ერთნი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭითა და მიღწევებით, მეორენი კი უაპელაციოდ ადანაშაულებდნენ მას ზედმეტ ინდივიდუალიზმსა და საკუთარი თავის სიყვარულში. მაგრამ ამ ემოციებისა და მოსაზრებების გარდა, არსებობს მთელი რიგი ობიექტური მაჩვენებლები: MVP-ის ტიტული, საუკეთესო დებიუტანტის პრიზი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ოთხი ჯილდო, "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" 11 მიწვევა, პლეი ოფის ფინალში გასვლა და 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი...
ახლა, ამ სიას დიდების დარბაზის წევრობა დაემატა. მიუხედავად აივერსონის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ამ გადაწყვეტილების
"ვაღმერთებდი ალენის თამაშის ყურებას. გასაოცარი იყო ის, თუ როგორ შეცვალა მან კალათბურთი", - აღიარებს სტივ კერი.
"ყველაზე დაბალი MVP ლიგის ისტორიაში. არ მესმის, რა საჭიროა ამ გადაწყვეტილების სისწორეზე მსჯელობა", - ამტკიცებს კევინ დურანტი.
"როცა დრაფტის მეორე რაუნდში ამირჩიეს, არ ვიცოდი რა ადგილი მერგებოდა NBA-ში. მაგრამ აივერსონი ჩემს გვერდით იყო და მიმეორებდა: სნაიპერებმა უნდა ისროლონ", - იხსენებს კაილ კორვერი.
"მან შეცვალა არა მხოლოდ თამაში, არამედ ლიგის კულტურა. ალენის შემდეგ, დაბალმა კალათბურთელებმა ირწმუნეს, რომ ბევრი შეუძლიათ", - დარწმუნებულია პოლ პირსი.
"კროსოვერები, ტატუები, ნაწნავები, თავზე სახვევი - ეს ყველაფერი NBA-ში ალენის წყალობით შემოვიდა. მასში შერწყმული იყო კალათბურთელი და ჰიპ-ჰოპი", - აღფრთოვანებულია დემიენ ლილარდი.
ხოლო, 40 წლის ალენ აივერსონი, ამასობაში, უფრო ბრძენი გამხდარა...
- ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში?
- ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ნიჭი მქონდა, მაგრამ მინდოდა ნებისმიერს დავმგვანებოდი. ისეთი ნახტომი მქონოდა, როგორიც მაიკლ ჯორდანს ჰქონდა, ისეთი პასები დამერიგებინა, როგორც ამას მეჯიქ ჯონსონი აკეთებდა, აიზია ტომასივით სწრაფი ვყოფილიყავი, მომეხსნა ბურთი ჩარლზ ბარკლივით და მესროლა ლარი ბერდივით. ჩემი მიზანი ყველაფრის შესწავლა იყო.
და ყველა ამ მოთამაშისგან რაღაც გადავიღე. ყველაფერი საუკეთესო ჩავრთე ჩემს არსენალში. და ეს გააკეთა 183 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელმა. ამიტომაც მხედავთ დიდების დარბაზში.
- რა მიგაჩნიათ კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებად?
- არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩემს ყველაზე სერიოზულ მიღწევად დრაფტზე არჩევას მივიჩნევ. და არ აქვს მნიშვნელობა, იქ პირველ ნომრად ამირჩიეს თუ მეასედ. მაგრამ ამაში წვლილი მიმიძღვის არა მხოლოდ მე, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და ვუყვარდი მთელი კარიერის განმავლობაში - ჩავარდნებისა და ტრიუმფის, გაკიცხვისა და აღფრთოვანების მომენტებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა იმის მიუხედავად, რას ლაპარაკობდნენ ჩემზე. და მაშინაც არ შეუქცევიათ ზურგი, როცა მართალი არ ვიყავი.
- რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული NBA-ში?
- რთულია იყო ლიდერი და საყოველთაო ყურადღების ობიექტი ასეთ ახალგაზრდა ასაკში. რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი NBA-ში კალათბურთის ყველა ნიუანსი, არადა, უკვე მაშინ მეკისრებოდა პასუხისმგებლობა გუნდის შედეგებზე. არ არის იოლი ყველა მატჩში წინ გაუძღვე სხვა მოთამაშეებს და სანახაობა შექმნა მაყურებლებისთვის, რომელთა ნაწილი, შესაძლოა, მომდევნო მატჩში აღარც მოვიდეს შენს სანახავად. მე არ მქონდა ამოსუნთქვის უფლება. პარტნიორები, მწვრთნელები და გულშემატკივრები ჩემგან ბევრს ელოდნენ. რთული იყო, მაგრამ საინტერესოა ასეთი გამოწვევის მიღება.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკის მიმართ?
