"კლივლენდის" ანტირეკორდი

AutoSharing Option

პირველ რიგში, "კლივლენდ კავალიერზის" საცოდაობაზე უნდა ვთქვათ. "დეტროიტ პისტონზთან" მარცხის შემდეგ "კავალერების" წაგებათა სერია 26 (!) მატჩამდე ავიდა. სხვათა შორის, ეს არის ამერიკული ფეხბურთის გუნდის - "ტამპა ბეი ბიუკანირსის" ანტი-რეკორდის გამეორება. გამოდის, რომ "კლიპერსთან" მომდევნო მატჩის წაგების შემთხვევაში ბაირონ სკოტის გუნდი სამუდამოდ შევა ისტორიაში - მთელს ჩრდილოამერიკულ სპორტში ყველაზე გრძელი წარუმატებელი სერია ექნება... კომენტარი ზედმეტია.

ახლა კი ნორმალურ გუნდებზე გადავიდეთ. გუშინ ყველაზე საინტერესო შეხვედრა სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართა, რადგან აქ კარლოს ბუზერი და მისი "ჩიკაგო" ჩავიდნენ სათამაშოდ. ბუზერი "იუტას" ექსმოთამაშეა და პირველად

მოუწია ერთ დროს "მშობლიურ" ქალაქში თავისი ყოფილი პარტნიორების წინააღმდეგ თამაში. ბუნებრივია, კარლოსს სოლტ-ლეიკ-სიტში ბევრი უსტვინეს, რაც მის თამაშსა და სტატისტიკურ მონაგარს დაეტყო, მაგრამ თავად "ჩიკაგოს" ამით არაფერი დაკლებია.

როგორც ყოველთვის, "ხარების" შეტევა დერეკ როუზის თამაშზე იყო დამოკიდებული. ამ გამთამაშებლის დუელი დერონ უილიამსთან ამ მატჩის მშვენება გახდა. საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე როუზმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში 86:89 გახადა. ჯერი სლოუნმა ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ მისმა ჩაფიქრებულმა კომბინაციამ არ იმუშავა, რადგან უილიამსის პასი ჩაჭრა კიდევ ერთმა ყოფილმა იუტელმა რონი ბრიუერმა.

მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა "კლიპერსმა". ამჯერად კალიფორნიელებმა "ნიუ იორკს" მოუგეს "მედისონ სკვერ გარდენში". მოულოდნელად პირველ მეოთხედში გაიბრწყინა რუსმა ტიმოფეი მოზგოვმა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა და "ნიქსს" მინიმალური უპირატესობა მოუტანა, მაგრამ მასპინძლებმა ეს სხვაობა ვერ შეინარჩუნეს, რადგან დიდ შესვენებამდე "კლიპერსმა" უბრალოდ "გადაუარა" მეტოქეს.

სტუმრების რიგებში ყველას წაუვიდა სროლა, ყველაზე შედეგიანები კი ბლეიკ გრიფინი და რენდი ფოიე იყვნენ, რომლებმაც 20-ქულიან ზღვარს გაადააბიჯეს. "კლიპერსის" თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე 55 პროცენტს უდრიდა. მატჩის ბოლოს მაიკ დ'ანტონის შეგირდებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, მაგრამ დაცვაში საშინელმა მოქმედებამ ვერ მოიტანა "ნიქსისთვის" გარდატეხა.

ძალიან გაუჭირდა გუშინ "დალასს". პირველ რიგში, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მიზანმა უმტყუნა "კოვბოების" ლიდერსა და მთავარ სნაიპერ დირკ ნოვიცკის, რომელმაც 14-ჯერ ისროლა "საკრამენტოს" ფარის მიმართულებით და მხოლოდ ოთხი ჩააგდო. მაგრამ გერმანელის სუსტ თამაშს ხელი არ შეუშლია "მავერიქსისთვის" ზედიზედ მეათე მოგებაში. მთავარ როლში რეზერვისტები - ჯეისონ ტერი და ხუან ხოსე ბარეა მოგვევლინენ. პირველმა 22 ქულა დააგროვა, მეორე კი მატჩის გმირი გახდა. ბარეამ თავისი 20 ქულიდან 15 მეოთხე მეოთხედში მიითვალა. გადამწყვეტ მომენტებში "კოვბოები" მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ, რასაც ვერ ვიტყვით მასპინძლებზე. 98:100-ზე "მეფეების" რიგებში მეორე ტექნიკური ჯარიმის გამო მოედნიდან დაითხოვეს დემარკუს კაზინსი, ტაირიკ ევანსმა (ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე) კი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მოუმზადებლად ესროლა და ტექსასელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.

მხიარული თამაში იხილა "ნიუ ჯერსის" გულშემატკივარმა. "ნიუ ორლეანთან" დაპირისპირებაში განსაკუთრებით შთამბეჭდავი მატჩის დასკვნითი ნაწილი გამოვიდა. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლუიზიანელი სტუმრები 5 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ჯორდან ფარმარის სამქულიანმა და ვუიაჩიჩისა და ჰემფრიზის მიერ გათამაშებულმა ლამაზმა კომბინაციამ თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში თანაბარი თამაში ერთ-ერთი მეტოქის პირველ შეცდომამდე გაგრძელდა. ყველასთვის გასაკვირად, პირველად კრის პოლს უმტყუნა ნერვებმა, რომელმაც თავისი გუნდის ორქულიანი ჩამორჩენისას ბურთი აუტში გადაუშვა. თუმცა მასპინძლებმაც იგივე საჩუქარი გაუკეთეს "ჰორნეტს". ასე რომ, 103:101-ზე გადამწყვეტი შეტევის უფლება სტუმრებმა მიიღეს. პოლმა სამქულიანის სროლისთვის კარგი პოზიცია შეიქმნა, მაგრამ კალათში თითქმის ჩავარდნილი ბურთი უკან გადმოვარდა.


