ჭორები მრავლადაა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდებისთვის განკუთვნილი ბოლო დღე ახლოვდება და შესაბამისად, ჟურნალისტები მოვლენათა განვითარების ათასგვარ ვერსიას გვაწვდიან.

რა თქმა უნდა, კვლავაც ყურადღების ცენტრში რჩება "დენვერ ნაგეტსის" ლიდერ კარმელო ენტონის ტრანსფერის საკითხი. "ნიუ ჯერსი ნეტსის" ხელმძღვანელობამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს კარმელოსთვის ბრძოლას, ამიტომაც NBA-ის ვარსკვლავის ხელში ჩაგდებაზე მთავარ პრეტენდენტად ისევ "ნიუ იორკ ნიქსი" რჩება. ამასთან, იზრდება "დენვერის" მხრიდან ამ კლუბის მიმართ მოთხოვნები.

ბოლო ინფორმაციით, "ნაგეტსი" გამთამაშებელ ჩონსი ბილაპსსა და ენტონის სანაცვლოდ  ცენტრ ტიმოფეი მოზგოვს, ფორვარდებს - დანილო გალინარისა და
უილსონ ჩენდლერს, მცველებს - რეიმონდ ფელტონსა და ლენდრი ფილდსს, აგრეთვე 2011 წლის დრაფტზე პირველი რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლებას ითხოვს. ასეთი მოთხოვნები თითქმის შეუძლებელს ხდის ამ ტრეიდის განხორციელებას.


* * *
ამასობაში, "ნიუ ჯერსისა" და "პორტლენდის" ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავენ მსხვილ გაცვლას გამთამაშებლების - დევინ ჰარისისა და ანდრე მილერის მონაწილეობით.
"ნეტსს" სურს ტრეიდში ჩართოს "ბლეიზერსის" ყოფილი ფორვარდი ტრევის აუთლო, იმ დროს, როცა "პორტლენდი" დაინტერესებულია მცველ ენტონი მოროუს შეძენით. მოლაპარაკებისას აგრეთვე ფიგურირებს "ბლეიერსის" ესპანელი მცველის რუდი ფერნანდესის გვარი.


* * *
"ნიუ იორკის" გარდა, "დენვერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს "ჰიუსტონი". თუმცა ამ გუნდის დაინტერესების საბაბი არა კარმელო ენტონი, არამედ ბრაზილიელი ცენტრი ნენე ილარიოა.
ზაფხულში ეს კალათბურთელი "ნაგეტსთან" ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მიიღებს. ადრე Cbssports წერდა ნენეს მიმართ "გოლდენ სტეიტის" დაინტერესების შესახებ.
ამ სეზონში ბრაზილიელი საშუალოდ 15.1 ქულას, 7.2 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.


* * *
ბოლო დროს შედეგიანად მოთამაშე "კლივლენდის" მცველ რაიმონ სეშენსს მთხოვნელთა რიგი დაუდგა. ამიტომაც "კავალერების" ხელმძღვანელობა ამ კალათბურთელის გაცვლის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს. სეშენსის გადაბირებით დაინტერესებული არიან "ატლანტა", "ნიუ იორკი" და "პორტლენდი".
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მცველმა 32 ქულა ჩაუგდო "ლოს ანჯელეს ლეიკერსს".







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული