დიდი ტრეიდები: დერიკ როუზი "ნიუ იორკში" წავიდა, ჯეფ ტიგი - "ინდიანაში"

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის დასრულების შემდეგ, ოკეანის გაღმა სატრანსფერო ბაზარი გააქტიურდა. გუშინ, ორი მსხვილი ტრეიდი განხორციელდა.

დასრულდა "ჩიკაგოში" დერიკ როუზის ეპოქა. "ბულზმა" გამთამაშებელი "ნიუ იორკში" გაუშვა. როუზთან ერთად, ჩიკაგოელებმა დათმეს ჯასტინ ჰემილტონი და 2017 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება, სანაცვლოდ კი "ნიქსიდან" მიიღებენ ხოსე კალდერონს, ჯერიან გრანტსა და რობინ ლოპესს.

2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი როუზი გასულ სეზონში 16.4 ქულას, 3.4 მოხსნასა და 4.7 შედეგიან პასს აგროვებდა. ლოპესის სტატისტიკა 10.3 ქულას, 7.3 მოხსნასა და 1.6 დაფარებას უდრიდა.

* * *
ამ გარიგების გარდა, NBA-ში სამმხრივი ტრეიდი განხორციელდა. მთავარი ამ გაცვლაში ის იყო, რომ "ატლანტას" გამთამაშებელი ჯეფ ტიგი "ინდიანა პეისერსში" გადავიდა.

ამ მოთამაშის სანაცვლოდ, "ატლანტამ" "იუტასგან" 2016 წლის დრაფტზე მე-12 ნომრად არჩევის უფლება მიიღო, თავის მხრივ, "იუტას" "ინდიანასგან" ერგო ჯორჯ ჰილი. ამით "ჯაზმენები" გამთამაშებლის პოზიციას გააძლიერებენ.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად "ინდიანამ" იხეირა და ის ტიგთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. გასულ სეზონში ჯეფმა 79 მატჩში საშუალოდ 15.7 ქულა, 2.7 მოხსნა და 5.9 პასი დააგროვა. ჰილის სტატისტიკა უფრო მოკრძალებული იყო - 12.1 ქულა, 4.0 მოხსნა და 3.5 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული