ცუდი ამბავი შეიტყვეს "კლივლენდის" სამწვრთნელო შტაბმა და გულშემატკივრებმა. ფორვარდმა კევინ ლავმა, რომელმაც "ბოსტონთან" სერიის მეოთხე მატჩში კელი ოლინიკთან ორთაბრძოლისას მხარი ამოიგდო, გუშინ ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც აღდგენით პროცესს ოთხიდან ექვსი თვე დასჭირდება. შესაბამისად, ლავი მოედანზე მომავალი სეზონის სტარტისთვის დაბრუნდება.
ასე რომ, "კლივლენდის" დამრიგებელმა დევიდ ბლატმა სასწრაფოდ უნდა მონახოს კალათბურთელი, რომელიც ლავის მსგავსად, საშუალოდ მატჩში 16.4 ქულას, 9.7 მოხსნას და 2.2 შედეგიან გადაცემას დააგროვებს. ეს კი შეუსრულებელი ამოცანაა. სავარაუდოდ, "კლივლენდის" ვარსკვლავის ადგილს სასტარტო ხუთეულში ტრისტან ტომპსონი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ "კლივლენდი" მეოთხედფინალში
"ჩიკაგოსა" და "მილუოკის" სერიაში მოგებულს უნდა შეხვდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"