"ჰიუსტონმა" რეგულარული ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა წააგო "გოლდენ სტეიტთან", თანაც საშუალო 15.3 ქულის სხვაობით. ოკლენდში ტექსასელებს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული და ვერც ამჯერად გატეხეს ნავსი. მართალია, "მეომრებს" განადგურება არ გამოუვიდათ, მაგრამ მაკჰეილის შეგირდებმა საკუთარ თავზე მაღლა ახტომა ვერ მოახერხეს.
თუმცა "როკეტსმა" შეხვედრა ტრადიციულად დაიწყო - პირველი მეოთხედის მოგებით. მიმდინარე პლეი ოფში ტექსასელები ყოველთვის კარგად იწყებენ,
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ რთულ მომენტში მასპინძლების მწვრთნელის, სტივ კერის სწორი ნაბიჯი: მან მოედნიდან გაიყვანა ენდრიუ ბოგუტი, ცენტრის პოზიციაზე დრეიმონდ გრინი გადაიყვანა და ხუთეულში ოთხი სნაიპერი დააყენა, რომლებმაც მეორე მეოთხედი 21:4 გაქცევით დაასრულეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შონ ლივინგსტონი, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 14 ქულა მიითვალა.
ისიც ტრადიცია გახდა, რომ ტექსასელებს მეორე მეოთხედში მეტოქის სპურტი გამოეპარათ. პირველ მეოთხედში 37-პროცენტიანი სიზუსტის შემდეგ "მეომრებმა" მეორეში 59 პროცენტი დააფიქსირეს, თან აიძულეს მეტოქე, ექვსჯერ დაეშვა შეცდომა, რაც მასპინძლების 10 ქულად გადაიქცა. თამაში ძალიან სწრაფ ტემპში მიდიოდა, ბურთის კარგი მოძრაობით. მეორე მეოთხედში გუნდებმა 8-8 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს.
მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა, მაგრამ სტუმრებს რეალიზაციის ისევ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ - 29 "უორიორზის" 50-ის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მასპინძლებმა ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინეს, ხუთჯერ დაკარგეს ბურთი დ ეს შვიდ გაშვებულ ქულად დაუჯდათ. სწორედ ამის წყალობით "ჰიუსტონმა" მესამე მეოთხედში შორს არ გაუშვა მეტოქე. სტუმრების რიგებში თამაში დაიჭირა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ხუთიდან ოთხი ტყორცნა გამოიყენა.
დუაიტ ჰოვარდი კი, პირველ ტაიმში მიღებული ფეხის ტრავმის მიუხედავად, მოედანზე იმყოფებოდა, მაგრამ თამაშიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააგდო. მეტოქის ფარქვეშ კარგად მუშაობდა ტერენს ჯონსი, მაგრამ შეტევაში უსარგებლო იყო (0/4). მასპინძლებმა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მაინც მოახერხეს გაქცევა (10:3) და მეოთხე მეოთხედს ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
ბოლო 12-წუთეულში ჰარდენმა აშკარად დაჩაგრა ტომპსონი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში წარმატებით მეურვეობდა წვეროსანს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კლეი ცდებოდა, უბრალოდ, "ჰიუსტონის" ლიდერს აშკარად წაუვიდა თამაში. სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 97:97. მასპინძლებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ჰარისონ ბარნსმა და სტივენ კარიმ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა.
ამ დუეტმა 11:0 გაქცევა მოაწყო, თუმცა "როკეტსს" წუთი და 50 წამი ეყო იმისთვის, რომ სხვაობა ორ ქულამდე შეემცირებინა. ამის შემდეგ "ჰიუსტონს" ჯარიმების ტაქტიკის იმედი ჰქონდა, მაგრამ კარი თავისუფალ ტყორცნებს იდეალურად ასრულებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის მაჩვენებლები თითქმის იდენტური იყო და თამაშის ბედი წვრილმანმა ფაქტორებმა გადაწყვიტეს. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი იყო "გოლდენ სტეიტის" რეზერვისტთა 34 ქულა "ჰიუსტონის" სათადარიგოების 27 ქულის წინააღმდეგ. ერთგვარი X-ფაქტორი გახდა შონ ლივინგსტონი, რომლის 18 ქულასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო დაცვაში მოპოვებული მოხსნები.
თუ გუნდებმა დაცვა არ გაიხსენეს და ასეთ ტემპში ითამაშეს მომდევნო მატჩები, წინ კარგი სპექტაკლები გველოდება ქაოტური და არაპროგნოზირებადი სცენარებით.
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 110:106
24:31, 34:24, 26:24, 26:27
გ-ს: კარი (34+6 მოხსნა+5 პასი), ლივინგსტონი (18+7 მოხსნა), ტომპსონი (15), ბარნსი (14), გრინი (13+12 მოხსნა+8 პასი).
ჰ: ჰარდენი (28+11 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), არიზა (20), სმიტი (17+7 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კაპელა (9), ბრიუერი (9), ჰოვარდი (7+13 მოხსნა).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"