კლივლენდი-დეტროიტი 94:103
16:25, 27:30, 27:26, 24:22
კ: ჯეიმისონი (22+7 მოხსნა), სეშენსი (20+12 პასი+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჰიქსონი (18+15 მოხსნა), გიბსონი (12).
დ: სტაკი (22), ბინუმი (17+7 პასი), ვილანუევა (13), პრინსი (10+5 მოხსნა).

 

ინდიანა-შარლოტი 104:103
29:28, 29:20, 23:22, 23:33
ი: ჰიბერტი (29+10 მოხსნა), გრეინჯერი (25), კოლისონი (15+5 პასი), მაკრობერტსი (12+9 მოხსნა+7 პასი).
შ: ჯექსონი (27), უოლასი (22+9 მოხსნა+6 პასი), ოგუსტინი (14).


ნიუ ჯერსი-ნიუ ორლეანი 103:101 (ო)
23:27, 23:15, 23:29, 22:20, 12:10
ნ-ჯ: ვუიაჩიჩი (25), ლოპესი (20+7 მოხსნა), მოროუ (15), ჰემფრიზი (14+15 მოხსნა), აუთლო (11).
ნ-ო: უესტი (32+15 მოხსნა+5 პასი), გრინი (19), ბელინელი (17), ჯეკი (12+5 პასი), გრეი (10+11 მოხსნა).


ფილადელფია-ორლანდო 95:99
27:18, 20:31, 22:25, 26:25
ფ: უილიამსი (23), იგუოდალა (21+8 პასი), მიქსი (17+8 მოხსნა), ბრენდი (12+5 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (30+17 მოხსნა), რედიკი (13), ნელსონი (12+8 პასი), ანდერსონი (12+5 მოხსნა), რიჩარდსონი (12).


ვაშინგტონი-მილუოკი 100:85
22:19, 25:18, 30:23, 23:25
ვ: იანგი (26), მაკგი (16+17 მოხსნა), უოლი (15+7 მოხსნა+6 პასი), მარტინი (15), ბლეტჩი (12+8 პასი), ჰიანრიხი (10).
მ: ჯენინგსი (20+5 მოხსნა), სალმონსი (14), ბოგუტი (12+11 მოხსნა), ილიასოვა (10+9 მოხსნა), მაგეტი (10+6 მოხსნა).


ტორონტო-სან ანტონიო 100:111
29:31, 27:29, 28:21, 16:30
ტ: ბარნიანი (29), დეროზანი (25), ბარბოზა (20), ჯონსონი (20+13 მოხსნა), კალდერონი (6+11 პასი+7 მოხსნა).
ს-ა: ბლეირი (28+11 მოხსნა), ჰილი (18+6 პასი+5 მოხსნა), პარკერი (16+8 პასი), დანკანი (16+7 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ჯინობილი (12+9 პასი).


ნიუ იორკი-კლიპერსი 108:116
29:28, 18:30, 31:30, 30:28
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+5 მოხსნა), გალინარი (21+5 მოხსნა), მოზგოვი (18+6 მოხსნა), ფელტონი (17+12 მოხსნა), დუგლასი (12), ჩენდლერი (11).
კ: ფოიე (24), გრიფინი (21+6 მოხსნა), გომესი (18), ჯორდანი (17+8 მოხსნა), დევისი (16+16 პასი), ბლედსოუ (16+8 მოხსნა).


იუტა-ჩიკაგო 86:91
23:21, 18:23, 19:22, 26:25
ი: ჯეფერსონი (26+8 მოხსნა), მილსეპი (20+14 მოხსნა), კირილენკო (13+10 მოხსნა), უილიამსი (11+12 პასი), ბელი (11+5 მოხსნა).
ჩ: როუზი (29+7 პასი), ბუზერი (14+6 მოხსნა).


საკრამენტო-დალასი 100:102
28:20, 19:36, 26:18, 27:28
ს: დალემბერი (20+7 მოხსნა), კაზინსი (19+15 მოხსნა), ჰედი (12).
დ: ტერი (22), ბარეა (20), კიდი (14+8 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (13), ნოვიცკი (10+6 მოხსნა).


გ. სტეიტი-დენვერი 116:114
34:35, 36:33, 30:24, 16:22
გ-ს: ელისი (37+5 პასი), რაიტი (23+11 მოხსნა+8 პასი), უილიამსი (18+6 პასი), ლი (16+12 მოხსნა+6 პასი), კარი (13), ბიედრინში (6+12 მოხსნა).
დ: ენტონი (29), ჰარინგტონი (18+8 მოხსნა), ნენე (17+6 მოხსნა), სმიტი (16+7 მოხსნა+6 პასი), აფლალო (12+6 მოხსნა).








.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული