის კიდევ ერთი ფავორიტი "ოკლაჰომა სიტი". ო ჯეი მაიოს გარეშეც მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის კაპიტულირება. როგორც წესი, ლიონელ ჰოლინსის გუნდში მთავარი დამრტყმელი ძალა ზაკ რენდოლფისა და რუდი გეის დუეტი აღმოჩნდა. პირველმა უბრალოდ არ გაახარა "ოკლაჰომას" წინა ხაზი, გეი კი ნებისმიერი პოზიციიდან აგდებდა ბურთს და საბოლოოდ, 18-დან 12 ზუსტი ტყორცნა დაუგროვდა.

რაც შეეხება "ოკლაჰომას", სკოტ ბრუქსის გუნდის თამაში კვლავინდებურად კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის თამაშზეა დამოკიდებული. გუშინ ამ დუეტს მხოლოდ ჯეიმს ჰარდენი ეხმარებოდა და ამ სამეულმა თითქმის მთელი თამაში "ათრია" სტუმართა გუნდი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იღბალი და სიზუსტე დააკლდათ. ბოლო წამებზე იყო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი, მაგრამ დურანტმა სამქულიანი ააცილა.

ტრავმებით გაწამებული ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს დალასში - "მავერიქსი" "პორტლენდს" მასპინძლობდა. დალასელებმა ზედიზედ მეხუთედ ითამაშეს დირკ ნოვიცკის გარეშე. თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე სტუმრები 77:74-ს იგებდნენ, მაგრამ მიზანს მიაღწია ჯეისონ ტერის სამქულიანმა და ანგარიში გათანაბრდა, არადა, მანამდე ამ კალათბურთელმა 11-დან 8 ტყორცნა ააცილა. ამის შემდეგ იმავე ტერიმ საშუალო მანძილიდან იყოჩაღა, რასაც დეშონ სტივენსონმა სამქულიანი დაუმატა და ბოლო წუთისთვის "მავერიქსის" უპირატესობა ოთხ ქულას უდრიდა. მაგრამ დამშვიდება ნაადრევი იყო. უესლი მეტიუზმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა 12 წამით ადრე "ბლეიზერსი" შეტევაში შეცდა, ბურთი ტერიმ მიიღო და ოთხი მეტრიდან ზუსტად ისროლა. "პორტლენდს" ღირსეული პასუხი არ აღმოაჩნდა - მოუმზადებელი სამქულიანით შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა არ გამოვიდა.

საკუთარი გულშემატკივარი გაახარა "ლეიკერსმა", რომელსაც ბოლო დროს ბევრი კრიტიკის მოსმენა უწევს. კალიფორნიელებს "დეტროიტთან" საშინაო მატჩის სტარტი არ გამოუვიდათ - კობი ბრაიანტმა რვა აცილებით დაიწყო თამაში, სხვაობა კი ორ-სამ ქულას შეადგენდა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი, როცა 12-წუთიანი მონაკვეთი 14 ქულით მოიგეს.

 

ეს საღამო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კობისთვის. მან კარიერაში 26 669 ქულა დააგროვა და ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეათე ადგილზე გადაინაცვლა. ბრაიანტმა ლეგენდარულ დომინიკ უილკინსს გაასწრო, რომელსაც 15-წლიანი კარიერის განმავლობაში 26 668 ქულა აქვს მოპოვებული.

"მაიამი ჰიტმა" "მილუოკი" დაამარცხა და ბოლო 20 შეხვედრაში მე-19 გამარჯვება იზეიმა. თუ ასე გაგრძელდა, აპრილისთვის ფლორიდული კლუბი რეგულარული ჩემპიონატის მოგებას იზეიმებს, რაც "დიდი ტრიოს" დამსახურება იქნება. ამ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ერთად 78 ქულა დააგროვეს, რაც რვა ქულით ნაკლებია მათი შედეგიანობის რეკორდზე, რომელიც 2010 წლის ბოლო მატჩში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ დაფიქსირდა. მაშინ ამ სამეულმა ჯამში 86 ქულა დააგროვა.