- ახალგაზრდობაში ვცდილობი ყველას გული მომეგო. მაგრამ, ხანდახან, გაზეთებში ჩემს შესახებ ვკითხულობდი, შემდეგ საკუთარ ოთახში ვიკეტებოდი, თავს ჩავქინდრავდი და ვტიროდი. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს თავს ვუთხარი: "ალენ, ვიღაცეებს, უბრალოდ, არ უყვარხარ. რაც არ უნდა თქვა ან გააკეთო, მათ ეს არ მოეწონებათ. ასეა მოწყობილი სამყარო". და ამას უნდა შეეგუო.
მომიწია გავმხდარიყავი სქელკანიანი. გარდა ამისა, უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებს დავუთმე, რომლებიც მეუბნებოდნენ: "ალენ, ჩვენ მოგვწონხარ". რატომ უნდა დახარჯო დრო იმათზე, ვინც ვერ გიტანს და არაფრის დიდებით არ შეიცვლიან შენს მიმართ დამოკიდებულებას?
და ახლა, როცა განვლილ წლებს ვუყურებ, ვხვდები, რომ არ შეიძლება გულთან ახლოს მიიტანო იმათი სიტყვები, ვინც შენს წინააღმდეგაა. საკუთარი თავი უნდა მიუძღვნა ოჯახს, ბავშვებს და ნამდვილ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემთან იქნებიან.
- როდის მიხვდით, რომ კალათბურთისთვის თავი უნდა დაგენებებინათ?
- როცა ნახტომის შემდეგ ფარს ხელი ვეღარ მივადე. ეს სიმართლეა. ვუთხარი ჩემს თავს: "ფარსაც ვეღარ წვდები. დროა, დაამთავრო".
- სხვადასხვა გუნდში გითამაშიათ. სად არიან საუკეთესო გულშემატკივრები?
- რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველაზე ემოციური და ერთგული გულშემატკივრები - ფილადელფიაში არიან.
- რა გრძნობა გეუფლებათ 2001 წლის გახსენებისას, როცა "სიქსერზმა" ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ "ლეიკერსთან" წააგო?
- მე ვამაყობ ყველა იმ ბიჭით, ვინც ჩემთან ერთად მიაღწია ამ წარმატებას. ვიცოდით, რომ ყველა შეხვედრაში მოედანზე მთლიანად ვიხარჯებოდით. ამიტომაც, გადავიტანეთ ის წაგება. მოგვიგო უფრო ძლიერმა გუნდმა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. "სიქსერზი" იმ სერიას ტრავმირებული, გათელილი და გამოფიტული შეხვდა, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ.
- რის გამო გიყვართ ყველაზე მეტად 2001 წლის "ფილადელფია"?
- იმის გამო, რომ ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გავიხედავდი, ყოველთვის ამ ბიჭებს ვხედავდი. ტრავმებით დატანჯულები, მაინც ჩემს გვერდით იდგნენ. ყველაფრისთვის მზად იყვნენ და ამიტომაც, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ თავადაც შეუძლებელს შევძლებდი.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დიდების დარბაზში არჩევა?
- სათამაშო კარიერის დროს, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ დიდების დარბაზში მოხვედრის კანდიდატი ვიყავი. მხოლოდ იმისკენ ვისწრაფვოდი, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი, სრულად გამომევლინა საკუთარი პოტენციალი და დამემსახურებინა MVP-ის ტიტული.
კალათბურთის შემდეგ ცხოვრებაზე არც კი ვფიქრობდი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდოდა დიდების დარბაზში მოხვედრა, რადგან მუდმივად თამაშზე ვოცნებობდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ, ახლა მინდა ვთქვა, რომ შეუძლებელია მარტო მწვერვალზე ასვლა. ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერაა საჭირო.
- და ვინ არიან ისინი?
- პირველ რიგში, პარტნიორები და მწვრთნელები. ისინი იგონებენ შენთვის კომბინაციებს და აყენებენ ბლოკს. გარდა ამისა, მაყურებელი გმუხტავს ენერგიით, მხარს გიჭერს, ოჯახი კი გაძლევს შესაძლებლობას - ძალები აღიდგინო. შენი მეორე ნახევარი ყოველთვის შენს გვერდითაა, როცა ტკივილს ებრძვი.
ის ამბობს: "ვიცი, რომ დღეს თამაში არ შეგიძლია". შენ კი პასუხობ: "გავალ მოედანზე, რადგან მეტოქეებს თვალებში უნდა ჩავხედო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"