მართალია, ლებრონ ჯეიმსი მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი პარტნიორების გამხნევებას, მაგრამ შემადგენლობის სიღრმისა და მოთამაშეთა საერთო კლასში სხვაობის კომპენსირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სტივ კერმა ისევ "დაბალი" ხუთეულით დაიწყო შეხვედრა, ხოლო ენდრიუ ბოგუტს საერთოდ არ მისცა სათამაშო დრო და სათადარიგო ცენტრად ფესტუს ეზელი გამოიყენა.
დევიდ ბლატმა კი ტიმოფეი მოზგოვისა და ტრისტან ტომპსონის სიმაღლის წყალობით გა
მეორე 12-წუთეულში ბლატმა კიდევ უფრო "აამაღლა" თავისი ხუთეული, როცა ერთადერთ ნომინალურ მცველთან იმან შამპერტთან ერთად, მოედანზე იყვნენ მოზგოვი, ტომპსონი, ჯონსი და ჯეიმსი. მართალია, მასპინძლებმა მეტოქის დაწევა ვერ შეძლეს, მაგრამ დიდი შესვენებისთვის სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. ამაში თავისი როლი თამაშა "კლივლენდის" დაცვამ. "გოლდენ სტეიტმა" დროებით შეამცირა ქულების დაგროვება, თუმცა ბურთს კარგად ათამაშებდა. პირველი ნახევარში სტუმრების ანგარიშზე 16 შედეგიანი პასი მოდიოდა.
მეორე მეოთხედში ერთ ღირსშესანიშნავ მომენტს ჰქონდა ადგილი - ლებრონმა მორიგი ზუსტი სამქულიანით მატჩში მე-14 და კარიერაში 5002-ე ქულა დააგროვა. ამით ის გახდა 5000-იანთა კლუბის მეექვსე წევრი და ისეთი ლეგენდების გვერდით დადგა, როგორებიც არიან: მაიკ ჯორდანი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი, შაკილ ო'ნილი და ტიმ დანკანი.
მოკლედ, "კლივლენდი" ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მესამე მეოთხედის სტარტზე კი ტრისტან ტომპსონმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი - 47:45.
თითქოს თამაშში გარდატეხის დრო დადგა, მაგრამ არ დაიბნა "უორიორზის" დამრიგებელი სტივ კერი, რომელმაც მოზგოვის აქტიურობას მოედანზე ფესტუს ეზელის გაყვანით უპასუხა. სათადარიგო ცენტრმა მესამე მეოთხედში რვა ქულა დააგროვა და ეს გახდა "გოლდენ სტეიტის" მორიგი გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საინტერესოა, რომ ამ მეოთხედში კარიმ და ტომპსონმა ერთად მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს, მაგრამ "უორიორზისთვის" ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან სხვები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.
მართალია, მეოთხე მეოთხედი "კლივლენდმა" 7:0 გაქცევით დაიწყო, მაგრამ მატჩში ინტრიგის აღდგენა არ მოხერხდა. მასპინძელთა რიგებში მოულოდნელად ათამაშდა ჯეი არ სმიტი, რომელმაც 12 წუთში 15 ქულა დააგროვა (ოთხი სამქულიანი ჩააგდო), მაგრამ სამქულიანები "გოლდენ სტეიტსაც" წაუვიდა და კარის, ტომპსონისა და იგუოდალას ზუსტი შორეული ტყორცნების შემდეგ სხვაობა 14 ქულამდე გაიზარდა. "კავალიერზმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბოლოსკენ ჯარიმების ტაქტიკით სცადა მატჩის გადარჩენა და ერთხელ ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ როცა საფინალო სირენამდე სმიტმა სამქულიანი ააცილა, ბრძოლამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
ლებრონმა მატჩის დასრულებისთანავე მიულოცა კარის და გასახდელისკენ გაემართა. პირველი სამი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ჯეიმსი შეიძლებოდა გამხდარიყო მეორე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომელსაც ფინალური სერიის წაგების მიუხედავად დაასახელებდნენ საუკეთესო მოთამაშედ. მაგრამ ბოლო სამ მატჩში მარცხის გამო, ამის შანსი აღარ დარჩა. ფინალური სერიის MVP გახდა ანდრე იგუოდალა, რომელიც სწორედ ჯეიმსს მეურვეობდა, მაგრამ მოასწრო და სერიაში თავისი გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა.
კლივლენდი-გ. სტეიტი 97:105
15:28, 28:17, 18:28, 36:32
კ: ჯეიმსი (32+18 მოხსნა+9 პასი+6 შეცდომა), სმიტი (19+5 მოხსნა), მოზგოვი (17+12 მოხსნა+4 დაფარება), ტომპსონი (15+13 მოხსნა).
გ-ს: კარი (25+9 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), იგუოდალა (25+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (16+11 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), ეზელი (10), ლივინგსტონი (10).
სერია: 2-4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"