მაიამი-მილუოკი 101:89
26:20, 21:31, 26:19, 28:19
მაი: უეიდი (34), ჯეიმსი (25+9 პასი+6 მოხსნა), ბოში (19+12 მოხსნა).
მილ: სალმონსი (18+6 პასი), ბოგუტი (16+8 მოხსნა), დულინგი (14+5 პასი).


ნიუ იორკი-სან ანტონიო 128:115
36:35, 36:34, 29:26, 27:20
ნ-ი: ჩენდლერი (31+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (28+9 მოხსნა+6 პასი), ფელტონი (28+7 პასი), ფილდსი (13+6 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (26+6 პასი), ბლეირი (17+8 მოხსნა), ჯინობილი (15+5 მოხსნა+5 პასი), დანკანი (14+6 მოხსნა), ჰილი (13), ჯეფერსონი (13).


ჩიკაგო-ტორონტო 111:91
29:27, 30:14, 22:28, 30:22
ჩ: დენგი (24), როუზი (19+6 პასი), გიბსონი (16+14 მოხსნა), აშიქი (13+7 მოხსნა), ბუზერი (12+13 მოხსნა), ბრიუერი (12).
ტ: ბარნიანი (23+6 მოხსნა), დეროზანი (18), ბარბოზა (15+5 პასი), ბეილესი (11+8 პასი).

 

მემფისი-ოკლაჰომა 110:105
31:27, 24:28, 24:22, 31:28
მ: რენდოლფი (31+16 მოხსნა), გეი (27+5 მოხსნა), ალენი (19), მ. გასოლი (10+10 მოხსნა).
ო: დურანტი (28+9 მოხსნა), უესტბრუკი (28+7 პასი), ჰარდენი (17).

 

დალასი-პორტლენდი 84:81
24:24, 19:16, 19:20, 22:21
დ: სტივენსონი (18), ტერი (18), ჩენდლერი (14+13 მოხსნა), ბარეა (10).
პ: ოლდრიჯი (28+10 მოხსნა), ბატუმი (13+7 მოხსნა), კემბი (10+20 მოხსნა), მეტიუზი (10).

 

საკრამენტო-ატლანტა 102:108
23:27, 17:27, 23:23, 39:31
ს: ევანსი (29+8 პასი+5 ჩაჭრა), კაზინსი (24+7 მოხსნა), გარსია (12), კასპი (10+11 მოხსნა).
ა: კროუფორდი (31+7 პასი), ჯონსონი (29+5 მოხსნა), სმიტი (14+11 მოხსნა+6 პასი), ჰორფორდი (10+8 მოხსნა), ბიბი (9+10 მოხსნა).

 

ლეიკერსი-დეტროიტი 108:83
24:19, 21:23, 31:17, 32:24
ლ: პ. გასოლი (21+7 მოხსნა), ბრაიანტი (17+8 პასი+7 მოხსნა), ოდომი (16+9 მოხსნა), ბინუმი (13+6 მოხსნა).
დ: მონრო (14+11 მოხსნა), მაკგრეიდი (14+6 პასი), პრინსი (12), ჰემილტონი (11), ბინუმი (10).

 


ბატლერმა სეზონი დაასრულა

"დალას მავერიქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფორვარდი კერონ ბატლერი ამ სეზონში ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას.

როგორც უკვე ვწერდით, ბატლერმა ტრავმა შაბათს "მილუოკისთან" მატჩში მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ მუხლის მყესის გაწყვეტა დააფიქსირა და გუშინ კალათბურთელს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

 

ახლა "მავერიქსის" შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ბატლერის პოზიციაზე სავარაუდოდ, შონ მერიონი ითამაშებს.


"ვთხოვთ ბიჭებს უფრო გაააქტიურონ თამაში და არ დაუშვან მატჩების დროს ჩავარდნები", - განაცხადა კლუბის მფლობელმა მარკ ქიუბანმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ "დალასის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ უკვე ხუთი მატჩი გამოტოვა მარჯვენა მუხლის დაზიანების გამო. სამწვრთნელო შტაბი ჯერ ვერ ასახელებს გერმანელის დაბრუნების ზუსტ თარიღს.

 

"როგორც კი ნოვიცკი მზად იქნება სათამაშოდ, ამას მაშინვე შეიტყობთ", - განაცხადა "დალასის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული