NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლილარდი MVP? რატომა არა!

AutoSharing Option
გუშინდელ სათამაშო დღეს, ყველაზე დაძაბული მატჩი პორტლენდში გაიმართა. "ბლეიზერსისა" და "ვაშინგტონის" შეხვედრაში ლიდერი ბევრჯერ შეიცვალა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 5.4 წამით ადრე, სი ჯეი მაკალუმმა ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 104:104. საპასუხო შეტევაში ჯერ ჯერალდ ჰენდერსონმა დაბლოკა მარცინ გორტატის ტყორცნა, შემდეგ კი ჯონ უოლის სამქულიანი არ იყო ზუსტი.

ოვერტაიმში უფრო ძლიერები მასპინძლები აღმოჩდნენ და შორეული ტყორცნების ხარჯზე გაიმარჯვეს. ბრწყინავდა ამ მატჩში "პორტლენდის" ლიდერი დამიენ ლილარდი, რომლის ვერმოხვედრა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დღემდე აღშფოთებასა და გაკვირვებას იწვევს. ლილარდმა 41 ქულა და 11
შედეგიანი პასი დააგროვა და ორი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ჯერ ერთი, ლილარდმა 21-ე მატჩი ჩაატარა რეგულარულში მინიმუმ 30 ქულით, რაც მხოლოდ ლეგენდარულმა კლაიდ დრექსლერმა შეძლო 1991-92 წლების სეზონში, გარდა ამისა, დამიენმა ზედიზედ მე-15 მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა. შემთხვევითი არ არის, რომ ლეგენდარული აიზია ტომასი ლილარდს MVP-ის პრიზის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ასახელებს.

* * *
"დიდი ტრიოს" - ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერის გარეშე, "სან ანტონიომ" სტუმრად იოლად დაამარცხა "მინესოტა". ფავორიტმა შეხვედრის დებიუტში მოიპოვა ინიციატივა და მატჩის ბოლომდე ახლოს არ მიიკარა მეტოქე. "სპურსმა" პირველი ტაიმი 12-ქულიანი უპირატესობით დაასრულა, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა განავრცო. სხვათა შორის, "სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩიც აკლდა და მის მოვალეობებს იტალიელი ეტორე მესინა ასრულებდა. დასავლეთი კონფერენციისა და მთლიანად ჩემპიონატის მეორე გუნდმა ბოლო 10 მატჩში მეცხრედ მოიგო.

აღმოსავლეთის მეორე გუნდს "ტორონტოს" ძალიან გაუჭირდა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუთსაიდერის "ბრუკლინის" დამარცხება. მასპინძლებმა ძალიან ცუდად ჩაატარეს პირველი ტაიმი, რომელიც 16 ქულით წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში "რეპტორზმა" სულ სხვა კალათბურთი აჩვენა და გამოგლიჯა გამარჯვება "ნეტსს".

პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას ცდილობს "დენვერი", რომელიც "ნიუ იორკს" დამაჯერებლად გაუსწორდა, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და მეათე ადგილზე გადავიდა. "ნიქსისთვის" კი ეს იყო მეშვიდე წაგება ბოლო 10 მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტამ" "იუტასთან" გასვლაზე 11 ქულით წააგო პირველი მეოთხედი, დიდი შესვენებისთვის მხოლოდ ერთი ქულას აგებდა, მესამე 12-წუთეულში კი გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. ამ მოგების შემდეგ, "ატლანტა" მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა აღმოსავლეთში 36 მოგებითა და 28 წაგებით. "იუტას" კი არ დაუკარგავს პლეი ოფში მოხვედრს შანსი, თუმცა ამ წაგების შემდეგ, ის მერვე ადგილთან ორი მოგებით აგებს.

გამოცოცხლება ეტყობა "ლეიკერსს". "გოლდენ სტეიტის" განადგურების შემდეგ, კალიფორნიელებმა კობი ბრაიანტის გარეშე შინ მოუგეს "ორლანდოს". გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელშიც მასპინძლები 13 ქულით გაიქცნენ.

"მეომრებს" ხაზი გადაუსვეს
ლეგენდარულ კალათბურთელს ჩარლზ ბარკლის, რომელიც ტელევიზიაში ანალიტიკოსად მუშაობს, არ სჯერა, რომ წლევანდელ სეზონში "გოლდენ სტეიტი" მოახერხებს ზედიზედ მეორედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

"მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. იმას, რასაც აკეთებენ, ძალიან კარგია NBA-სთვის. მაგრამ მე ღიად ვამბობ: ისინი წელს ჩემპიონატს ვერ მოიგებენ", - განაცხადა ბარკლიმ CBS-ის ტელეშოუში.

ტორონტო-ბრუკლინი 104:99
28:23, 14:35, 36:22, 26:19
ტ: დეროზანი (25), ლოური (23+9 პასი), როსი (11), პატერსონი (11), ვალანჩუნასი (10), ბიიომბო (6+10 მოხსნა).
ბ: ლოპესი (35+7 დაფარება), იანგი (14), ბოგდანოვიჩი (12), რიდი (10).

მინესოტა-სან ანტონიო 91:116
24:27, 23:32, 21:34, 23:23
მ: უიგინსი (23+8 მოხსნა), თაუნსი (19+9 მოხსნა), ლავინი (15), მუჰამადი (11), ჯონსი (10+6 პასი).
ს-ა: ოლდრიჯი (29+7 მოხსნა+4 დაფარება), უესტი (18), ლეონარდი (15), მილერი (13).

დენვერი-ნიუ იორკი 110:94
31:25, 29:24, 22:19, 28:26
დ: ფარიდი (24+10 მოხსნა), იოკიჩი (20+9 მოხსნა), ჰარისი (16), მუდიაი (15+7 მოხსნა), ოგასტინი (10+6 პასი), არტური (10).
ნ-ი: ენტონი (30+7 მოხსნა), უილიამსი (15), ო’ქუინი (10).

იუტა-ატლანტა 84:91
27:16, 15:25, 15:25, 27:25
ი: ჰეივორდი (22), ჰუდი (16), ფეივორსი (16+8 მოხსნა), გობერი (6+15 მოხსნა).
ა: ტიგი (24+6 პასი), მილსეპი (18+9 მოხსნა), ჰორფორდი (11+7 მოხსნა).

პორტლენდი-ვაშინგტონი 116:109 (ო)
29:22, 25:33, 31:26, 19:23, 12:5
პ: ლილარდი (41+11 პასი), მაკალუმი (18), ჰენდერსონი (12+7 მოხსნა), ლეონარდი (10), დევისი (9+15 მოხსნა).
ვ: სეშენსი (21), უოლი (20+11 პასი), გორტატი (19+10 მოხსნა), დადლი (16), ნენე (10).

ლეიკერსი-ორლანდო 107:98
20:26, 25:25, 39:26, 23:21
ლ: რასელი (27), კლარკსონი (24), რენდლი (23+11 მოხსნა), ნენე (8+10 მოხსნა).
ო: ოლადიპო (26), ფურნიე (23), სმიტი (10), უოტსონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული