მეფე ლოს ანჯელესიდან

AutoSharing Option
ლოს ანჯელესში კალათბურთის სამდღიანი ზეიმი "ვარსკვლავური უქმეების" მთავარი მატჩით დასრულდა. "ოლ სტარის" შეხვედრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ორი ვარსკვლავის - კობი ბრაიანტისა და ლებრონ ჯეიმსის მეტოქეობის ფონზე ჩაიარა. არ არის გამორიცხული, ეს კალაბურთელები წლევანდელ ფინალურ სერიაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თუ ეს დუელი ისეთივე სანახაობრივი იქნება, როგორც "ყველა ვარსკვლავის მატჩში", წინ მართლაც დაუვიწყარი სპექტაკლი გველოდება.

ამ დუელში კი გამარჯვებული ბრაიანტი და მისი გუნდი - დასავლეთის ნაკრები გამოვიდა. კობიმ ახალგაზრდობა გაიხსენა - დიდი ხანია ის ასეთი აგრესიული და სწრაფი არ ყოფილა. "ლეიკერსის" ლიდერმა
37 ქულა (თამაშიდან - 14/26) დააგროვა და 14 მოხსნა მიითვალა, მათ შორის ათი მეტოქის ფარზე. ბუნებრივია, საუკეთესო მოთამაშის ტიტული სწორედ მას ერგო. "შავი მამბა" მეოთხედ გახდა "ოლ სტარის" MVP, რითაც ლეგენდარულ ბობ პეტიტს გაუთანაბრდა. "ვარსკვლავების ეს მატჩი - ბოლო იყო ჩემთვის ლოს ანჯელესში, ამიტომაც შევეცადე მაქსიმალურად მომენდომებინა, - განაცხადა ბრაიანტმა. - მინდოდა ჩემი ენერგია პარტნიორებისთვისაც გადამედო და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა".

თავის მხრივ, ლებრონმაც არანაკლებ ბრწყინვალედ ითამაშა - მაიამელმა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში მეორე სამმაგი-დუბლი დააფიქსირა - 29 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. პირველად ასეთი რამ მაიკლ ჯორდანმა გააკეთა შორეულ 1997 წელს.

მატჩის სასტარტო წუთები დაცვაში კარგი თამაშით აღინიშნა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დუეინ უეიდისა და ბრაიანტის დაპირისპირება. შეხვედრის დებიუტში ეს ვარსკვლავები ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ამ მინი-დუელში გამარჯვებული კობი გამოვიდა. ბრაიანტმა პარტნიორებიც აიყოლია და პირველ მეოთხედში დასავლეთის ნაკრებს ათქულიანი უპირატესობა მოუტანა. აღმოსავლეთი კარგა ხანი ვერ მოვიდა გონს და ძლივს მიაღწია 20-ქულიან ზღვარს.

დიდი შესვენებისთვის ლებრონმა და კომპანიამ თამაში გაათანაბრეს, მაგრამ ანგარიშში სხვაობა მაინც ათ ქულაზე მეტი იყო. შესანიშნავად გამოიყურებოდა კრის ბოში. პირველ ტაიმში ექვსიდან ექვსი ბურთის ჩაგდების გარდა, "მაიამის" მძიმე ფორვარდი ასე თუ ისე აკავებდა დასავლეთის რეზერვისტებს, თორემ "მასპინძლების" უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ასე კი დიდი შესვენებისთვის სხვაობა 12 ქულას შეადგენდა.

მეორე ტაიმი ისევე დაიწყო, როგორც პირველი. დასავლეთი ბრაიანტისა და კევინ დურანტის მეთაურობით შანსს არ უტოვებდა მეტოქეს. კულმინაცია გახდა კობის ჩატენვა ლებრონის წინააღმდეგ. ამ დროს ლოს ანჯელესის "სტეიპლს ცენტრი" კინაღამ აფეთქდა. რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ აღმოსავლეთმა უბრალოდ ბრძოლა შეწყვიტა. თანაც უეიდმა მიიღო ტრავმა. გარკვეული ხანი მოთამაშეები მოვალეობის მოხდის მიზნით იყვნენ მოედანზე. რაც არ უნდა იყოს, 17-ქულიანი სხვაობა დაღს ასვამდა შეხვედრის მიმდინარეობას.

მიუხედავად ამისა, ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავდაყირა დადგა. დასავლეთი მოდუნდა და პირველმა ეს ამარე სტაუდმაიერმა შეამჩნია. სწორედ "ნიუ იორკის" ლიდერმა (სხვათა შორის, ამარე "ოლ სტარის" პირველი მონაწილე იყო "ნიქსიდან" პატრიკ იუინგის შემდეგ!) ზედიზედ რამდენიმე ბურთი ჩააგდო, რის შემდეგაც მას ლებრონი წამოეხმარა. "მაიამის" ფორვარდმა დროულად დაიჭირა რითმი და თანდათან დაიწყო სხვაობის შემცირება. საბოლოოდ, ასეთმა აქტიურობამ ჯეიმსს სამმაგი დუბლი მოუტანა.

საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. სანამ აღმოსავლეთის წევრები კობიზე ორმაგ მეურვეობას იყენებდნენ, ბრაიანტს დამხმარეებად დურანტი და პაუ გასოლი მოევლინენ. სწორედ მათმა ორქულიანებმა მოხსნა დაძაბულობა ბოლო წუთზე. მართალია, რეი ალენის სამქულიანით სხვაობა ისევ ორ ქულამდე დავიდა, მაგრამ აღმოსავლეთს ჯარიმების ტაქტიკაზე გადასვლა მოუწია. კრის პოლმა და დურანტმა საჯარიმოს ხაზიდან არ ააცილეს და ნომინალურ სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მოუსპეს.

დასავლეთი-აღმოსავლეთი 148:143
37:27, 39:37, 41:36, 31:43
დ: ბრიანტი (37+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), დურანტი (34), გასოლი (17+7 მოხსნა), უესტბრუკი (12+5 მოხსნა), პოლი (10+7 პასი+5 ჩაჭრა), ენტონი (8+7 მოხსნა), გრიფინი (8+5 მოხსნა+5 პასი), ჯინობილი (7+5 პასი), ნოვიცკი (6+5 მოხსნა), დ. უილიამსი (5+7 პასი), ლავი (2), დანკანი (2).
ა: უეიმსი (29+12 მოხსნა+10 პასი), სტაუდმაიერი (29+6 მოხსნა), ბოში (14+5 მოხსნა), უეიდი (14), ალენი (12), როუზი (11+5 პასი), ჯონსონი (11+3 ჩაჭრა), რონდო (6+8 პასი), პირსი (6), ჰოვარდი (5+7 მოხსნა), გარნეტი (4+5 მოხსნა), ჰორფორდი (2).


ოლ სტარის რეკორდები
დასავლეთის გუნდიდან კობი ბრაიანტმა 37 ქულა დააგროვა, კევინ დურანტმა - 34. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში მეორედ მოხდა, როცა ერთ გუნდში ორმა კალათბურთელმა 30 ქულაზე მეტი დააგროვა. პირველად ასეთ შემთხვევას 1977 წელს ჰქონდა ადგილი, როცა აღმოსავლეთის გუნდის წევრებმა - ჯულიუს ირვინგმა და ბობ მაკადუმ გადალახეს 30-ქულიანი ზღვარი.

* * *
კობი ბრაიანტი გუშინდელი მატჩის MVP გახდა. "ლეიკერსის" ლიდერი ბოლო 44 წლის განმავლობაში მეშვიდე მოთამაშე გახდა, ვინც საკუთარ არენაზე მოიპოვა საუკეთესო მოთამაშის ტიტული. მანამდე ეს შეძლეს: ჯერი უესტმა (1972, Great Western Forum), მაიკლ ჯორდანმა (1988, Chicago Stadium), კარლ მელოუნმა და ჯონ სტოქტონმა (1993, Delta Center), ორჯერ შაკილ ო'ნილმა (2004, STAPLES Center და 2009, US Airways Center).

* * *
ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა და მეორე მოთამაშე გახდა, ვინც "ოლ სტარის" მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა (პირველი იყო მაიკლ ჯორდანი 1997 წელს). ლებრონმა ზედიზედ ექვს მატჩში მინიმუმ 20 ქულა დააგროვა და ეს ყველაზე გრძელი სერიაა ამ შოუს ისტორიაში. მანამდე რეკორდი ოსკარ რობერტსონს ეკუთვნოდა, ვინც ზედიზედ ხუთ მატჩში აგროვებდა მინიმუმ 20 ქულას (1961-65).

* * *
ტიმ დანკანი და კობი ბრაიანტი მეთორმეტედ იყვნენ პარტნიორები "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ესეც ერთგვარი რეკორდია. მანამდე 11-ჯერ გაუწიეს ერთმანეთს პარტნიორობა დოლფ შეიესმა და ბობ კოუზიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული