"იუტა ჯაზის" კიდევ ერთი ყოფილი კალათბურთელი გადავიდა "ჩიკაგო ბულზში". კარლოს ბუზერისა და კაილ კორვერის შემდეგ, რომლებმაც თვის დასაწყისში გააფორმეს კონტრაქტი "ხარებთან", ჩიკაგოელთა რიგებს შეუერთდა მცველი რონი ბრიუერი. ეს ტრანსფერი უკვე დაადასტურა კალათბურთელის აგენტმა. ხელშეკრულება სამწლიანია და მისი ღირებულება 12.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბრიუერმა გასული სეზონი "მემფისის" შემადგენლობაში გაატარა - იქ ის "იუტასთან" გაცვლის შემდეგ მოხვდა, თუმცა ახალ კლუბში რონიმ მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა და შემდეგ მთელი წელი მუხლის ტრავმას მკურნალობდა.
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილი ცენტრი ბრედ მილერი "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს კარიერას.
მილერმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 15 მილიონ დოლარს მიიღებს. ვეტერანი ცენტრი გასულ სეზონში საშუალოდ 8.8 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებდა.
"ბრედს ძალიან ახარებს "ჰიუსტონში" გადასვლა. განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ რიკ ადელმანის ხელმძღვანელობით მოუწევს ვარჯიში", - ამბობს მილერის აგენტი მარკ ბარტელსტეინი.
ოფიციალურად გამოცხადდა ლიტველი ცენტრის ჟიდრუნას ილგაუსკასის "მაიამი ჰიტში" ტრანსფერი. ვეტერანი კალათბურთელი კვლავ ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ ითამაშებს, თუმცა ცნობილი არ არის, რა ხანგრძლივობის იქნება მათი თანამშრომლობა - ბალტიისპირელი ცენტრის კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.
"ჟიდრუნასის გაფორმებით ვაგრძელებთ შემადგენლობის დაკომპლექტებას. მან დაამტკიცა თავისი კლასი მოხსნებსა და დაფარებებზე თამაშისას. მოხარულები ვართ ასეთი დონის ვეტერანის ჩარიცხვით", - ამბობს ფლორიდელთა პრეზიდენტი პატ რაილი.