"დალასი" შველას ითხოვს

AutoSharing Option

სულ უფრო და უფრო უკან მიდის "დალას მავერიქსის" საქმეები, რომელმაც ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო - ამჯერად სტუმრად "დეტროიტის" წინააღმდეგ. გუნდს ვერ უშველა დირკ ნოვიცკის დაბრუნებამ და გერმანელთან ერთად "მავერიქსმა" ბოლო ორი მატჩი დათმო. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ "დალასმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ფორვარდი კერონ ბატლერი. რეალურად, სწორედ აქედან დაიწყო "მავერიქსის" კრიზისი და კლუბის ხელმძღვანელობა ახლა ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს ეძებს. ამ მიზნით, ლიგის ბევრ კლუბთან მიდის მოლაპარაკებები სავარაუდო ტრეიდების თაობაზე.

ESPN-ის ვებგვერდის ინფორმაციით, "დალასის" სასურველი მოთამაშეების გაფართოებულ სიაში შედიან:

სტივენ ჯექსონი ("შარლოტი"), ტაიშონ პრინსი ("დეტროიტი"), ჯეი არ სმიტი ("დენვერი"), კორი მაგეტი ("მილუოკი") და დევინ ჰარისი ("ნიუ ჯერსი").

 


* * *
პრობლემები აქვს "მაიამი ჰიტსაც", რომელსაც ბოლო სამ მატჩში სამი წაგება დაუგროვდა. გუშინ ეს გუნდი არ თამაშობდა და მორიგი მატჩის წინ დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა.

 

მაგრამ ეს უცნაური წვრთნა იყო - მასში მონაწილეობა არ მიუღიათ "დიდი ტრიოს" წევრებს - ლებრონ ჯეიმსს, დუეინ უეიდსა და კრის ბოშს. გუნდის სამივე ვარსკვლავი ტრავმებმა შეაწუხა.

"ეს ისტორიული მომენტია, რადგან სამივემ ერთად გამოვტოვეთ ვარჯიში", - განაცხადა უეიდმა. მართლაც, სეზონში პირველად მოხდა, როცა სამივე ლიდერმა ერთდროულად გამოტოვა პრაქტიკა. კრის და ლებრონს ფეხი აწუხებთ, უეიდს კი მარცხენა მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯეიმსმა ამ დაზიანების გამო უკვე სამი მატჩი გამოტოვა.

მართალია, უეიდი და ჯეიმსი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და "ატლანტას" წინააღმდეგ თამაშს აპირებენ, მაგრამ გამორიცხული არაა, "ჰოქსის" წინააღმდეგ რეზერვისტებს მოუწიოთ გამოსვლა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული