ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?

AutoSharing Option
ჯა მორანტი ლიგაზე, გაპიარებულებზე, ზედმეტად განდიდებულებსა და ვითომ გამთამაშებლებზე მაღლა დგას. ამ ფოტოზე სიყვარულზე მაღლაც დგას. ჯას არ აქვს გენიალური ან დიდი პრესა, რაკურსი ზაიონ უილიამსონისკენაა და მე ვფიქრობ, ამ საკალათბურთო ზაიონის ("ზაიონი" - ქრისტიანულ მოძღვრებაში სამოთხეს ნიშნავს) საუკეთესო ახალწვეული ჯა მორანტია, უალტერნატივოდ და ულაპარაკოდ...

ჯამ ბევრი ითამაშა, ბევრი ისროლა და ბევრიც ააცილა, თუმცა ბევრჯერ ისეთი გაისროლა, რომ ყველაზე სწრაფმა და დიდებულმა მრბოლელებმაც კი ვერ შეძლეს აცილება. ერთ-ერთი მსხვერპლი თქვენ წინაშეა - "გამქრალი სიყვარული". ბანალური სახელწოდებაა, უკეთესს მოვიფიქრებდი, ეს მომენტი
ფარის გაქრობითაც რომ დამთავრებულიყო. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჯა დარბის, სცდება დამცველებს, ელასტიკური სხეული აქვს და ესთეტიკურია ყველა მისი მოძრაობა, ყოველი მისი გადაადგილება. ლამაზად ასრულებს, ლამაზი "ქილერია" (მკვლელია). მისი კრიმინალი სანახაობრივია და არ ექვემდებარება დასჯას. ჯას სანახაობა არალეგალურია და ყველა ვერ ბედავს მისთვის გემოს გასინჯვას. ამიტომ უყურებენ ლეგალურ ზაიონ უილიამსონს და მის ცხოველურ ჩატენვებს, გადაადგილებებს. გარე მხრიდან დასტალკვაა საჭირო. ალბათ, გემოვნების საკითხია, თუმცა გემოვნების მიღმაც, ობიექტური მხრიდანაც, ჯას უფრო მაღლა ვხედავ. მაგრამ არ შეცდეთ, ზაიონი ახალი საკალათბურთო ჟანრის წარმომადგენელია, რომელიც დროს საკმაოდ უსწრებს. ვფიქრობ, მალე დადგება პერიოდი (თუ უკვე არ დგას), როდესაც არც ერთ ოთხ ნომერს და, ზოგადად, კალათბურთელს, აღარ დასჭირდება პოსტ-მოძრაობები ან სტატიკურ შეტევაში პროდუქტიულობა. მე მომავლის კალათბურთად არანორმალურ ტემპს, ლამაზ ქაოსს და ამ ქაოსისგან წარმოქმნილ სანახაობას ვხედავ. გემოვნების საკითხია. მე კლასიკური გამთამაშებლებიც მომწონს და სტეფ კარიც... მომავლის საკალათბურთო ჟანრში ზაიონი ფრენას დაიწყებს... მაგრამ ეს ბლოგი მას არ ეხება.
ამ წლის საუკეთესოობაზე საუბარი არც უნდა იყოს. სტაბილურობა, ხანგრძლივობა, მრავალფეროვნება და ლიდერული ხასიათი, ეს სიტყვები ჯა მორანტის მხარეს დევს, სასწორი კი მარტივ და ლოგიკურ პასუხს აჩვენებს. ჯა ფლობს ბურთს და იწყებს ფარფატს, აკურატულ ფარფატს. მას შუძლია, რომ იყოს კარგი, დაბალანსებული, მყარი გუნდის პირველი ოფცია, თუმცა სჭირდება ასევე სტაბილური მეორე ოფცია, აუცილებლად - ახალგაზრდა. ამ მემფის გრიზლისში ვერ ვხედავ დიდ მომავალს. ჯა უნდა დარჩეს, თუმცა სჭირდება უფრო მყარი ნიადაგი. ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და მომხიბვლელი გუნდის შეკრებაა შესაძლებელი ჯას გარშემო. ამ რესურსს ეს პატარა და, ამავდროულად, დიდი ბიჭი დიდი დოზით აჩენს. დამაჯერებელი და სანდო გამთამაშებელი მომავალია. ჯა არ იქნება სუპერპოპულარული, თუმცა ის იტყვის თავის სიტყვას. შესაძლოა, ვერ აივსოს თითები ბეჭდებით, თუმცა დიდ სიყვარულს დაიმსახურებს. სანაცვლოდ, უესთეტიკურეს კალათბურთს და სანახაობას შემოგვთავაზებს...

ვინც ბაზერის ბლოგები იცის, ამჩნევს, რომ ხშირად ვსაუბრობ სანახაობაზე. მე ასე ვუყურებ კალათბურთს. ამიტომ მომწონს კარმელო ენტონი, ალენ აივერსონი, ჯეიმს ჰარდენი, ჯეისონ უილიამსი ("თეთრი შოკოლადი"), რაჟან რონდო, კაირი ირვინგი, რასელ უესტბრუკი, დემიენ ლილარდი და მოთამაშეები, რომლებიც არ დგანან სხვა დიდი ვარსკვლავების დონეზე (კობი, ლებრონი, ჯორდანი, ბერდი, მეჯიქი, კარი), თუმცა ქმნიან ლიგის ხასიათს და გვაძლევენ დიდ სიამოვნებას.
კარმელოს სროლის სტილი, სწრაფი აწევა, ტანის მცირედით გადახრა, მიწაზე დაშვების დროს რამდენიმე ნაბიჯი უკან და ბურთისა და ფარის აკურატული შეხება, + 3 ქულა. კარმელოს ნიუ იორკი ეჭირა!

ალენ აივერსონი - უბეჭდო სილამაზე. ელიტების მკვლელი. ვარსკვლავი გეტოდან!

ჯეიმს ჰარდენი - მისი ზანტი და ჟელიბონის ტიპის გადაადგილება. ყველაზე ტკბილი კანფეტი, რომელსაც დიდი ქარიზმა და შოუს დადგმის უნარი აქვს. ლიგის მოცეკვავე, დამცველთა მუხლების დიდი მტერი. ჰარდენთან მუხლებს უნდა მოუფრთხილდე!

რაჟან რონდო - კლასიკური გამთამაშებელი და პარკეტის გენერალი. არანორმალური პასები, რომელთაც ვეფხვის ინსტინქტების მქონე კალათბურთელებიც კი რთულად ამუღამებენ. ,,კლასიკური გამთამაშებლები" ჩემი ფავორიტი თემაა, კალათბურთის მშვენება ხალხია... ნეში, რონდო, პოლი...

კაირი - ჯადოქარი. უესტბრუკი - ტირანი. ლილარდი - დროის მანქანა. ჯეისონ უილიამსი, უბრალოდ - თეთრი შოკოლადი.

ამ სიას დაემატა ჯა მორანტი ჩემთვის. არ ვიცი, რამდენს მოიგებს, თუმცა გული უკვე მოგებული აქვს. ის და ზევით ჩამოთვლილი კალათბურთელები ლეგენდარულობასა და სიყვარულზე მაღლა დგანან. ჯა ამ ლეგიონის ყველაზე პატარა შამანია...

ვუსურვებ პლეი-ოფში გასვლას!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკას ადგილი არსად არ მონახა ;) ?
goga
10:20 18-08-2020
1

სიახლეები პოპულარული