იგორ კოკოშკოვი NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა

AutoSharing Option
იგორ კოკოშკოვი "ორლანდო მეჯიქში" მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. ამის თაობაზე ინფორმაცია თავად ფლორიდულმა კლუბმა გაავრცელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმს ბორეგოს ასისტენტი იქნება. თავად ბორეგო "ორლანდოს" დროებით მთავარ მწვრთნელად 5 თებერვალს, გუნდიდან ჯაკ ვონის გაშვების შემდეგ დაინიშნა.

ჯეიმს ბორეგომ "ორლანდოს" 4 მატჩში უთავკაცა და 2 მოგების წილ 2 მარცხი განიცადა. ფლორიდული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა მისი მუშაობით და ის გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბორეგოს ასისტენტად იგორ კოკოშკოვი დაინიშნა.

კოკოშკოვს NBA-ს კლუბებში ასისტენტ მწვრთნელად მუშაობის
უდიდესი გამოცდილება აქვს. 43 წლის სერბ სპეციალისტს NBA-ს კლუბებში 14 სეზონი გაუტარებია. 2000 წელს, როცა კოკოშკოვი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" დაინიშნა, ის გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი არაამერიკელი სრულუფლებიანი ასისტენტი მწვრთნელი.

2000-03 წლებში კოკოშკოვმა "კლიპერსში" იმუშავა, რის შემდეგაც "დეტროიტ პისტონსში" გადავიდა და მისი ტიტულებიც ამ კლუბს უკავშირდება. 2003-დან 2008 წლამდე სერბი სპეციალისტი ყოველ სეზონში გადიოდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ხოლო 2004-ში ლარი ბრაუნის ასისტენტად ყოფნისას "დეტროიტთან" ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა. 2008-13 წლებში კოკოშკოვი "ფინიქს სანსში" მუშაობდა, ხოლო 20013-14 წლების სეზონი "კლივლენდ კავალიერსში" გაატარა.

კოკოშკოვს ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის არანაკლები გამოცდილება აქვს. ის სერბეთის ეროვნულ გუნდში ცნობილი ჟელკო ობრადოვიჩის თანაშემწე გახლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ნაკრები ზედიზედ 3-ჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ჯერ "ბ" დივიზიონიდან "ა"-ში აინაცვლა, შემდეგ კი, პირველად ისტორიაში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ლიტვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავა.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ქართველებმა 2013 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზეც იასპარეზეს და გასულ ზაფხულს ამ ტურნირის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისში მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული გუნდის ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ გეგმაზე იმუშავა. კოკოშკოვი ასევე შეხვდა ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს.

იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული გუნდი მიმდინარე წლის 24 ივლისს, სლოვენიის კურორტ პოდჩეტრტეკში შეიკრიბება და ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. მანამდე კი სერბი სპეციალისტი "ორლანდო მეჯიქში", ჯეიმს ბორეგოს ასისტენტად იმუშავებს.

წყარო gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული