"ბოსტონი"-"მაიამი" - 3:0

AutoSharing Option

გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი გამორჩეული შეხვედრა იყო. სათამაშო დღე აღმოსავლეთი კონფერენციის ფავორიტებმა - "ბოსტონმა" და "მაიამიმ" გახსნეს. ორივე გუნდისთვის ამ მატჩს სატურნირო მდგომარეობის გარდა, ფსიქოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა. ცოტა ხნის წინ "სელტიქსმა" საკუთარ მოედანზე წააგო მთავარ მტერთან - "ლეიკერსთან" და ახლა პირდაპირ კონკურენტთან საშინაო მარცხი გულშემატკივრებს ნამდვილად არ ესიამოვნებოდათ. რაც შეეხება "ჰიტს", ის უბრალოდ ვალდებული იყო დაემარცხებინა "ბოსტონი", რადგან წელს ამ გუნდების წინა ორი შეხვედრა "კელტების" სასარგებლოდ დასრულდა. ზედიზედ მესამე მარცხს, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიეყენებინა პატ რაილის ამბიციური გეგმისთვის.

გუშინდელ

მატჩში დაცვა შეტევას ჯობდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთ წუთში მასპინძლებმა მხოლოდ ერთხელ ჩააგდეს თამაშიდან, სტუმრებმა - სამჯერ, მაგრამ მალე რეი ალენი ათამაშდა - სამქულიანების რაოდენობით ახალმა რეკორდსმენმა ერთი შორეული ტყორცნა გამოიყენა, შემდეგ ფარქვეშიდან ჯარიმასთან ერთად ჩააგდო.

"ბოსტონი" შეტევაში პასიურ თამაშს დაცვაში ბრწყინვალე მოქმედებით ანეიტრალებდა და პირველ მეოთხედში "საცოდავი" 15 ქულის ჩაგდების მიუხედავად, შორს არ გაუშვა ლებრონ ჯეიმსი და კომპანია.

მართალია, ტრავმებით დატანჯულ "ბოსტონს" მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, მაგრამ მისმა რეზერვისტებმა მეორე მეოთხედში შესანიშნავად ითამაშეს და ერთი ქულით შეამცირეს ჩამორჩენა.

მესამე მეოთხედში "ბოსტონის" თამაშში ბევრი არაფერი შეცვლილა - ისევ იდეალური დაცვა ვიხილეთ, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მასპინძლებმა მიზანი გაასწორეს და როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ამ მეოთხედში გადაწყდა მატჩის ბედი. დროის ეს მონაკვეთი "კელტებმა" 17 ქულით მოიგეს. თანაც მასპინძლები პროვოკაციებსაც არ ერიდებოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში კევინ გარნეტმა ძალისმიერი ილეთით შეაჩერა მაიკ მილერი, რომელიც მოცელილივით დაეცა მოედანზე. იქვე გარნეტმა ზუსტად ანალოგიური ილეთი მიიღო დუეინ უეიდისგან, მაგრამ მსაჯებმა არასპორტული ჯარიმა გამოუწერეს მაიამელს და გარნეტმა ორი საჯარიმო ჩააგდო. სწორედ აქედან დაიწყო "ბოსტონის" გაქცევა.

და მაინც, ის რაც "მაიამიმ" წინა 36 წუთში ვერ შეძლო, ბოლო მეოთხედში მოახერხა - გაარღვია მეტოქის დაცვა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. კრის ბოშის მონდომებით "ჰიტმა" ორჯერ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა. 83:81-ზე, რაჟონ რონდოს აცილების შემდეგ "მაიამიმ" მატჩის გადარჩენის შანსი მიიღო. სტუმრებმა ტაიმ-აუტი აიღეს და ბოლო ტყორცნის უფლება ლებრონს მიანიჭეს. საფინალო სირენამდე 18 წამი რჩებოდა, მაგრამ "მეფემ" მაშინვე შეტევა გადაწყვიტა - გარღვევა, პოლ პირსის პერსონალური... ლებრონმა პირველი საჯარიმო ააცილა, მეორე გამოიყენა, იქვე კი მასპინძლებმა კინაღამ დაკარგეს ბურთი.

 

საბოლოოდ, 10 წამით ადრე ედი ჰაუსი რეი ალენზე დაჯარიმდა და "ბოსტონმა" გვერდითი ხაზიდან შემოიტანა ბურთი. კიდევ ხუთი წამი დაიკარგა იმაზე, რომ "მაიამის" შეგნებული ჯარიმა აეღო გლენ დევისზე. ამ უკანასკნელმა აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო. "მაიამის" გადარჩენა მხოლოდ სამქულიანს შეეძლო. მილერმა ბოლო ტყორცნა წამით ადრე შეასრულა, მაგრამ ბოსტონის "გარდენი" ნერვულ ოვერტაიმს გადაურჩა.


* * *
საინტერესო დღე ფლორიდაში გაგრძელდა, სადაც არანაკლებ დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი "ორლანდოსა" და მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსს" შორის.

 

კალიფორნიელებისთვის ეს გახლდათ გასვლითი ტურნეს რიგით მეხუთე შეხვედრა. მანამდე კობი ბრაიანტმა და კომპანიამ ერთი მეორის მიყოლებით მოიგო: ნიუ ორლეანში, მემფისში, ბოსტონსა და ნიუ იორკში.

"ლეიკერსი" ამ მატჩშიც ფავორიტი იყო, რადგან ბოლო დროს "ორლანდო" ძალიან არასტაბილურად თამაშობს. მიუხედავადა ამისა, ფილ ჯექსონის გუნდმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს. პირველმა ტაიმმა ფლორიდელების სამქულიანების ფონზე ჩაიარა. სანამ დუაიტ ჰოვარდი ნაადრევად მიღებული პერსონალურების გამო სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მასპინძლების სნაიპერები თავინათ საქმეს აკეთებდნენ. რიჩარდსონი, ანდერსონი, თურქოგლუ, რედიკი - ყველა ასწრებდა თავის გამოჩენას.

"ლეიკერსი" სამი მეოთხედი ახერხებდა შეენარჩუნებინა მცირე ჩამორჩენა და "მეჯიქს" გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. სტუმრების რიგებში კობი ბრაიატის გარდა ენდრიუ ბინუმის გამოყოფა შეიძლება. სტუმართა ცენტრი ღირსეულად ებრძოდა ჰოვარდს და ხშირად უგებდა ორთაბრძოლებს ორივე სამწამიანში. მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც "სუპერმენმა" თქვა. მეორე ტაიმში "ორლანდოს" ლიდერი უბრალოდ არ იმჩნევდა პაუ გასოლის მეურვეობას და ქულას ქულაზე აგროვებდა. ჰოვარდზე აქცენტის გადატანით სტენ ვან განდიმ აშკარად გამოიცნო. მეოთხე მეოთხედში სწორედ "სუპერმენი" გახდა მთავარი მოქმედი პირი. საერთო ჯამში ჰოვარდმა 16-დან 13 ტყორცნა ჩააგდო. ასე რომ, თამაშის ბედი ბოლო მეოთხედის შუაში გადაწყვეტილი იყო.

როგორც ჩანს, "კლივლენდ კავალიერზი" უსიამოვნო სერიების შეწყვეტის სპეციალისტად ჩამოყალიბდა. წინა დღეს "კლიპერსის" ძლევით "კავალერებმა" დაასრულეს 26-მატჩიანი წაგებათა სერია, ახლა კი ბაირონ სკოტის გუნდმა "ვაშინგტონ უიზარდს" გაუწია პატარა სამსახური. საქმე ისაა, რომ დღემდე დედაქალაქურ კლუბს 26 გასვლითი მატჩიდან ყველა წაგებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად "კლივლენდის" გულუხვი მასპინძლობით ისარგებლა და ეს უსიამოვნო სერია შეწყვიტა.

ნიკ იანგისა და მთლიანად სასტარტო ხუთეულის მონდომებით "ვაშინგტონი" უკვე დიდი შესვენებისთვის 22 ქულით იყო წინ, რითაც მეორე ნახევარი უბრალო ფორმალობად გადაიქცა. აღსანიშნავია სტუმრების მაღალი შედეგიანობა - მათ თამაშიდან 54 პროცენტის სიზუსტით ისროლეს.


ბოსტონი-მაიამი 85:82
15:20, 24:23, 35:18, 11:21
ბ: გარნეტი (19+7 მოხსნა), დევისი (16), პერკინსი (15+6 მოხსნა), ალენი (13+5 მოხსნა), რონდო (11+10 მოხსნა+10 პასი), უაფერი (10).
მ: ბოში (24+10 მოხსნა), ჯეიმსი (22+7 მოხსნა+7 პასი), უეიდი (16+5 მოხსნა).


ორლანდო-ლეიკერსი 89:75
25:21, 21:20, 22:19, 22:15
ო: ჰოვარდი (32+13 მოხსნა), რიჩარდსონი (12+6 მოხსნა).
ლ: ბინუმი (17+9 მოხსნა), ბრაიანტი (17+5 პასი), ოდომი (15+8 მოხსნა), პ. გასოლი (11).


კლივლენდი-ვაშინგტონი 100:115
23:35, 23:33, 33:27, 21:20
კ: ჯეიმისონი (21+7 მოხსნა), ჰიქსონი (16+13 მოხსნა), სეშენსი (14+6 პასი), მუნი (12), უილიამსი (10+8 პასი), პარკერი (10+6 მოხსნა).
ვ: იანგი (31), უოლი (19+14 პასი+5 მოხსნა), ბლეტჩი (17+9 მოხსნა+5 პასი), ჰაინრიხი (17+5 პასი), ჰოვარდი (16+5 მოხსნა).


დეტროიტი-პორტლენდი 100:105
21:20, 28:27, 21:27, 30:31
დ: გორდონი (18), მაკგრეიდი (16+5 პასი), ბინუმი (15+5 მოხსნა), პრინსი (14), ვილანუევა (10).
პ: ოლდრიჯი (36), მეტიუზი (26+7 მოხსნა+5 პასი), მილერი (15+12 პასი).


ტორონტო-კლიპერსი 98:93
24:24, 24:24, 30:23, 20:22
ტ: ბარნიანი (27+6 მოხსნა), დეროზანი (17+7 მოხსნა), დევისი (13+14 მოხსნა), ბარბოზა (11), კალდერონი (10+11 პასი), უიმსი (10).
კ: გრიფინი (21+15 მოხსნა), დევისი (20+7 პასი), კუკი (17+6 მოხსნა), გომესი (14+5 მოხსნა).


მემფისი-დენვერი 116:108
31:26, 24:41, 27:23, 34:18
მ: არტური (24+6 მოხსნა), გეი (23+5 მოხსნა), კონლი (17+5 პასი), ალენი (17), გასოლი (15+7 მოხსნა), რენდოლფი (14+16 მოხსნა).
დ: ენტონი (28+5 მოხსნა), სმიტი (14), ნენე (14), ლოუსონი (14), ბილაპსი (13+7 პასი), მარტინი (12+5 მოხსნა).


გ. სტეიტი-ოკლაჰომა 100:94
23:20, 24:23, 27:23, 26:28
გ-ს: ელისი (33+7 პასი), ლი (23+19 მოხსნა), კარი (23+13 პასი), რაიტი (10+7 მოხსნა).
ო: დურანტი (29+5 მოხსნა), უესტბრუკი (21+5 პასი), გრინი (12+5 მოხსნა), კოლისონი (5+10 მოხსნა).

ფინიქსი-საკრამენტო 108:113
32:30, 25:20, 24:28, 27:35
ფ: ნეში (22+18 პასი), გორტატი (20+12 მოხსნა), ფრაი (15+7 მოხსნა), ჰილი (13), დადლი (13).
ს: ევანსი (21+7 პასი), ლენდრი (20+10 მოხსნა), გრინი (19), დალემბერი (18+15 მოხსნა), უდრიხი (12+7 პასი), კასპი (10+7 მოხსნა).

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული