ჟურნალისტებთან საუბრისას, ფორვარდმა, პირველ რიგში, "სპურსთან" კონტრაქტის გაფორმებაში ტიმ დანკანის დიდი წვლილი აღნიშნა. ცნობილია, რომ სწორედ 39 წლის დანკანი ესწრებოდა კლუბისა და ოლდრიჯის მოლაპარაკებებს. "მისმა მონაწილეობამ შეხვედრაში უდიდესი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. ამან დამანახა, რამდენად დიდი იყო მისი სურვილი - ეთამაშა ჩემს გვერდით", - ამბობს ოლდრიჯი.
საინტერესოა, რომ პრეზენტაციაზე ლამარკუს ოლდრიჯმა მიიღო მაისურა ნომრით "12", რომელიც ადრე სამუდამო მფლობელობაში გადასცეს ბრიუს ბოეუენს - "სან ანტონიოს" ძირითად ფორვარდს,
როგორც აღმოჩნდა, ოლდრიჯთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე, "სპურსის" გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბიუფორდმა ბოეუნს დაურეკა თხოვნით - დაებრუნებიათ ხმარებში 12-ნომრიანი მაისურა. ბრიუსი მაშინვე დათანხმდა.
"საჭიროა, რომ ლამარკუსმა ოჯახის ნაწილად იგრძნოს თავი. თუ მე ამაში დახმარება შემეძლია, რატომ უნდა ვთქვა უარი? კალათბურთს აღარ ვთამაშობ. იმედია, ეს დაეხმარება ოლდრიჯს კომფორტულად იგრძნოს თავი", - განაცხადა "სპურსის" 44 წლის ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც, ამჟამად, ტელევიზიაში ანალიტიკოსად მუშაობს.
* * *
"სან ანტონიოსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" 26 წლის ლიდერის, 223 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრის ბობან მარიანოვიჩის აყვანა.
ეს კალათბურთელი ევროლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ცენტრად აღიარეს. საშულოდ მატჩში მისი სტატისტიკა 16.6 ქულა და 10.7 მოხსნა იყო, თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია კი 62 პროცენტს აღწევდა.
- "ოკლაჰომა-სიტის" თურქმა ცენტრმა ენეს კანტერმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" წინადადება მიიღო, - ამის შესახებ წერს Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი. "ბლეიზერსმა" კალათბურთელს ოთხწლიანი და 70-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
თუმცა კანტერი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია და თუ "ოკლაჰომა" იგივე წინადადებას 72 საათის განმავლობაში გაიმეორებს, შეინარჩუნებს თურქს შემადგენლობაში.
2014-15 წლების რეგულარულ ჩემპიონატში კანტერმა "იუტასა" და "ოკლაჰომას" შემადგენლობაში ითამაშა და საშუალოდ 15.4 ქულა და 9.0 მოხსნა მიითვალა.
- ბოსნიელმა ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ფინიქს სანზთან", - წერს ESPN. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ბრუკლინმა" უარი თქვა კალათბურთელისთვის 4.2-მილიონიანი კვალიფიციური ხელშეკრულების შეთავაზებაზე, რითაც ტელეტოვიჩმა შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
გასულ სეზონში 29 წლის ტელეტოვიჩმა 43 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 8.3 ქულითა და 4.9 მოხსნით დაეხმარა "ბრუკლინს".
- "ფილადელფიას" ახალგაზრდა ცენტრს ჯოელ ემბიდს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც, ის გამოტოვებს 2015-16 წლების სეზონს. უფრო ადრე, წარმოშობით კამერუნელმა კალათბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა გაიმიზეზა და ამის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი გამოსვლა მომავალ რეგულარულში.
"ფილადელფიამ" ეს კალათბურთელი 2014 წლის დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია, მაგრამ ტრავმის გამო გამოტოვა შარშანდელი სეზონი.
- Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, "ნიუ ორლეანმა" და ალონსო ჯიმ ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვით კალათბურთელი 2.75 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამასთან, ერთი წლის შემდეგ, ფორვარდს საშუალება ექნება ისევ გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე.
გასული სეზონის პირველი ნახევარი ჯიმ "დენვერში" გაატარა, რის შემდეგაც, ტრეიდით "პორტლენდში" აღმოჩნდა. შარშან, მისი სტასტისტიკა 4.5 ქულა და 1.7 მოხსნა იყო.
- გაცვლა განახორციელეს "მინესოტამ" და "ინდიანამ", რომლის მიხედვითაც "პეისერსის" რიგებში აღმოჩნდა შემტევი მცველი ჩეიზ ბადინგერი, ხოლო საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრა 29 წლის ხორვატი დამიან რუდეჟი, რომელმაც გასულ რეგულარულში 68 მატჩი ჩაატარა და 40-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები.
- გამოცდილ იტალიელ მძიმე ფორვარდს ანდრეა ბარნიანის, რომელსაც გასული სეზონის შემდეგ ამოეწურა კონტრაქტის ვადა "ნიუ იორკ ნიქსთან", რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს, მაგრამ ჯერ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას - NBA-ში თუ ევროპაში.
"რამდენიმე საინტერესო ვარიანტი მაქვს. ჩემი მიზანია - ვითამაშო მაქსიმალურად მაღალ დონეზე, ამიტომაც, ყველა წინადადებას განვიხილავ და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობას. ასი პროცენტით მხოლოდ ის ვიცი, რომ ძლიერ გუნდში ვითამაშებ, რადგან თითქმის 30 წლის ვარ და გამარჯვებები მინდა", - ამბობს ბარნიანი, რომელიც გასულ სეზონში 29-ჯერ გავიდა მოედანზე და საშუალოდ, 14.8 ქულა და 4.4 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"