ვარსკვლავებიც ადამიანები არიან

AutoSharing Option
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ ESPN-ის ვებგვერდზე "ოლ სტარის" მონაწილე 24 კალათბურთელის შესახებ საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც  NBA-ის ვარსკვლავების ცხოვრებისეული ფაქტები და ისტორიებია მოყვანილი.

- კრის პოლის ბაბუა ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა "ნიუ ორლეანის" მომავალი ვარსკვლავი გამთამაშებელი მოედანზე იყო. საყვარელი ბაბუას დაღუპვის დღეს პოლმა მატჩში 61 ქულა დააგროვა - სწორედ ამდენი წელი იცოცხლა ბაბუამისმა.

- კობი ბრაიანტი ბევრ ინტერვიუში ხაზს უსვამს ევროპული ფეხბურთისა და კერძოდ "ბარსელონასადმი" სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა მილანში გაატარა და თავის დროზე "როსონერის" ფანი იყო. კობიმ ზაფხულზე
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სტუმრობაც მოასწრო.

- კარმელო ენტონი დენვერში საპარიკმახეროს მფლობელია, რომელსაც "სტუდია 15" ჰქვია და იქ "დენვერის" ვარსკვლავი ახალგაზრდებისთვის აქციებს მართავს - გარკვეულ დღეებში მათ უფასოდ შეუძლიათ გალამაზება. და კიდევ, ენტონის დაბადების რიცხვი და თვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის დაბადების თარიღს ემთხვევა.

- კევინ დურანტის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად  მაიკლ ბიზლი რჩება, რომელთანაც დურანტი ბავშვობიდან მეგობრობს. ხოლო ბავშვობაში კევინის კერპი ვინს კარტერი იყო.

- კევინ ლავი ტელეარხ "დისნეის"  სერიალ The Suite Life on Deck-ის ერთ-ერთ ეპიზოდში  დუაიტ ჰოვარდთან და დერონ უილიამსთან ერთად გამოჩნდა. მანამდე "მინესოტას" მძიმე ფორვარდს მცირე ტელეგამოცდილება ჰქონდა - სერიალ Entiiurage-ში შეასრულა ეპიზოდური როლი.

- რომ არა კალათბურთი და გარკვეული გარემოებები, "სან ანტონიოს" ლეგენდა ტიმ დანკანი, შესაძლოა, წარმატებული მოცურავე გამხდარიყო. ვირჯინიის კუნძულებზე დაბადებული სპორტსმენი 1992 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლასაც კი აპირებდა, მაგრამ ქარიშხალმა "ჰიუგომ"  კუნძულზე ერთადერთი ყველაზე ნორმალური აუზი დაანგრია, ამიტომაც ტიმი კალათბურთზე გადაერთო.

- მანუ ჯინობილი მაიკლ ჯორდანისა და დიეგო მარადონას დიდი თაყვანისმცემელია, უყვარს ფილმები - "მეექვსე გრძნობა" და "ფორესტ გამპი", ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ მის პირად გვერდებს იხილავთ Twitter-სა და Facebook-ზე.

- რასელ უესტბრუკი კალიფორნიის ქალაქ ლონგ ბიჩიდანაა, სადაც სნუპ დოგი და ნიკოლას ქეიჯი დაიბადნენ. ბავშვობაში ოკლაჰომელი მეჯიქ ჯონსონის ფანი იყო.

- ესპანელი პაუ გასოლი კი ახალგაზრდობაში ექიმობაზე ოცნებობდა და ერთი წელი ბარსელონას უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯშიც კი ისწავლა, მაშინ 18 წლის იყო, მაგრამ კალათბურთმა მის გეგმებს ხაზი გადაუსვა.

- სპორტული ოჯახიდან (დედაც და მამაც პროფესიონალი სპორტსმენები იყვნენ) გამოსული დირკ ნოვიცკი თავისუფალ დროს გიტრაზე და საქსოფონზე დაკვრას აღმერთებს.

- დერონ უილიამსის დევიზია: "ყველაფერი, რაც არ გვკლავს - უფრო ძლიერად გვაქცევს".

- სუპერდებიუტანტმა ბლეიკ გრიფინმა მოიფიქრა, როგორ გამოიყენოს კაცობრიობის საკეთილდღეოდ თავისი ნიჭი. ის ყოველი საკუთარი ჩატენვისთვის 100 დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის.

- მართალია დერიკ როუზი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ათლეტია, მაგრამ მეტსახელად "პუჰი" ჰქვია. ბავშობაში ის ძალიან ჰგავდა მილნის ზღაპრის ცნობილ გმირს და ბებიამაც შვილიშვილს ასეთი სახელი მოუგონა.

- დუეინ უეიდს ყველა Flash-ს ("ანთება", "აფეთქება") ეძახის, მაგრამ ბევრმა არ იცის ამ მეტსახელის წარმოშობის ისტორია. მისი ავტორი ენაკვიმატი შაკილ ო'ნილია. ის  "ქუინის" კომპოზიციას ("ის საუკეთესოა მთელს მსოფლიოში") მღეროდა, რომელიც შესულია ფილმში - Flash Gordon.

- ლებრონ ჯეიმსის შესახებ უამრავი ფაქტისა და ისტორიის მოყვანა შეიძლება, რადგან მისი ყოველი ნაბიჯი აქტიურად შუქდება პრესაში. Twitter-ში ლებრონის პირადი გვერდის გაცნობისას ასეთ ფაქტებს წააწყდებით: პატივს სცემს ენტონი ჰოპკინსს, აღმერთებს ქალაქ ნიუ იორკს, გატაცებულია ამერიკული ფეხბურთით და ა.შ.

- გასულ წელს ამარე სტაუდმაიერმა თავისი ფესვების გამოკვლევა გადაწყვიტა. მანამდე დედამისმა განაცხადა, რომ ისინი წარმოშობით ებრაელები არიან. ამიტომაც ამარე მშობლიური კულტურის გასათავისებლად ისრაელს ეწვია.

- სუპერმენი დუაიტ ჰოვარდი "გოსპელის" ჟანრის დიდი თაყვანისმცემელია, შესაბამისად, ის რელიგიურ მოტივებზე შექმნილი მუსიკის მოსასმენად ეკლესიაში სიამოვნებით დადის.

- რაჟონ რონდოს უყვარს რეპი, განსაკუთრებით T.I. და Jay-Z, პატივს სცემს ჩოგბურთს, გულშემატკივრობს ბეისბოლის გუნდ "რედ სოქსს", აღმერთებს ძილს. მისი საყვარელი კალათბურთელია რაჟონ რონდო.

- სამქულიანების რაოდენობით NBA-ის რეკორდსმენ რეი ალენს ერთგვარი ნერვული აშლილობა აქვს, რაც აკვიატებულ აზრებსა და მოძრაობებში გამოიხატება. მაგალითად, თუ ის იატაკზე ქაღალდის ნაგლეჯს შენიშნავს, აუცილებლად დაიხრება მის ასაღებად.

- პოლ პირსისთვის ბავშვობაში საუკეთესო გასართობი ტელევიზორში "ლეიკერსისა" და "სელტიქსის" მატჩების ყურება იყო. მეტსახელი - "სიმართლე", რა თქმა უნდა, შაკმა მოუგონა.

- კევინ გარნეტი სულაც არ არის გურმანი. თავის საყვარელ კერძებად პიცას, ჰამბურგერსა და შემწვარ კარტოფილს ასახელებს. ძალიან სასარგებლო კვებაა სპორტსმენისთვის!

- კრის ბოშმა "მაიამიში" გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ ფლორიდაში NBA-ის ყველა მატჩის ხილვის საშუალება ექნებოდა. მისი თქმით, ტორონტოში საჭირო არხის მონახვა შეუძლებელი იყო.

- ელ ჰორფორდი დომინიკის რესპუბლიკაში დაიბადა. ამიტომაც მისთვის გართობის საყვარელი სახეობა პლაჟზე ან აუზზე ნებივრობაა. გარდა ამისა, მას ძალიან კარგად შეუძლია მაგიდის ჩოგბურთის თამაში.

- "ატლანტას" კიდევ ერთი კალათბურთელისთვის, ჯო ჯონსონისთვის საუკეთესო გასართობია ბოულინგის თამაში, კინოში სიარული და ამერიკული ფეხბურთი.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული