ვინ იქნება MVP?

AutoSharing Option

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში რთული იქნება უძვირფასესი მოთამაშის გამოვლენა. თუ ლიგის ხელმძღვანელობა იმ პრინციპებით იხელმძღვანელებს, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა, ამ შემთხვევაში დიდი დილემის წინაშე დადგებიან ისინი, ვისაც MVP-ის არჩევა უწევთ. საქმე ისაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში MVP-ის ტიტულს იგებდნენ კონფერენციაში გამარჯვებული გუნდების მოთამაშეები (გამონაკლისია სტივ ნეში 2004-05 წლების სეზონში). აუცილებელი პირობა იყო ღირსეული პირადი სტატისტიკა რამდენიმე სათამაშო კომპონენტში და გუნდის კარგი თამაში. ამიტომაც ბოლო 20 წელია MVP-ის ტიტული არ მოუპოვებია არც ერთ მოთამაშეს, რომლის გუნდიც რეგულარულში ვერ

ახერხებდა თამაშების 50 პროცენტის მოგებას. ამ მიზეზის გამო ამარე სტაუდმაიერის გამორიცხვა აქედანვე შეიძლება.

დღეს NBA-ში ერთი გამორჩეული ლიდერია - "სან ანტონიო სპურსი". აღმოსავლეთში ფინიშის მოახლოებასთან ერთად "ბოსტონი" და "მაიამი" შეენაცვლებიან ერთმანეთს პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბრძოლაში შეიძლება "ჩიკაგოც" ჩაერიოს. აცხადებს თუ არა "სპურსიდან" რომელიმე მოთამაშე MVP-ის ტიტულზე პრეტენზიას? არავინ. მართალია, ჯინობილი წელს მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ისტორია იმაზე ლაპარაკობს, რომ უძვირფასესი მოთამაშე რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებლით უნდა იყოს ლიდერებს შორის. "სან ანტონიო" იდეალურ გუნდურ კალათბურთს თამაშობს და მის რიგებში რთულია ვინმეს გამოყოფა. "ბოსტონი"? აქაც იგივე ხდება: ვერც პოლ პირსი, ვერც რეი ალენი, ვერც კევინ გარნეტი და ვერც რაჟონ რონდო მარტო ვერ ათრევენ გუნდს, ამიტომაც ამ ოთხეულშიც არ უნდა ვეძებოთ მომავალი ტრიუმფატორი.

საბოლოოდ, იმ აზრამდე მივდივართ, რომ ბრძოლა დერეკ როუზს, კევინ დურანტს, ლებრონ ჯეიმსს, დირკ ნოვიცკისა და კობი ბრაიანტს შორის გაიმართება. ამ ხუთეულიდან ყველაზე ნაკლები შანსი დურანტს აქვს, რადგან ბრწყინვალე სნაიპერული თვისებების მიუხედავად, ის ჯერ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის დაცვაში და თამაშის ორგანიზების თვალსაზრისითაც ბევრი აქვს სამუშაო. ნოვიცკისა და ბრაიანტის კანდიდატურები ძალიან არის დამოკიდებული მათი გუნდების გამოსვლაზე. თუ "ლეიკერსი" სეზონის მეორე ნახევარს ისე ითამაშებს, როგორც ეს "ნიქსისა" და "ბოსტონის" წინააღმდეგ გააკეთა, "შავ მამბას" მოულოდნელად შეიძლება გაუჩნდეს MVP-ის ტიტულის კარგი შანსი. იგივე უნდა ითქვას ნოვიცკიზე.

როუზს ამ ჯგუფში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან "ბულზის" გამთამაშებელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ის ბომბარდირებსა და ასისტენტებში ლიდერთა შორისაა. გარდა ამისა, ყველაა იმის მოწმე, რომ წამყვანი კალათბურთელების (ჟოაკიმ ნოა, კარლოს ბუზერი) არყოფნაში დერიკი მარტო მიუძღოდა გუნდს. მაგრამ როუზის კანდიდატურას ერთი დიდი მინუსი აქვს. "ხარები" ამჟამად მესამეზე არიან კონფერენციაში და როგორც ისტორია გვიჩვენებს, MVP-ის პრიზისთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგია. თუმცა, შესაძლოა, ამ სეზონში ტრადიცია დაირღვეს, რადგან როუზის თამაში მართლაც სხვა დონეზე ავიდა, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო. NBA-ის სუპერვარსკვლავებს შორის ის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა. და თუ "ხარები" თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა ავლენ ცხრილში, როუზის შანსები ერთი ორად გაიზრდება.

დღეისთვის აშკარა ფავორიტია ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ მასაც აქვს ერთი ნაკლი. ზედიზედ სამჯერ ეს ჯილდო მხოლოდ ლარი ბერდს, ბილ რასელსა და უილტ ჩემბერლენს მოუგიათ და თითოეულს მესამე პრიზის მოპოვებისას მინიმუმ ერთი საჩემპიონო ბეჭედი ჰქონდა კოლექციაში. ბოლო ორ სეზონში ჩემპიონატის წაგებამ, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს "მეფეს". მიუხედავად ამისა, MVP - ეს არის პრიზი რეგულარულ ჩემპიონატში თამაშისთვის, ამ მომენტში კი სწორედ ჯეიმსია მთავარი პრეტენდენტი.

ერთი რამ მართლაც მისასალმებელია - მიმდინარე სეზონში არჩევანი ისეთი ცხადი არ არის, როგორც გასულ წლებში. ამჯერად ტიტულზე არა ორი-სამი, არამედ ხუთი-ექვსი კალათბურთელი იბრძოლებს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული