სლოუნი ჯაზს აღარ დაუკრავს

AutoSharing Option

გუშინ ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტოებმა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელეს. "იუტა ჯაზში" 23-წლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა ლეგენდარული ჯერი სლოუნი. მასთან ერთად გუნდი დატოვა ასისტენტმა ფილ ჯონსონმა, რომელიც სლოუნს მთელი კარიერის განმავლობაში გვერდით ედგა. "ჯაზმენების" ახალ მწვრთნელად ტაირონ კორბინი დაინიშნა, რომელიც აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის კიდევ ერთი ასისტენტი იყო.

68 წლის სლოუნმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია. მან განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა მის გადარწმუნებას, მაგრამ ვეტერანმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება არ შეცვალა იმის მიუხედავად, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მიმდინარე კონტრაქტი 2011-12

წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

სლოუნმა გადადგომა "ჩიკაგო ბულზთან" მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც "ჯაზმენებმა" შინ 86:91 წააგეს. "იუტასთვის" ეს მეათე მარცხი იყო ბოლო 14 შეხვედრაში. რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდს 54 მატჩში 31 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფებდა.

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, სლოუნის გადადგომა "იუტას" ლიდერთან დერონ უილიამსთან კონფლიქტმა გამოიწვია, მაგრამ თავად გამთამაშებელმა უარყო ეს ცნობა. დერონის თქმით, სლოუნი "იუტასთვის" უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თავად უილიამსი და კონფლიქტი სერიოზული რომ ყოფილიყო, მცველი თავად მოითხოვდა კლუბიდან წასვლას.


"იუტას" გენერალური მენეჯერი კევინ ო'კონორი ამბობს, რომ არც სლოუნსა და არც უილიამსს ხელმძღვანელობისთვის ულტიმატუმი არ წაუყენებია. თავად მწვრთნელმა გადადგომის მიზეზად დაღლილობა გამოაცხადა. ამასთან არ დაუზუსტებია, მაინცდამაინც სეზონის შუაში რატომ აიძულა დაღლილობამ გუნდის მიტოვება.

სლოუნი ერთადერთი მწვრთნელია NBA-ის ისტორიაში, ვინც ერთ კლუბთან ერთად ათასზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. საერთოდ, კარიერაში 1221 გამარჯვებით ის მესამეა ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელებს შორის. მასზე წინ დონ ნელსონი (1335) და ლენი უილკენსი (1332) არიან. ამ სპეციალისტის მეთაურობით "იუტამ" ორჯერ ითამაშა ფინალში და ორივეჯერ მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგო ბულზთან" დამარცხდა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული