კრის ბოშმა 17-ჯერ ააცილა

AutoSharing Option
გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა, მაგრამ ორივემ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია კალათბურთის მოყვარულებში. ამ სეზონში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ "ჩიკაგო" და "მაიამი" და "ხარებმა" ამჯერადაც მოუგეს ფავორიტს, რითაც  თავიანთი საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. წინა შემთხვევაში ფლორიდელებმა თავი იმით იმართლეს, რომ ლებრონი ჯეიმსი აკლდათ და თან კრის ბოში ტრავმით თამაშობდა. ამჯერად კი "მაიამის" "დიდი ტრიო" მწყობრში იყო და შესაბამისად, გუნდმა წაგების გამო სხვა რამით უნდა იმართლოს თავი.

სავარაუდოდ, ამ წაგების მთავარი მიზეზი კრის ბოშია, რომელმაც თამაში
დან 18 ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ ერთი (!) ჩააგდო. ბოლო 28 წლის განმავლობაში ეს არის ტყორცნების ყველაზე უარესი რეალიზაცია იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ერთი მატჩის განმავლობაში მინიმუმ 18 ტყორცნა შეასრულეს. საერთოდ ისტორიაში ბოში ამ მაჩვენებლით "საუკეთესო" სამეულში მოხვდა. მასზე უარესად ისროდნენ მაიკ ნიულინი 1972-73 წლების სეზონში (1/22, 4.5%) და ნეიტ ტიორმონდი 1969-70 წლების სეზონში (1/19, 5.3%). მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბოშს არ უნდა დაბრალდეს. დამნაშავენი არიან ისინიც, ვინც მას ჯიუტად ამარაგებდა პასებით და ისინც, ვინც მის წინააღმდეგ იცავდა თავს.

კრის ბოშის წინააღმდეგ კარლოს ბუზერი და ტაჯ გიბსონი მოქმედებდნენ, რომლებსაც ჟოაკიმ ნოა და აშიქიც ეხმარებოდნენ. სხვათა შორის, თურქმა 21 წუთში 11 მოხსნა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა. მოკლედ "ჩიკაგოსთვის" საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ დერიკ როუზმა კინაღამ ყველაფერი გააფუჭა. "ხარების" ლიდერმა ზედმეტად აიღო თამაში თავის თავზე და მეოთხე მეოთხედში დიდი გაჭირვებით მოპოვებული ცხრაქულიანი უპირატესობა ოთხქულიან ჩამორჩენად იქცა. თუმცა დროის ამ მონაკვეთში მარტო როუზი არ სცოდავდა - მისი პარტნიორების თამაშიც მოიშალა. მაგალითად, გიბსონმა 21 წამში მოასწრო ორჯერ მარტივი სიტუაციიდან ბურთის აცილება და ჯეიმსსა და დამპიეზე პერსონალურების აღება. ამ გასაჭირის მიუხედავად, "ჩიკაგოს" დამრიგებელმა ტომ ტიბოდომ ტაიმ-აუტი არ აიღო. როგორც ჩანს, ბოლომდე სჯეროდა თავისი შეგირდების და მათაც არ უმტყუნეს მასწავლებელს.

ჯერ კორვერმა ჩააგდო სამქულიანი, დენგმა საშუალო მანძილიდან გამოიჩინა თავი, ხოლო როუზი ფენომენალური გარღვევითა და ექვსი მეტრიდან ზუსტი ტყორცნით დაეხმარა პარტნიორების გაქცევას. ამ დროის განმავლობაში კი "დიდი ტრიოს" წევრებმა ზედიზედ ხუთი ტყორცნა ააცილეს. საფინალო სირენამდე წუთითა და 6 წამით ადრე "ჩიკაგოს" უპირატესობა ხუთი ქულა იყო - 89:84. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. უეიდმა და ჯეიმსმა იმავე როუზის ორი უშედეგო შეტევის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

"ჩიკაგოს" გამთამაშებელი მაინც გადაურჩა მატჩის ანტიგმირის სტატუსს. მორიგი შეტევისას როუზი დაელოდა, სანამ ნოა მეურვეებს გაიტყუებდა და კუთხეში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დენგი მონახა. მან იდეალური სამქულიანი ჩააგდო. "მაიამის" საპასუხო იერიში ლებრონის არაზუსტი სამქულიანით დასრულდა, მოხსნა როუზს ერგო, მისგან პასი - კორვერს. სტუმრები მასზე დაჯარიმდნენ და ორმა ზუსტმა საჯარიმომ შეხვედრას წერტილი დაუსვა.


* * *
ბოლო ორი დღის განმავლობაში "დენვერმა" და "ბოსტონმა" მნიშვნელოვნად გადაახალისეს შემადგენლობები. სანამ "სელტიქსს" "ოკლაჰომადან" აყვანილი ნენად კრსტიჩი შეუერთება, დოკ რივერსს ცენტრად გლენ დევისის გამოყენება მოუწევს. პერკინსი და სემიჰი გაუშვეს, შაკილ და ჯერმეინ ო'ნილები ტრავმირებულები არიან. "დენვერთან" მატჩში რივერსის განკარგულებაში მხოლოდ ცხრა კალათბურთელი იყო, სათადარიგოთა სკამზე კი ერთადერთი "მაღალი" იჯდა - D-ლიგიდან სასწრაფოდ გამოძახებული 211 სანტიმეტრის სიმაღლის კრის ჯონსონი.

რაც შეეხება "დენვერს", ახალწვეულთაგან სასტარტოში მხოლოდ გალინარი მოხვდა. თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და 7:2 გავიდნენ წინ. "ნაგეტსმა" პირველ ოთხ წუთში მხოლოდ ერთი ბურთის ჩაგდება შეძლო.

მდგომარეობა მეორე მეოთხედში შეიცვალა, როცა რივერსს ლიდერების დასვენება მოუწია. ჯორჯ კარლმაც მეორე შემადგენლობა შეუშვა მოედანზე, მაგრამ ეს სათადარიგო ხუთეული პირველს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა - ფელტონი, სმიტი, ჩენდლერი, ჰარინგტონი, ანდერსენი... ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის ასეთი რეზერვით. მათ ექვსი ქულით მოახერხეს მეორე მეოთხედის მოგება.

მეორე ტაიმის დასაწყისი ძალიან ჰგავდა პირველს - ისევ "ბოსტონმა" იაქტიურა და ისევ რაჟონ რონდოს დახმარებით. მაგრამ პრობლემები არსად გამქრალა - როგორც კი სტუმრების დიდი ოთხეულიდან რომელიმე დასასვენებლად მიდიოდა, "ბოსტონი" მაშინვე თამაშს უკლებდა. ასეთ პირობებში "კელტების" ნაქები დაცვაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

პრობლემები "დენვერსაც" ჰქონდა - მის ახალწვეულებს შეთამაშება აკლდა, რამაც შეტევაში ბევრი შეცდომა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ჯორჯ კარლმა მონახა საჭირო სვლა იმისთვის, რომ ბოლოსკენ გაენადგურებინა დაუძლურებელი მეტოქე. ეს ჩანაფიქრი იყო "მსუბუქი" შემადგენლობა ორი გამთამაშებლით - ლოუსონითა და ფელტონით. ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა რივერსისთვის, რომელმაც საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა. 16:0 - ასეთი იყო "დენვერის" საფინიშო სპურტი. მსგავსი დაცინვა "ბოსტონს" ამ სეზონში ჯერ არ გადაუტანია.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალი "დენვერი" შედგა. ამას გუნდის გულშემატკივარიც ხვდება და მატჩის ბოლოს შემთხვევით არ მოუწყო თავის გუნდს ფეხზე ამდგარმა ხანგრძლივი ოვაცია. შეგახსენებთ, კარმელო ენტონის წასვლის შემდეგ "ნაგეტსს" ორიდან ორი მოგება აქვს.

ჩიკაგო-მაიამი 93:89
23:31, 21:22, 27:14, 22:22
ჩ: როუზი (26+5 მოხსნა+6 პასი), დენგი (20+10 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (16+9 მოხსნა), აშიქი (0+11 მოხსნა).
მ: უეიდი (34+8 მოხსნა), ჯეიმსი (29+10 მოხსნა+5 პასი), ჩელმერსი (12), ბოში (7+9 მოხსნა).

დენვერი-ბოსტონი 89:75
18:23, 19:13, 24:24, 28:15
დ: მარტინი (18+10 მოხსნა), ჩენდლერი (16+5 მოხსნა), აფლალო (13), ნენე (12+10 მოხსნა), სმიტი (12+8 მოხსნა).
ბ: პირსი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გარნეტი (14+13 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (10), უესტი (10).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული