დიდი ტრიო ლეიკერსის რეკორდს დაემუქრა

AutoSharing Option

"ლეიკერსის" ბოლოდროინდელი პრობლემების გათვალისწინებით, მორიგი სათამაშო დღის ყველაზე დამაინტრიგებელ დაპირისპირებად კალიფორნიელების საშინაო მატჩი ჩანდა "ნიუ იორკ ნიქსთან". მაგრამ გუშინ, ყველაზე მეტად გულშემატკივართა მოლოდინი "პორტლენდისა" და "მაიამის" შეხვედრამ გაამართლა. "ბლეიზერსი" ყველანაირად ეცადა ფლორიდელთა უნიკალური გასვლითი სერიის შეწყვეტას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. "ჰიტმა" ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო სტუმრად და "ლეიკერსის" რეკორდის (1971-72 წლების სეზონი) გასამეორებლად მხოლოდ სამი მოგება სჭირდება, რომლის მოპოვება მიმდინარე ტურნეშია შესაძლებელი - "მაიამის" მორიგი მეტოქეები იქნებიან - "კლიპერსი", "დენვერი" და "ჩიკაგო".

"პორტლენდთან" შეხვედრა "დიდმა ტრიომ" მოიგო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით:

გუნდური 107 ქულიდან 96 ლებრონ ჯეიმსს, დუეინ უეიდსა და კრის ბოშს ეკუთვნით. დანარჩენმა მოთამაშეებმა ერთად მხოლოდ 11 ქულა მოიპოვეს.


დებიუტში ისე ჩანდა, რომ მთავარი გმირი უეიდი გახდებოდა. "ფლეში" იოლად უსწორდებოდა თავის მეურვეებს და ძირითადად ფარქვეშ შესვლებით თავისი გუნდის პირველი 19 ქულიდან 15 თავის ანგარიშზე მიითვალა. მაგრამ შემდეგ დუეინი დამშვიდდა და სცენაზე "მეფე" გამოვიდა. ცნობისთვის, ლებრონმა სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

თავად მატჩი დაძაბული გამოვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში რვა ქულაზე წინ არც ერთი გუნდი არ გასულა - მეორე მეოთხედის შუაში "მაიამი" 38:30-ს იგებდა, შემდეგ "პორტლენდმა" იგდო ხელთ ინიციატივა და მეოთხე პერიოდში ასეთივე სხვაობით წაიყვანა ანგარიში - 76:68. მასპინძლები ეს უპირატესობა თითქმის ბოლომდე შეინარჩუნეს - საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ისინი შვიდი ქულით იყვნენ წინ და თითქოს მათ მოგებას წინ არაფერი ედგა. მაგრამ "მაიამიმ" ტემპს მოუმატა და "ბლეიზერსის" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა.

თავიდან ურთულესი სამქულიანი ჩააგდო ლებრონმა, მას მხარი აუბეს უეიდმა და ჯეიმს ჯონსმა, ხოლო ანგარიში თავად "მეფემ" საჯარიმო ტყორცნებით გაათანაბრა. თუმცა მან მაინც დაუტოვა შანსი მეტოქეს, ოღონდ ანდრე მილერმა ბოლო წამებზე საშუალო დისტანციიდან ორივე სროლა ააცილა. ოვერტაიმში კი ლებრონის შოუმ კულმინაციას მიაღწია. "მაიამის" მეექვსე ნომერმა კიდევ ორი სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ ულამაზესი ჩატენვა გვიჩვენა და საბოლოოდ დაასამარა ნეიტ მაკმილანის შეგირდების იმედები.

 

რაც შეეხება "ლეიკერსისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრას, სტუმრებს ჩემპიონის დამარცხების შანსი არ ჰქონიათ. ტრავმირებული დანილო გალინარისა და რეზერვისტების სათანადო მხარდაჭერის გარეშე რთულია თუნდაც მცირე კრიზისში მყოფი კალიფორნიელების დამარცხება. "ნიქსმა", რომელიც მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდია, თამაშიდან 36 პროცენტის სიზუსტით ისროლა და მხოლოდ 87 ქულა დააგროვა. მაიკ დ'ანტონის შეგირდებმა ამ სეზონში მეორედ ვერ გადალახეს 90-ქულიანი ზღვარი. პირველად ეს ნოემბერში "მილუოკისთან" მატჩში მოხდა.

როგორც ჩანს, "დენვერის" ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ კარმელო ენტონის გარშემო შექმნილი გაურკვეველ სიტუაციას კლუბისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს, ამიტომაც გაჩნდა ჭორები NBA-ის ვარსკვლავის "ნიუ ჯერსიში" გადასვლის შესახებ. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია კალათბურთელმაც იცოდა და ამიტომაც მორიგ მატჩში "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ ის საკუთარ თავს არ ჰგავდა. 33 წუთის განმავლობაში მელომ მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და კარიერაში მეხუთედ ვერ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი (როცა მოედანზე მინიმუმ 30 წუთს ატარებდა), თანაც ბოლოს ასეთი რამ 2005 წელს მოხდა.


ტორონტო-საკრამენტო 118:112
34:31, 23:19, 28:35, 33:27
ტ: ბარნიანი (30+8 მოხსნა), დეროზანი (28), ბარბოზა (18+5 მოხსნა), კალდერონი (13+9 პასი), ბეილესი (10).
ს: უდრიხი (25+4 ჩაჭრა), ლენდრი (22+5 მოხსნა), ტომპსონი (19+11 მოხსნა), კაზინსი (18+10 მოხსნა), გარსია (13).

 

კლიპერსი-გ. სტეიტი 105:91
32:28, 30:20, 29:25, 14:18
კ: გორდონი (25+3 ჩაჭრა), გრიფინი (23+12 მოხსნა), დევისი (17+11 პასი), ჯორდანი (9+13 მოხსნა).
გ-ს: რაიტი (27), ელისი (13+5 მოხსნა+6 პასი).

 

სან ანტონიო-მინესოტა 94:91
18:21, 32:23, 24:23, 20:24
ს-ა: ჯინობილი (21+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (13+5 მოხსნა), ნილი (13), ბონერი (11+9 მოხსნა), პარკერი (11), ჰილი (11).
მ: ლავი (18+17 მოხსნა), რიდნური (16+6 მოხსნა+7 პასი), მილიჩიჩი (11+10 მოხსნა+5 დაფარება).


ფინიქსი-კლივლენდი 108:100
26:26, 25:26, 30:29, 27:19
ფ: დადლი (21+7 მოხსნა), ნეში (20+7 მოხსნა+17 პასი+3 ჩაჭრა), კარტერი (19+7 მოხსნა), ფრაი (16+12 მოხსნა+3 დაფარება), ლოპესი (15+6 მოხსნა).
კ: ჰარისი (27+8 მოხსნა), ჰიქსონი (23+17 მოხსნა), ჯეიმისონი (23+7 მოხსნა), უილიამსი (5+12 პასი).


დენვერი-ნიუ ორლეანი 87:96
22:23, 21:31, 23:24, 21:18
დ: ჰარინგტონი (20+7 მოხსნა), ბილაპსი (13), ნენე (12+6 მოხსნა), ენტონი (8+5 მოხსნა).
ნ-ო: პოლი (20+6 პასი), უესტი (19+8 მოხსნა+5 პასი), არიზა (12+7 მოხსნა), გრინი (11), ჯეკი (10), ოკაფორი (9+13 მოხსნა).


პორტლენდი-მაიამი 100:107 (ო)
26:27, 18:19, 23:19, 26:28, 7:14
პ: ოლდრიჯი (31+14 მოხსნა+7 პასი), ბატუმი (22), მეტიუზი (14+5 პასი), მაილზი (13), კემბი (2+14 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (44+13 მოხსნა+6 პასი), უეიდი (34+8 მოხსნა+5 პასი), ბოში (18+8 მოხსნა).


ლეიკერსი-ნიუ იორკი 109:87
25:21, 27:26, 29:23, 28:17
ლ: ბრაიანტი (27+10 მოხსნა+5 პასი), პ. გასოლი (20+14 მოხსნა+4 დაფარება), ბინუმი (18+7 მოხსნა), ბრაუნი (16), ოდომი (13+18 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+10 მოხსნა+6 დაფარება), ჩენდლერი (19+დაფარება+3 ჩაჭრა), ფელტონი (12+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ფიდსი (12+8 მოხსნა).

 

 

ევროპამ პაუ აირჩია

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი 2010 წელს ევროპის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ტრადიციულად გამოკითხვა იტალიურმა "გაძეტა დელო სპორტმა" ჩაატარა. ეს გამოცემა აგერ უკვე 30 წელია მწვრთნელებს, ეროვნული ნაკრებების მოთამაშეებისა და სპორტულ ჟურნალისტებს ანდობს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას.
ესპანელმა ცენტრმა 240 ქულა მიიღო და 122-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გერმანელ დირკ ნოვიცკის ("დალას მავერიქსი"). მესამე პოზიციაზეა კიდევ ერთი ესპანელი, "ბარსელონას" მცველი ხუან კარლოს ნავარო - 75 ქულა.


მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის გმირები - სერბი მილოშ ტეოდოშიჩი (58 ქულა) და ლიტველი ლინას კლეიზა (39).
ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: 6. ანდრეა ბარნიანი (იტალია), 7. ჰიდაიეტ თურქოგლუ (თურქეთი), 8. ერსან ილიასოვა (თურქეთი), 9. ტონი პარკერი (საფრანგეთი), 10. ომერ კასპი (ისრაელი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული