”დალასმა” ნავსი მოქმედ ჩემპიონთან გატეხა

AutoSharing Option

"დალას მავერიქსმა", როგორც იქნა, შეწყვიტა წაგებათა სერია, რომელიც 2000 წლის შემდეგ პირველად, ექვს შეხვედრას უდრიდა. გუშინ "კოვბოებმა" შინ მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი" დაამარცხა. "მავერიქსის" დამრიგებელმა შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა, კერძოდ, 10 დღით გაფორმებული საშა პავლოვიჩი სასტარტო ხუთეულში დააყენა და ამან პოზიტიურად იმოქმედა მასპინძლების თამაშზე.

 

დროულად დაეხმარნენ ძირითად შემადგენლობას სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესული ჯეისონ ტერი და შონ მერიონი. მათ ტექსასური კლუბის მოქმედებას აგრესიულობა დაუმატეს და ამის წყალობით "დალასი" დაეწია მეტოქეს, რომელიც მესამე მეოთხედის შუაში რვა ქულით იყო წინ - 62:54. ტერიმ და მერიონმა

22-22 ქულა დააგროვეს და ერთად 28 ტყორცნიდან 19 ჩააგდეს, მათ შორის ექვსიდან ოთხი სამქულიანი. გარდა ამისა, ამ დუეტმა 6 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა. მათი მონდომებითა და ჯეისონ კიდის შედეგიანი თამაშით რვაქულიანი ჩამორჩენა ცხრაქულიან უპირატესობად გადაიქცა, ხოლო ბოლო მეოთხედის მსვლელობისას "დალასი" უკვე 16 ქულით იყო წინ, რითაც ამ მატჩში გამარჯვებულის ბედი გარკვეული იყო.

რა თქმა უნდა, "დეტროიტისგან" ბოსტონში მოგებას არავინ ელოდა. "პისტონზმა" ისედაც გააკვირვა ყველა, რომ ამ სეზონში პირველად ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და გუშინდელ შეხვედრას სწორედ ასეთი სერიით შეხვდა. მაგრამ "სელტიქსთან" მატჩის მსვლელობამ აჩვენა, რომ ბოლო დროს, "დეტროიტი" საკმაოდ მომძლავრებულა და კონკურენტუნარიანი გუნდი გამხდარა. მატჩის დიდი ნაწილი სტუმრები წინ იყვნენ და მოგების შესანიშნავი შანსიც ჰქონდათ. საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 43 წამით ადრე გრეგ მონრომ "პისტონზის" უპირატესობა 4 ქულამდე აიყვანა - 82:78.

მაგრამ ამის შემდეგ, "დეტროიტის" თამაში მთლიანად მოიშალა - სტუმრებმა დარჩენილ დროში თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილეს. რა თქმა უნდა, გამოცდილმა "სელტიქსმა" ასეთი რამ მეტოქეს არ აპატია.

გასული სათამაშო დღის გმირი გახდა მონტა ელისი. "გოლდენ სტეიტის" მცველი ამ სეზონში ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და დამსახურებულად მიიჩნევა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" პოტენციურ მონაწილედ. ამჯერად ელისმა თავის გუნდს "ინდიანას" წინააღმდეგ მოაგებინა. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა - 36 ქულა დააგროვა (მეთორმეტედ გადალახა სეზონში 30-ქულიანი ზღვარი) და ამას 6 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა და ჩაჭრა დაუმატა.

ამ შეხვედრას დაძაბული ფინალი ჰქონდა. სტივენ კარმა საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ურთულესი გარღვევა შეასრულა და "გოლდენ სტეიტი" სამი ქულით გაიყვანა წინ - 108:105. მაგრამ მანვე საკუთარ ფართან ძალიან ცუდად ითამაშა - დარენ კოლისონი გაატარა, ბურთიც ჩააგდებინა და ჯარიმაც მიიღო - 108:108. პარტნიორის შეცდომის გამოსწორება სწორედ ელისმა ითავა და თანაგუნდელები არ დააღალატა. ბოლო შეტევაში მან მეტოქეები არ შეიმჩნია და ხუთი მეტრიდან ბურთი ფარში მოათავსა, რითაც "მეომრებს" ზედიზედ მესამედ მოაგებინა. მართალია, ელისმა "ინდიანას" საპასუხო შეტევისთვის 0,6 წამი დაუტოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ორლანდოსა" და "ფილადელფიას" მატჩში ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. ამ შეხვედრაში თითქოს ყველაფერი "მეჯიქის" წინააღმდეგ იყო. ბოლო მეოთხედის ბოლო წუთზე მეექვსე პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვა დუაიტ ჰოვარდმა, გარდა ამისა, საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე "ფილადელფია" ოთხი ქულით იგებდა, მაგრამ გამარჯვება მაინც სტენ ვან განდის გუნდს დარჩა. ამაში დიდი წვლილი სტუმრების ტოტალურ უიღბლობასა და შეცდომებს მიუძღვის. თავიდან ჯეისონ რიჩარდსონმა სამქულიანი ჩააგდო და თან ანდრე იგუოდალას ჯარიმა მიაღებინა, რითაც ორლანდოელმა ერთ შეტევაში ოთხი ქულა აიღო - 90:90. ლუ უილიამსის ტყორცნა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო, არ ჩავარდა. დაინიშნა ოვერტაიმი, სადაც იგუოდალამ შეცდომის გამოსწორება მოინდომა და რედიკთან სნაიპერული დუელი გამართა, მაგრამ აქაც იღბალი ორლანდოელის მხარეს იყო. რედიკმა რიჩარდსონის ილეთი გაიმეორა და მანაც შეტევაში ოთხი ქულა აიღო. დარჩენილ დროში "სიქსერზის" მცდელობას შედეგი არ მოუტანია.

ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მიაღწია "ნიუ ორლეანმა". მასაც "მემფისის" წინააღმდეგობის დასაძლევად ოვერტაიმი დასჭირდა. ლუიზიანელებმა პირწმინდად დათმეს პირველი ტაიმი, მაგრამ მესამე მეოთხედში ფანტასტიკური სპურტით გაათანაბრეს ანგარიში. თუმცა "მემფისმა" თავად აჩუქა მეტოქეს ოვერტაიმი, როცა უხეიროდ გაითამაშა ძირითად დროში ბოლო შეტევა. სიტუაცია დამატებით დროში განმეორდა. დამთავრებამდე 12 წამით ადრე სტუმრებმა 101:102-ზე ბურთის შემოტანისას შეცდომა დაუშვეს, რითაც "ნიუ ორლეანმა" სწრაფი შეტევის საშუალება მიიღო და ურთულეს გამარჯვებას მიაღწია.


კლივლენდი-ფინიქსი 98:106
28:36, 21:26, 28:28, 21:16
კ: ჯეიმისონი (23+6 მოხსნა), სეშენსი (19+8 პასი+5 მოხსნა), ჰიქსონი (16+15 მოხსნა), გიბსონი (16), ჰარისი (10).
ფ: ჰილი (27+12 მოხსნა), ფრაი (18), გორტატი (16+12 მოხსნა), ნეში (15+15 პასი).


ნიუ ჯერსი-იუტა 103:95
27:19, 21:29, 29:16, 26:31
ნ-ჯ: ლოპესი (20), ვუიაჩიჩი (15+7 მოხსნა), ჰარისი (14+8 პასი), აუთლო (13+8 მოხსნა), ფეივორსი (12+6 მოხსნა), ჰემფრიზი (12+5 მოხსნა), ფარმარი (11+8 პასი).
ი: ჯეფერსონი (21+8 მოხსნა), უილიამსი (20+10 პასი+5 მოხსნა), კირილენკო (17+8 მოხსნა), პრაისი (13).


ორლანდო-ფილადელფია 99:98 (ო)
17:21, 27:27, 19:22, 27:20, 9:8
ო: ანდერსონი (20), ჰოვარდი (18+7 მოხსნა), ნელსონი (17+7 პასი+6 მოხსნა), თურქოგლუ (12+6 მოხსნა), რედიკი (12+6 მოხსნა), ბასი (11+10 მოხსნა).
ფ: უილიამსი (19+7 მოხსნა), იანგი (17+5 მოხსნა), ჰოლიდეი (16+8 მოხსნა+6 პასი), იგუოდალა (15+7 მოხსნა+6 პასი), ტერნერი (10+8 მოხსნა).


ბოსტონი-დეტროიტი 86:82
22:22, 20:23, 16:16, 28:21
ბ: პირსი (22+5 მოხსნა), ო'ნილი (12+12 მოხსნა), გარნეტი (11+6 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა).
დ: სტაკი (15), მონრო (13+9 მოხსნა), პრინსი (13+5 მოხსნა), ვილანუევა (11+8 მოხსნა), გორდონი (10).


ნიუ ორლეანი-მემფისი 103:102 (ო)
18:26, 24:25, 25:16, 25:25, 11:10
ნ-ო: პოლი (20+12 პასი), უესტი (19+11 მოხსნა), ტორნტონი (17), ოკაფორი (11+11 მოხსნა), არიზა (11+8 მოხსნა).
მ: გეი (22+8 მოხსნა+5 პასი), კონლი (22+5 პასი), რენდოლფი (17+10 მოხსნა), გასოლი (12+10 მოხსნა+5 პასი), მაიო (10).


მილუოკი-ვაშინგტონი 100:87
19:27, 28:22, 28:17, 25:21
მ: დულინგი (23), მაგეტი (21+5 მოხსნა), ბოიკინსი (19).
ვ: ბლეტჩი (23+7 მოხსნა), იანგი (21+6 მოხსნა+5 პასი), უოლი (10+13 პასი+6 მოხსნა).


ჰიუსტონი-ნიუ იორკი 104:89
36:27, 24:23, 22:21, 22:18
ჰ: მარტინი (21), ლოური (18), სკოლა (13+8 მოხსნა), ბადინგერი (13+8 მოხსნა), ბატიე (12), ბრუქსი (12).
ნ-ი: სტაუდმაიერი (25+5 მოხსნა), ფელტონი (14+5 პასი), დაგლასი (13+7 მოხსნა), გალინარი (11+6 მოხსნა), ჩენდლერი (11+8 მოხსნა).


სან ანტონიო-პორტლენდი 104:95
22:23, 20:30, 33:16, 29:26
ს-ა: ჯინობილი (23+7 პასი), ბლეირი (22+11 მოხსნა), პარკერი (17+5 მოხსნა+5 პასი), ჰილი (14+6 მოხსნა), დანკანი (10+12 მოხსნა).
პ: დეროზანი (28), კალდერონი (14+8 პასი), ბარნიანი (14+7 მოხსნა), გეინსი (10), ბეილესი (10), დევისი (6+11 მოხსნა).


დალასი-ლეიკერსი 109:100
23:31, 29:25, 30:17, 27:27
დ: ტერი (22+7 პასი), მერიონი (22), კიდი (21+10 პასი), ნოვიცკი (14+8 მოხსნა), პავლოვიჩი (11).
ლ: გასოლი (23+5 მოხსნა), ბრაიანტი (21+10 პასი), ოდომი (20+10 მოხსნა), ბინუმი (10+7 მოხსნა).


დენვერი-ოკლაჰომა 112:107
27:24, 28:31, 30:31, 27:21
დ: ენტონი (35+7 მოხსნა), ნენე (16+6 მოხსნა), ბილაპსი (16+6 პასი), ლოუსონი (11).
ო: უესტბრუკი (28+10 პასი), დურანტი (22), იბაკა (16+9 მოხსნა), გრინი (11+5 მოხსნა).


საკრამენტო-პორტლენდი 90:94 (ო)
26:21, 22:25, 17:19, 20:20, 5:9
ს: უდრიხი (20+5 მოხსნა), ევანსი (16+8 პასი+5 მოხსნა), დალემბერი (15+12 მოხსნა), კასპი (10+11 მოხსნა), ლენდრი (10).
პ: ბატუმი (24+6 მოხსნა), ოლდრიჯი (23+9 მოხსნა), მილერი (20+6 მოხსნა+6 პასი), ფერნანდესი (13+5 პასი), პრჟიბილა (0+11 მოხსნა).


გ. სტეიტი-ინდიანა 110:108
28:29, 25:29, 28:25, 29:25
გ-ს: ელისი (36+6 პასი+5 მოხსნა), ლი (21+9 მოხსნა), რაიტი (21), კარი (11+7 პასი).
ი: გრეინჯერი (32+12 მოხსნა+6 პასი), ჰენსბრო (16+5 მოხსნა), დანლივი (14+5 მოხსნა), კოლისონი (14+5 პასი), ფოსტერი (3+15 მოხსნა).


კლიპერსი-მინესოტა 126:111
29:19, 31:29, 32:31, 34:32
კ: გრიფინი (29+8 მოხსნა+6 პასი), გორდონი (23), დევისი (20), გომესი (13+8 მოხსნა+5 პასი), ჯორდანი (11+12 მოხსნა), დიოგუ (10+6 მოხსნა), ბლედსოუ (10+5 მოხსნა).
მ: ლავი (26+11 მოხსნა), ბიზლი (21), რიდნური (16+5 პასი), ბრიუერი (12).






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული